ამბები

17:54 | 28.06.2013 | ნანახია 3408 - ჯერ

ამერიკამ ლელო-გარდასახვით გვაჯობა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველ მატჩში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ერთი ლელო-გარდასახვით ჩამორჩა.

საქართველოს ნაკრებმა “ლუჟნიკიზე” გამართული შეხვედრა ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ზურაბ ძნელაძე, გიორგი ჯიმშელაძე, ვიტო კოლელიშვილი, ბიძინა სამხარაძე, მერაბ კვირიკაშვილი, მერაბ შარიქაძე, ირაკლი გეგენავა. შეცვლაზე შევიდნენ შავლეგ მახარაშვილი (პირველივე ტაიმში), რევაზ გიგაური, ალექსანდრე თოდუა, გიორგი ფრუიძე და ბახვა კობახიძე.

პირველ ტაიმში გუნდი არეული ჩანდა და ამერიკელებმა სწორედ ამ პერიოდში აიღეს ქულები. ანგარიში მე-40 წამზე გაიხსნა და ცენტრში გატანილ ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. აშშ ამის შემდეგაც გვიტევდა და მეორე ლელოსაც გაიტანდა, მაგრამ ზურაბ ძნელაძემ იყოჩაღა, ბოლო მომენტში მეტოქეს ხელი წაკრა და სანამ ის ალამთან ბურთს დაამიწებდა, გვერდით ხაზს ფეხი დააბიჯა. საქართველოს ნაკრებს სიტუაციის განმუხტვა მაინც გაუჭირდა, მაგრამ მერე საკუთარი ჩათვლის მოედნის ხაზიდან წამოიწყო შეტევა, მერაბ კვირიკაშვილმა ხაზი გაჭრა, ის ბოლო მცველმა შებოჭა, მაგრამ მერაბ შარიქაძე კარგად მიყვა და ძელებსშუა გატანილ ლელოს გიორგი ჯიმშელაძის ზუსტი გარდასახვა მოყვა - 7:7.

მერე ქართველებმა ფლანგზე დაზღვევაზე თამაში დააგვიანეს და ლელო ძელებსშუა მიიღეს. განახლდა თამაში თუ არა ბურთს ისევ მეტოქე დაეუფლა, გეგენავამ და კვირიკაშვილმა მოიერიშე ვერ წააქციეს და მანაც ჭიდილში ჩათვლის მოედნამდე დარჩენილი 15 მეტრი დაფარა. შესვენებამდე გეგენავამ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო მეტოქის წაქცევა, მეოთხე ლელო მივიღეთ და ტაიმი 7:26 დავთმეთ.

საქართველომ მეორე ტაიმში ხასიათი გამოვლინა და მეტოქეს ქულა აღარ ააღებინა, თავად კი, ორი ლელო გაიტანა. პირველად თამაშის განახლებიდან 2:44 წუთი იყო გასული, როდესაც ქართველებმა საკუთარი ნახევრიდან ოფლოუდებით უტიეს, დაახლოებით 70 მეტრი დაფარეს და შავლეგ მახარაშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა თავადვე გააცუდა. მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც ძნელაძეს გააჭრევინეს ხაზი, მაგრამ მან მარჯვენა ფლანგზე გრძელი პასის გაკეთებას ორ მცველზე მისვლა არჩია და შებოჭეს. მიუხედავად ამისა, ამერიკელები დაჯარიმდნენ, რევაზ გიგაური მარჯვენა ფლანგზე ჯიქურ წავიდა მცველებზე და ლელო გაიტანა, ხოლო მახარაშვილმა გარდასახვა გამოიყენა და საქართველოს ნაკრები 19:26 დამარცხდა.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ახალმა ზელანდიამ კანადას 31:12 აჯობა. ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებს კახა ალანიას შეგირდები ხვალ გამართავენ და თბილისის დროით 09:44 საათზე ზელანდიელებს ეთამაშებიან, ხოლო 13:46-ზე - კანადას. დასკვნით დღეს, 30 ივნისს, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, საქართველოს ნაკრები პლეი ოფში ჩაებმება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084247