ამბები

1:10 | 23.06.2013 | ნანახია 6202 - ჯერ

უსახურ მატჩში არგენტინამ იმარჯვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ივნისის ტესტ მატჩში, “ბისენტენიალზე” მასპინძელ არგენტინასთან 18:29 დამარცხდა და სპეციალურად ამ შეხვედრისთვის დაწესებული “ბაკარდის თასიც” მასპინძლებს დაუტოვა.

თამაში მძიმე საყურებელი გამოდგა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მორაგბეებთან ერთად, მატჩის რეფერიც იყო, რომელმაც დაახლოებით 30-ჯერ ჩასტვინა ჯარიმის დასანიშნად და უმეტეს შემთხვევაში “ბორჯღალოსნები” გაამტყუნა. დისციპლინა რომ ჩვენი ტკივილია, კარგად ვიცით, მაგრამ იმ დღეს, მსაჯმა ჯარიმათა მესამედი ნაღდად გამოიგონა და მაქსიმუმი გაიღო მასპინძელთა გამარჯვებისთვის.

არგენტინა ეროვნულის სახელით კი თამაშობდა, მაგრამ რეალურად, მოედანზე მეორე გუნდი ჰყავდა გამოყვანილი. ტერიტორიასა და ბურთის ფლობაში ქართველთა მცირედი უპირატესობა აღინიშნა, მაგრამ ზემონახსენები ჯარიმების გამო, ასევე, რამდენიმე საკუთარი შერკინების დათმობის შედეგად, გამარჯვება არგენტინას დარჩა.

პირველ ტაიმში მარტინ ბუსტოს მოიანოსა და ბექა წიკლაურის დუელი გაიმართა. არგენტინელმა ხუთი ცდიდან სამი ჯარიმა გაიტანა, ქართველმა ოთხიდან ოთხი და ტაიმი “ბორჯღალოსნებმა” 12:9 მოიგეს. რეფერიმ სიტუაცია მე-2 ტაიმის დასაწყისშივე გამოასწორა და მოიანომ, 13 წუთში კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა, რასაც წიკლაურმა არეკნით უპასუხა - 18:15. მოიანომ კიდევ ორი ჯარიმა მიითვალა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ ჯარიმით მატჩს ინტრიგა შეუნარჩუნა. მოსაგებად, ლელო-გარდასახვა ქართველებს სჭირდებოდათ, მაგრამ მეტოქემ მათი შეცდომით ისარგებლა, ტომას ქუბელიმ ლელო გაიტანა და შეხვედრაც 29:18 დასრულდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.126751