ამბები

15:13 | 2.07.2013 | ნანახია 2134 - ჯერ

7-კაცა განსხვავებული სისტემით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატი 7-კაცა რაგბში წლეულს განსხვავებული სისტემით ჩატარდება. გათამაშება ნაცვლად სამისა, ორ ეტაპად გაიმართება და პირველ ეტაპზე გუნდები რეგიონული პრინციპით, აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონებში ითამაშებენ.

პირველი ეტაპი 6-7 ივლისსაა დანიშნული.

დასავლეთ დივიზიონში სულ 6 გუნდი ითამაშებს - ქუთაისის “აია” და “ბაგრატი”, ბათუმის “ბათუმი” და “დელფინები”, ფოთის “კოლხი რაინდები” და ოზურგეთის “არწივები”. თამაშები ფოთში, მალთაყვის სტადიონზე გაიმართება და გუნდების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, გამარჯვებულიც ერთ დღეში გამოვლინდება. ეს ექვსი გუნდი ორ სამგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული. პირველ ჯგუფში “აია”, “კოლხი რაინდები” და “არწივები” მოხვდნენ, ხოლო მეორეში - “ბათუმი”, “ბაგრატი” და “დელფინები”. ორ-ორი საუკეთესო თასისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებს, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები მე-5 ადგილს გაითამაშებენ. ნახევარფინალის გამარჯვებულები დასავლეთის ჩემპიონის სტატუსისთვის იბრძოლებენ, ხოლო დამარცხებულები - მე-3 ადგილისთვის. ფინალურ ეტაპზე დასავლეთ დივიზიონიდან სამი გუნდი გადის და ამ თამაშის შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

აღმოსავლეთ დივიზიონში 10 გუნდია და ყველა მათგანი დედაქალაქს წარმოადგენს - “აკადემია”, “ყოჩები”, “ხულიგანა”, “მგლები”, “დევები”, “ლოკომოტივი”, “ჯიქები”, თი ბი სი, “ივერია” და სტუ. მატჩები “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გაიმართება და თამაშები ორ დღეს გასტანს. პირველ ჯგუფში “აკადემია”, “ყოჩები”, “ხულიგანა”, “მგლები” და “დევები” ითამაშებენ, ხოლო მეორე ჯგუფში - “ლოკომოტივი”, “ჯიქები”, თი ბი სი, “ივერია” და სტუ.

ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი თასის ნახევარფინალში გავა და რადგან აღმოსავლეთ დივიზიონიდან დასკვნით ეტაპზე ხუთი ხვდება, მათ მთავარი საქმე უკვე მოთავებული ექნებათ, მაგრამ მეორე დღეს აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდის ტირულისთვის მაინც ითამაშებენ. ჯგუფის მესამე-მეოთხეადგილოსნები ასევე ნახევარფინალებით გააგრძელებენ ბრძოლას დასკვნითი ეტაპის ბოლო, მე-5 საგზურისთვის. ჯგუფის ნაბოლარები ბოლო დღეს ბოლო IX ადგილს გაითამაშებენ.

აღმოსავლეთ დივიზიონის ხუთი და დასავლეთის სამი საუკეთესო გუნდი 13-14 ივლისს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბება და ეს 8 გუნდი 7-კაცა რაგბში ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის იბრძოლებს. 2012 წელს, სამი ეტაპის ჯამში, 7-კაცა რაგბის გამარჯვებული “აკადემია” გახდა, რომელმაც მხოლოდ ერთი ეტაპი მოიგო, მაგრამ მთლიანობაში 54 ქულა დააგროვა და 2 ქულით აჯობა ორი ეტაპის გამარჯვებულს, თუმცა, დასკვნითი ეტაპის ჩამგდებ “ლელოს”.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082656