ამბები

11:11 | 30.06.2013 | ნანახია 3070 - ჯერ

7-კაცა ჰონკონგის გავლით ოცეულშია

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე 2013 წლის მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. “ბორჯღალოსნებმა” XVII_XIV ადგილებისათვის გამართულ მეოთხედფინალში ჰონკონგი 31:10 დაამარცხა და საუკეთესო ოცეულში ადგილი დაიბევა.

“ლუჟნიკებზე” გამართულ მეოთხე მატჩში კახა ალანიამ სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი მორაგბეები დააყენა: ზურაბ ძნელაძე, ვიტო კოლელიშვილი, ბიძინა სამხარაძე, მერაბ კვირიკაშვილი, მერაბ შარიქაძე, რევაზ გიგაური, გიორგი ფრუიძე. მეორე ტაიმში შეცვლებზე შევიდნენ შავლეგ მახარაშვილი, ალექსანდრე თოდუა, ბახვა კობახიძე, ირაკლი გეგენავა და გიორგი ჯიმშელაძე.

თამაში ქართველთა იერიშებით დაიწყო, მარჯვენა ფლანგზე კოლელიშვილმა მაღალ სიჩქარეზე მიიღო გადაცემა და მბოჭავს ისე გაექცა, მას ხელიც არ წაავლებინა. ძელებსშუა გატანილი ლელო კვირიკაშვილმა გარდასახა. ჰონკონგმა საპასუხო ლელო მე-3 წუთზე გაიტანა, როდესაც ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ქართველთა დაცვამ გადაწყობა ვეღარ მოასწრო, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. მე-5 წუთი იწურებოდა, როდესაც აზიელები სინბინით დაისაჯნენ და მეტობა ტაიმის ბოლოს 7 ქულად იქცა. ჯერ შარიქაძემ გაჭრა ხაზი და კარგად იარა, მერე იერიში ფრუიძემ გააგრძელა, სამხარაძემ ფეხებშუიდან ერთი შეხებით კვირიკაშვილს საუცხოო გადაცემა გაუკეთა და ლამაზი იერიში ლელოთი დასრულდა, საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა კი, გარდასახვაც გამოიყენა - 14:5.

მეორე ტაიმის დასაწყისში მესამე ლელო გავიდა. “მეკომ” ცენტრიდან თამაშის განახლებისას ბურთი მეტოქისთვის მოულოდნელად შეაცურა და თავადვე აიღო, ჰონკონგი დაჯარინდა და მეორედ დაისაჯა სინბინით. პირველი წუთის მიწურულს კვირიკაშვილმა უკვე მეტოქის 22-ში შეაცურა ბურთი, მისი აღება აზიელმა ვერ მოახერხა და ფრუიძე იქვე გაჩნდა, კვირიკაშვილმა კი, რთული პოზიციიდან გარდასახა. კაცნაკლულმა მეტოქემ სალელოვედ შემოგვიტია, მათ ბურთი ჩათვლის მოედნიდან 5-მეტრში ავართვით და კონტრიერიში ლელოთი უნდა დასრულებულიყო, რადგან სამი ქართველი ერთ მცველზე გავიდა. კვირიკაშვილმა შეტევის გაგრძელება მარცხნიდან გადაწყვიტა და გიგაურმა ბურთი ვერ შეიმაგრა, რასაც ამჯერად ჰონკონგის შეტევა მოყვა, მაგრამ მათი იერიში ჯარიმის ხარჯზე შევაჩერეთ.

თამაშის დასრულებამდე 2,5 წუთით ადრე აზიელებმა ლელო მაინც გაიტანეს - ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ სანამ თოდუამ და ფრუიძემ შემტევი გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს, მან ბურთის დამიწება მოახერხა. მაგრამ ბოლო წუთები კვლავ ქართველებისა იყო, ჯერ გეგენავა გაექცა მცველს ცენტრის სიახლოვეს და ისეთი სიჩქარე აკრიფა ვეღარავინ დაეწეოდა, მერე კი, თამაში ორმხრივ იერიშებში გაგრძელდა და გუნდებმა 7-ის ნაცვლად ამ ტაიმში 11 წუთი ითამაშეს. საბოლოოდ, კობახიძემ ლელო მარცხენა ალამთან გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 31:10.

ეს თავდადება მოსაწონი იყო, მაგრამ 7-კაცაში 4-ით მეტი წუთის თამაში ძალიან ძნელია, მით უმეტეს, როდესაც წინ კიდევ გელის თამაშები და იმედია, დაღლილობა თავს არ იჩენს. ნახევარფინალში ქართველთა მეტოქე იაპონია იქნება, რომელმაც ფილიპინები 50:0 გაანადგურა. შეხვედრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.098963