საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მორაგბეთა 7-კაცა გუნდი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატიდან სამი პრიზით დაბრუნდა.
უმთავრესი ის თასია, რომელიც ქართველმა სტუდენტებმა ათივე თამაშის მოგებით მოიპოვეს და რომლის შესახებაც აქამდეც ვწერდით. გარდა ამისა, 10 გატანილი ლელოთი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა გოდერძი ჯოგლიძე, რომელსაც ერთი ლელოთი ჩამორჩნენ ალექსანდრე ხუციშვილი და ერთი ფრანგი მორაგბე, ხოლო საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ ბაჩანა კოლელიშვილი აღიარეს. სხვათა შორის, კოლელიშვილს და ხუციშვილს ფრანგებმა დაადგეს თვალი, მათი კოორდინატები ჩაუნიშნავთ და შესაძლოა, სულ მალე ეს ბიჭები ლეგიონერთა სიაში ჩაეწერონ.
სეუ-ს გუნდი, რომელიც სხვა სასწავლებლების სტუდენტებით იყო გაძლიერებული, თბილისში ორშაბათს დაბრუნდა და დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
თამაზ თევზაძე (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე): “მივულოცავ ბიჭებს ამ დიდ წარმატებას. ძალიან კარგია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში საუნივერსიტეტო სპორტი ასე ვითარდება. 7-კაცა რაგბში ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის მოგება პატარა საქმე არაა, რადგან სპორტის ეს სახეობა უკვე ოლიმპიური გახდა. ამ ბიჭების და ზოგადად რაგბის წარმატებები იმის ფიქრის საშუალებას გვაძლევს, რომ ამ სპორტს მეტი ყურადღება მივაქციოთ. იმედია, სტუდენტთა 7-კაცა ნაკრები ყაზანში გასამართ მსოფლიო უნივერსიადაზეც გვასახელებს”.
ლექსო გუგავა (საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი): “ევროპის ჩემპიონატში 10 გუნდი მონაწილეობდა და მათგან ოთხი სერიოზულ ძალას წარმოადგენდა - ჩვენ, საფრანგეთის სარაგბო ქალაქ პოს უნივერსიტეტის, მოსკოვის საავიაციო უნივერსიტეტისა და პორტუგალის ქალაქ კოიმბრას უნივერსიტეტის გუნდები. ფრანგებს შემადგენლობაში რამდენიმე ელიტის მოთამაშე მოყვდათ, გიორგი ჩხაიძისა და გიორგი ნემსაძის თანაგუნდელები, პორტუგალიელებს - ორი ისეთი მორაგბე, რომლებიც ნაკრების წევრები არიან.
ჩვენს გუნდში თავის გამოჩენის შანსი ისეთ მორაგბეებსაც მიეცათ, რომელთაც აქამდე არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშიათ და მათაც საკუთარი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. მთლიანობაში, გუნდმა აჩვენა დიდი პროფესიონალიზმი, ბიჭებმა თავდადებით იბრძოლეს და შედეგიც სახეზეა. ფინალში ფრანგებთან სამი წუთის შემდეგ 0:17 ვაგებდით, მაგრამ მორაგბეებმა თამაშის შემობრუნება მოახერხეს. ყაზანში ივლისში გასამართ მსოფლიო უნივერსიადაზე, ჩვენი ნაკრების ბირთვი ამ მორაგბეებიდან შეირჩევა, თუმცა, სავარაუდოდ, ცვლილებებიც იქნება”.
გიორგი ჭყოიძე (სეუ-ს კაპიტანი): “მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ტურნირზე გამგზავრების შანსი მოგვცა - საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს და მის რექტორს, საუნივერსიტეტი სპორტის ფედერაციას და სპორტის სამინისტროს. სწორედ მათი დამსახურებაა, ევროპაზე თამაში და მოგება რომ მოვახერხეთ. მადლობა ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა. ყველაზე მეტად ფრანგებთან ფინალურ მატჩში გაგვიჭირდა, მაგრამ გარდატეხის შეტანა მოვახერხეთ და 17-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ 28:17 ვიმარჯვეთ”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია