თბილისის “არმიას” შერკინების 21 წლის მესამეხაზელი ხვიჩა ბუჯიაშვილი კარიერას საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონ Pro D2-ის “ალბიში” გააგრძელებს. იქ მას დახვდებიან ქართველი ლეგიონერები და იმედია, მისი კარიერაც წარმატებული იქნება.
“მსოფლიო სპორტი” ბუჯიაშვილს წასვლამდე დაუკავშირდა და უწინარესად რაგბთან მისი კავშირით დაინტერესდა.
ხვიჩა ბუჯიაშვილი: - დაახლიებით 13-14 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მეზობელმა ბიძინა სამხარაძემ რაგბზე მისვლა მირჩია. მსუქანი ბავშვი ვიყავი, მანამდე სპორტზე ვერ დავდიოდი და მეც ამ რჩევას დავეთანხმე. თამაში “ივერიაში” დავიწყე და თავიდანვე მოვიხიბლე. საოცრად მეგობრული სიტუაცია იყო, ასეთი შეკრული სპორტი მე არ მინახია. ბიჭებთან მომენტალურად დავმეგობრდი და ეს იყო უმთავრესი. სხვაზე აღარაფერზე ვფიქრობდი.
- მერე იყო “ლოკომოტივი”...
- “ივერია” რომ იშლებოდა, გადავედი “ლოკომოტივში” და იქ 1 სეზონი გავატარე, თუმცა, თამაში თითქმის არ მიწევდა. იქაც და მერე “არმიაშიც”, გარკვეული პერიოდი მეორე ხაზში მიწევდა თამაში, მერე კი, 8 ნომერზე გადავედი და რაგბით სიამოვნების მიღებაც დავიწყე.
- ამ პერიოდში ახალგაზრდულ ნაკრებებშიც იყავით...
- დიახ, თითქმის ყველა ასაკონრივი ნაკრები გავიარე და თბილისში 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფაზეც ვიყავი 30-კაციან განაცხადში, მაგრამ მხოლოდ ერთ თამაშში მივიღე მონაწილეობა. კუნთი გავიწყვიტე და შემადგენლობაში ამის გამო ვერ მოვხვდი. ვიყავი ეროვნული გუნდის შეკრებაზეც, მაგრამ თამაში არ მომიწია.
- მორაგბედ “არმიაში” ჩამოყალიბდით...
- დიახ, მანამდე თამაში თითქმის არსად მიწევდა, მაგრამ “არმიაში” მენდნენ. კარგი შეკრების შემდეგ, სანამ ბესო უდესიანი იყო ჩვენთან, მეორე ხაზში ვთამაშობდი, მერე კი, მესამე ხაზში გადავინაცვლე და რაგბის სიტკბოც მაშინ შევიგრძენი. პირველივე წელს უდიდესი გამოცდილება მივიღე და გავხდი ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი. პირველად შევიგრძენი მედლის სიტკბო და მაგრად გავიხარე.
- “არმიაში” კარგი პირობები გქონდათ და რატომ გადაწყვიტეთ გუნდის გამოცვლა?
- საქართველოს და საფრანგეთს ერთმანეთს ვერ შეადარებ და მეც შანსი რომ გამიჩნდა, უფრო პროფესიონალად ჩამოყალიბების მიზნით, პრაქტიკულად არც დავფიქრებულვარ. აქ განვითარების შანსი თითქმის არ მქონდა, ქვეყნის ჩემპიონიც უკვე ვიყავი და ვფიქრობ, წასვლაც დროული იყო.
- “ალბის” ვარიანტი როგორ გამოჩნდა?
- გაგზავნილი მქონდა ჩემი თამაშების ვიდეოჩანაწერები და გია ლაბაძე დამიკავშირდა, რომელიც ადგილზე ეძებდა ჩემთვის კლუბს. მანამდე იყო ინგლისში წასვლის ვარიანტები, მაგრამ უფრო 13-კაცა რაგბში, რაც მე არ მხიბლავდა და არც მთლად კონკრეტული წინადადებები იყო.
- “ალბიში” რა პირობებზე მიდიხართ?
- უახლოეს დღეებში ვიზას ველოდები და ესპუარების კონტრაქტით ერთი წლით ამ გუნდში მივდივარ. თუ მოვეწონე, იქვე დავრჩები, თუ არა და, ვფიქრობ, იქიდან უფრო მეტი შანსი მექნება სხვა ფრანგული კლუბის მოძებნისა. მექნება ბინა, ყველანაირი პირობა სავარჯიშოდ და განვითარებისთვის და მცირედი ანაზღაურებაც.
- მზად ხართ ფრანგული რაგბის ალღოს ასაღებად?
- ახლაც ვვარჯიშობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ენის პრობლემა შემექმნება. უნდა შევეჩვიო. მაქსიმუმს გავიღებ, რათა იქაური რაგბის ტემპსაც მალევე ავყვე და დანარჩენს საქმე გვიჩვენებს. იმედია, იქაური ქართველებიც დამეხმარებიან და ყველაფერი კარგად იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია