ამბები

23:37 | 3.07.2013 | ნანახია 4076 - ჯერ

საქართველოს რკინიგზა “ლოკომოტივის” სპონსორია

საქართველოს რკინიგზასა და ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ქართულ სარაგბო კლუბ “ლოკომოტივს” შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებაში მესამე მხარის სახით წარმოდგენილია საქართველოს რაგბის კავშირი, რომელიც საქართველოს რკინიგზას თავის სარეკლამო სივრცეს დაუთმობს.

გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “რაგბის კავშირი მადლიერია საქართველოს რკინიგზის ამ ნაბიჯის გადადგმისათვის. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სარაგბო კლუბები უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან. რაგბის კავშირის მთელი ძალისხმევა მიმართულია კლუბებისთვის დაფინანსების მოძიებაზე – სახელმწიფოსა თუ კერძო სექტორის მხრიდან.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო და ბიზნესი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ქართული რაგბისა და ზოგადად სპორტის მხარდაჭერაში. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდა რკინიგზასა და მის წიაღში 1964 წელს აღმოცენებულ რაგბის კლუბ “ლოკომოტივს” შორის. ამ გუნდს დიდი ისტორია აქვს და მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არა ერთი მორაგბე აღუზარდა.

ამასთან, საქართველოს რაგბის კავშირი, ვალდებულებას იღებს, ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზას სარეკლამო სივრცე დავუთმოთY, რათა აღნიშნული ხელშეკრულება კომპანიისათვისაც სარგებლის მომტანი იყოს.

ვიმედოვნებ, რომ სხვა ქართული კომპანიები მაგალითს აიღებენ საქართველოს რკინიგზისგან და ქართულ სარაგბო კლუბებს გვერდში დაუდგებიან, რაც ქართული რაგბის განვითარებისა და გადარჩენისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია”.

მამუკა ბახტაძე (საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი): “საქართველოს რკინიგზის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. სარაგბო კლუბი “ლოკომოტივი” ყოველთვის ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილი იყო, თუმცა, ბოლო წლებში, სამწუხაროდ, სპონსორობის ხელშეკრულება არ ყოფილა. რაგბის ფედერაციის შუამავლობით, გადავწყვიტეთ, რომ აღვადგინოთ ეს ტრადიაცია და მომავალ სეზონში გავხდეთ კლუბის ოფიციალური სპონსორები.

“ლოკომოტივს” ძალიან საინტერესო  და წარმატებული ისტორია აქვს. ეს კლუბი ყოველთვის ქართული რკინიგზის განვითარების ფლაგმანი გახლდათ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელშეწყობით, კლუბი ჩემპიონატში ძალიან ამბიციურ შედეგებს აჩვენებს და ამავე დროს, ჩვენი ნაკრებისთვის ახალ მორაგბეებს გაზრდის“.

თემურ ბენდიაშვილი (”ლოკომოტივის” დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი): “ჩვენი კლუბი 60-იან წლებში რკინიგზის წიაღში წარმოიშვა და მას შემდეგ, მასთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. სამწუხაროდ, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა გაწყდა და არსებობას და კლუბის შენარჩუნებას წვალებით ვახერხებდით.

პირადად მინდა საქართველოს რკინიგზას ამ კოლოსალური მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ბედნიერნი ვართ, რადგან ისევ დავუბრუნდით ჩვენს წიაღს და ამიერიდან ერთად მივაღწევთ ახალ წარმატებებს, გავაძლიერებთ კლუბს, რითაც დიდ ძალას შევმატებთ ქართულ რაგბს და კიდევ მრავალ მორაგბეს აღვუღზრდით ეროვნულ ნაკრებს“.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082901