საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე 2013 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში წააგო და ხვალ VII-XXIV ადგილებისთვის იბრძოლებს.
აშშ-ისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან შეხვედრების მსგავსად, კახა ალანიას შეგირდებმა ამჯერადაც 4 ლელო გაუშვეს და ჯამში 26 ქულა მიიღეს, მაგრამ თუ წინა ორ ჯერზე პირველი ტაიმები პირწმინდად დათმეს და მეორეში გაიბრძოლეს, ამჯერად შესვენებაზე ლიდერის რანგში გავიდნენ და პირველ გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით 7 წუთში იმდენი შეცდომა დაუშვეს...
კანადასთან სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ზურაბ ძნელაძე, ვიტო კოლელიშვილი, ბიძინა სამხარაძე, მერაბ კვირიკაშვილი, მერაბ შარიქაძე, რევაზ გიგაური და გიორგი ფრუიძე. მეორე ტაიმის შუაში შეცვლაზე შევიდნენ ირაკლი გეგენავა და ალექსანდრე თოდუა, ხოლო მოგვიანებით ბახვა კობახიძე, შავლეგ მახარაშვილი და გიორგი ჯიმშელაძე.
ქართველები 50-ე წამზე დაწინაურდნენ. კვირიკაშვილმა რაქში გადაყრისას კარგად ითამაშა, თავისუფალი ბურთი ფრუიძემ აიტაცა და 22-ის ხაზიდან იერიში ძნელაძეს გააგრძელებინა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანში კვირიკაშვილი დაგეზა და მანვე გარდასახვაც გამოიყენა. კანადელებმა შემოგვიტიეს და თავიდან კარგად დავიცავით თავი, მაგრამ მერე ხაზი მოიქანცა, ფლანგზე სივრცე გაჩნდა და ლელო ალამთან გავიდა, რასაც აცილებული გარდასახვა მოყვა. პსუხად ზედ შესვენების წინ ქართველებმა შეუტიეს ხელდახელ, ახლა მათ შექმნეს ფლანგზე მეტობა, ფრუიძემ თითქოს იერიში შეაყოვნა, მაგრამ ბურთი ფეხით შეიგორა, თავდვე მიყვა, მცველებს დაასწრო და ნახტომში კანადელთა ჩათვლის მოედანზე დაამიწა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვით ტაიმის შედეგი დააფიქსირა - 14:5.
ჯგუფში მესამე ადგილის დასაბევებლად და მეორე ადგილის დაკავების შანსის შესანარჩუნებლად 5 ქულით მოგებაც გვყოფნიდა, მაგრამ კოლელიშვილის შეცდომამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მე-9 წუთზე მეტოქემ ფეხით ითამაშა და ბურთს სამხარაძე უპრობლემოდ იღებდა, მაგრამ ვიტომ უბურთო მეტოქის წაქცევა მაინც გადაწყვიტა და სინბინით დაისაჯა.
კანადელებმა მეტობა გატანილ ლელოში 15 წამში აქციეს და რეალიზაციაც ზუსტი გამოდგა, ხოლო კიდევ 50 წამში მეორე ლელოც გაიტანეს და 19:14 დაწინაურდნენ. მალე მესამე ლელოსგან ძაგნიძემ გვიხსნა, რომელმაც მოიერიშეს ხელი ჰკრა და ბურთის დამიწამებამდე მისი ფეხი გვერდით ხაზს შეეხო, მაგრამ 5-მეტრა დერეფნიდან ბურთი კვლავ მეტოქემ აიღო და ლელო-გარდასახვა მიითვალა - 26:14. საქართველოს ნაკრებმა გაიბრძოლა და საფინალო სასტვენამდე 40 წამით ადრე გეგენავამ ალამთან ლელო გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ მანამდე მისმა ფეხმა გვერდითი ხაზი გადაკვეთა. კანადამ საკუთარი ჩათვლის მოედნიდან შეტევა ვერ წამოიწყო, ბურთი წინ დაუვარდათ და ის თოდუამ ნახტომში ლელოდ აქცია. კვირიკაშვილს სიჩქარეში გარდასახვა გაუცუდდა, მაგრამ თამაშის გადასარჩენად დრო მაინც აღარ იყო - 19:26.
საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი ოფის 1/4-ფინალში დღის ბოლოს გაირკვევა, როდესაც ჯგუფური ეტაპის თამაშები დასრულდება, თავად შეხვედრა კი, ხვალ შედგება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია