საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში მდევარი და დასაწევი გუნდი შეეცვალა. “პუმებთან” 18:29 მარცხის მიუხედავად “ბორჯღალოსნებს” ქულები არ დაუკარგავს და 67,66 ქულით მე-16 საფეხურზე რჩება. ის ამ ადგილს ნოემბრამდე, მომდევნო ტესტ-მატჩების ჩატარების პერიოდამდე შეინარჩუნებს.
ახლა საქართველოს ნაკრებს კვალში ერთა თასის უმთავრესი მეტოქე რუმინეთი უდგას, რომელმაც მე-17 ადგილი აშშ-ს ჩამოართვა. ამერიკელებმა წყნარი ოკეანის თასზე გასულ კვირაში ორი თამაშის წაგება მოასწრეს - ფიჯისთან 10:35 და იაპონიასთან 20:38, რამაც მათ ჯამში 1,1 ქულა და ერთი ადგილი დააკარგვინა. ამ ტურნირში ამერიკელებმა ოთხივე თამაში წააგეს და ბოლო ადგილი დაიკავეს, გამარჯვებული კი, ფიჯი გახდა.
რეიტინგში მე-15 ადგილამდე კანადა დაქვეითდა, რომელსაც იაპონიამ 16:13 აჯობა. იაპონელებმა მერე აშშ-ც დაამარცხეს და რეიტინგში მე-14 საფეხურამდე დაწინაურდნენ. ახლა საქართველოს ნაკრები კანადას თითქმით 4 სარეიტინგო ქულით ჩამორჩება. კანადელთა ორი ადგილით დაქვეითება ფიჯის წარმატებამ გამოიწვია, რომელმაც ამ კვირაში აშშ-ს შემდეგ ტონგა 34:21 დაამარცხა და წყნარი ოკეანის თასი მოიგო.
რეიტინგზე გავლენა იქონია შაბათს გამართული ტესტ-მატჩების შედეგებმა. შოტლანდიამ სამხრეთ აფრიკის ოთხთა ტურნირზე სასწაული ჩაიდინა. იტალიასთან გამართულ მატჩში, ისინი ბოლო წუთისთვის 6 ქულით აგებდნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სქოთთა შერკინებამ სასწაული ჩაიდინა, მეტოქისა დაჯაბნა და ლელოს შემდეგ ზუსტი გარდასახვით 30:29 იმარჯვა. ამან შოტლანდიელებს ტონგასა და არგენტინის ჩამოტოვების საშუალება მისცა და მე-9 ადგილამდე დაწინაურდა.
შაბათის ტესტებზე სამხრეთ აფრიკამ სამოა 56:23 დაამარცხა და მცირე რაოდენობით სარეიტინგო ქულებიც მიიღო, მაგრამ ამან გუნდების პოზიციები უცვლელი დატოვა. საფრანგეთი ახალ ზელანდიას მესამე მატჩში შეეწინააღმდეგა, თუმცა 9:24 დამარცხდა და გუნდები უქულოდ დარჩნენ. შაბათს გაიმართა ავსტრალიისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სერიის პირველი შეხვედრაც, რომელიც რეიტინგზე არ მოქმედებდა. ავსტრალიელებმა ბოლო წუთებზე ორი გასატანი ჯარიმიდან ერთიც ვერ გამოიყენეს და 21:23 დამარცხდნენ. ამ გუნდების მეორე მატჩი 29 ივნისს გაიმართება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 24 ივნისისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 90,08
2 (2). სამხრეთ აფრიკა 87,03
3 (3). ავსტრალია 86,87
4 (4). ინგლისი 85,76
5 (5). საფრანგეთი 81,59
6 (6). უელსი 81,36
7 (7). სამოა 80,42
8 (8). ირლანდია 79,58
9 (11). შოტლანდია 76,95
10 (9). არგენტინა 76,67
11 (10). ტონგა 74,77
12 (12). იტალია 74,17
13 (14). ფიჯი 73,56
14 (15). იაპონია 71,98
15 (13). კანადა 71,55
16 (16). საქართველო 67,66
17 (18). რუმინეთი 66,18
18 (17). აშშ 66,04
19 (19). რუსეთი 61,99
20 (20). ესპანეთი 60,44
21 (21). ურუგვაი 59,87
22 (22). პორტუგალია 58,82
23 (23). ნამიბია 58,70
24 (24). კორეა 58,10
25 (25). ბელგია 57,52
26 (26). ჩილე 56,85
27 (27). გერმანია 55,96
28 (28). პოლონეთი 54,95
29 (29). ჰონკონგი 54,56
30 (30). მოლდოვა 53,77
31 (31). ზიმბაბვე 52,57
32 ...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია