ამბები

17:03 | 17.06.2013 | ნანახია 4614 - ჯერ

იაპონია საქართველოს გაექცა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის თასის პირველი გათამაშების ერთადერთ სარეიტინგო შეხვედრაში ურუგვაის 27:3 აჯობა და მე-16 პოზიცია შეინარჩუნა. ამ მოგებამ “ბორჯღალოსნებს” რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში ვერაფერი შემატა, მაგრამ ფრის, ან მარცხის შემთხვევაში, ორი ადგილით დაქვეითება გვემუქრებოდა და ეს თავიდან ავიცილეთ.

ქართული რაგბის გულშემატკივრებს გასულ კვირაში გამართული სხვა სარეიტინგო მატჩებიდან ყველაზე მეტად იაპონიისა და უელსის ნაკრებების დაპირისპირება აინტერესებდათ. მარცხის შემთხვევაში აზიელები მე-15 ადგილს დაგვითმობდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. მათ “დრაკონები” 23:8 დაამარცხეს და სარეიტინგო მონაგარს ერთბაშად 2 ქულა შემატეს. იაპონელებმა ერთი კვირის წინ უელსთან მცირედი მარცხის მიზეზები კარგად გააანალიზეს და ტაიმი 6:3 მოიგეს. მერე მეტოქისგან ლელო მიიღეს და მდევრის როლში აღმოჩნდნენ, მაგრამ დასკვნით ნახევარ საათში ორი ლელო გაიტანეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს, ბოლოს ჯარიმით 3 ქულა აიღეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მარცხმა უელსს მე-5 პოზიცია დაათმობინა და ეს ადგილი საფრანგეთმა დაიკავა.

არადა, საფრანგეთის ნაკრებისთვის ახალი ზელანდია მეორე ტესტ-მატჩში ძალზედ ძლიერი აღმოჩნდა და “მამლები” 0:30 განადგურდნენ. მიუხედავად ამისა, ამან მათ სარეიტინგო ქულები არ წაართვა და ვერც რეიტინგლიდერმა “ოლ ბლექსმა” შემატა მონაგარს რამე. ზელანდიელებმა სამი ლელო გაიტანეს, სამიგე გარდასახვა გამოიყენეს და კიდევ სამი ჯარიმა მიითვალეს.

სამოამ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე შოტლანდიის შემდეგ იტალია დაჩაგრა - 39:10, 0,98 ქულა მიიღო და მე-7 პოზიციაზე კიდევ უფრო გამაგრდა. კუნძულელები მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯობდნენ და ერთის პასუხად ხუთი ლელო გაიტანეს. ევროპელებმა ის ერთი, საჯარიმო ლელო 70-ე წუთზე მიითვალეს, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. მარცხმა იტალიას რეიტინგში ორი ადგილი დააკარგვინა და ის მე-12 საფეხურამდე დაეშვა.

რეიტინგზე არ აისახა ამ ტურნირის მეორე თამაშის შედეგი, რომელშიც მასპინძელმა სამხრეთ აფრიკამ შოტლანდიას 30:17 აჯობა. სქოთებმა გულიანად იბრძოლეს, დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ და ერთი ხანობა 17:6 დაწინაურდნენ, მაგრამ დასკვნითი 30 წუთი აფრიკელებისა იყო, რომელთაც მსაჯიც წაეშველა და მათაც სამი ლელო გაიტანეს. სამხრეთ აფრიკამ და შოტლანდიამ შესაბამისად მე-2 და მე-11 ადგილები შეინარჩუნეს.

არგენტინულ ტურნეზე “ბორჯღალოსანთა” მომავალ მეტოქესთან მეორე გამარჯვება მოიპოვა ინგლისმა. ამჯერად ბრძოლა შედგა და მასპინძლები გაძალიანდნენ, მაგრამ ევროპელები მაინც უკეთესები იყვნენ - 51:26. გულშემატკივარმა 9 ლელო იხილა, მაგრამ აქედან მხოლოდ ორი იყო მასპინძლების. ინგლისმა ტაიმის მიწურულს ორი საჯარიმო ლელო მიითვალა, ერთი კომბინაციით გაიტანა და მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორედ ამით მოიპოვა, მეორე ნახევარში კი, სხვაობა ნელ-ნელა გაზარდა. შედეგად, ინგლისელები მე-3 ადგილზე მყოფ ავსტრალიას რეიტინგში კიდევ მიუახლოვდნენ, ხოლო არგენტინას ტონგა წამოეწია.

ტონგამ წყნარი ოკეანის თასზე აშს მისსავე მიწაზე 18:9 დაამარცხა და 0,50 სარეიტინგო ქულაც მიიღოთ. სწორედ ამდენით დაშორდა აშს საქართველოს. ჩრდილოამერიკაში ტურნეზე მყოფმა ირლანდიამ, ერთი კვირის წინ აშშ-ს მცირე სხვაობით დამარცხების შემდეგ, კანადას 40:14 აჯობა და სარეიტინგო ქულებიც ჩაიწერა, მაგრამ ამან გუნდების ადგილზე გავლენა არ იქონია.

თუ 22 ივნისს საქართველოს ნაკრები არგენტინას დაამარცხებს, მაშინ 2, ან 3 ქულას მიიღებს (15 ქულაზე მეტი სხვაობით გამარჯვებისთვის), ფრისთვის 1 ქულა ჩაიწერს, მარცხი კი, მის სარეიტინგო მონაგარზე არ აისახება.

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 17 ივნისისთვის

1      (1). ახალი ზელანდია       90,08

2      (2). სამხრეთ აფრიკა       86,94

3      (3). ავსტრალია      86,87

4      (4). ინგლისი 85,76

5      (6). საფრანგეთი     81,59

6      (5). უელსი    81,36

7      (7). სამოა    80,50

8      (8). ირლანდია       79,58

9      (9). არგენტინა       76,67

10    (12). ტონგა   76,17

11    (11). შოტლანდია    76,05

12    (10). იტალია 75,08

13    (13). კანადა  72,40

14    (14). ფიჯი    71,29

15    (15). იაპონია 70,91

16  (16). საქართველო      67,66

17    (17). აშშ      67,14

18    (18). რუმინეთი       66,18

19    (19). რუსეთი 61,99

20   (20). ესპანეთი       60,44

21    (21). ურუგვაი        59,87

22   (22). პორტუგალია  58,82

23   (23). ნამიბია 58,70

24   (24). კორეა  58,10

25   (25). ბელგია 57,52

26   (26). ჩილე    56,85

27   (27). გერმანია       55,96

28   (28). პოლონეთი     54,95

29   (29). ჰონკონგი      54,56

30   (30). მოლდოვა      53,77

31    (31). ზიმბაბვე                52,57

32   ...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.325832