ამბები

17:21 | 10.07.2013 | ნანახია 4437 - ჯერ

კანადას და აშშ-ს საქართველოში სამოა მოყვება

სასიხარულო სიახლეა ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის. საქართველოს რაგბის კავშირის მეცადინეობამ შედეგი გამოიღო და ნოემბერში “ბორჯღალოსნები” სამ ტესტ-მატჩს გამართავენ. უკვე ცნობილი იყო, რომ თბილისს კანადისა და აშშ-ის ეროვნული გუნდები ეწვეოდნენ, ახლა კი, მათ სამოაც დაემატა, რომელიც ბოლო დროს მსოფლიო რაგბში სერიოზულ ძალად იქცა.

პირველი თამაში 9 ნოემბერსაა დანიშნული და მეტოქე კანადა იქნება, რომელიც მანამდე ახალზელანდიელ “მაორებს” ეთამაშებიან. ეს იქნება “ბორჯღალოსანთა” და კანადელთა რიგით მეოთხე დაპირისპირება და ჩრდილოამერიკელებთან რევანში გვაქვს ასაღები. პირველად ამ მზარდ გუნდს, რომელიც პირველი დონის ნაკრებებს მაქსიმალურად მიუახლოვდა და წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაში ჩართვით მისი პროგრესი უფრო მეტად თვალსაჩინო იქნება, 2009 წელს გლენდეილში ჩერჩილის თასზე ვეთამაშეთ და მეტოქემ 42:10 იმარჯვა. 2010 წელს კანადელებთან რევანში თბილისში ავიღეთ - 22:15, მაგრამ შარშან ბერნაბიში ისევ გვაჯობეს (12:31) და ახლა ურთიერთშეხვედრების ჯამში ანგარიში უნდა გავათანაბროთ.

მსგავსი სიტუაციაა აშშ-ის ნაკრებთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში სტუმრობამდე ერთი კვირით ადრე სამშობლოში “მაორებს” დაუხვდება, 16 ნოემბერს კი, საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს. აშშ-მა 2009 წლის ჩერჩილის თასზე 31:13 დაგვამარცხა, მომდევნო წელს მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჩადენილი სასწაულის წყალობით, ამ გუნდს 19:17 ვაჯობეთ, მაგრამ შარშან სტუმრად 20:36 დავმარცხდით.

23 ნოემბერს თბილისს პირველად ეწვევა სამოას ნაკრები. მანამდე სამოელები ევროპული ტურნეს ფარგლებში ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს და ფრანგ “ბარბაროსებს” ეთამაშებიან. სამოელებს “ბორჯღალოსნები” ერთადერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ავსტრალიაში ეთამაშნენ და 9:46 დამარცხდნენ. სამოელებს სამჯერ აქვთ მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი დაძლეული. 2011 წელს მათ ნამიბია და ფიჯი დაამარცხეს, უელსთან და სამხრეთ აფრიკასთან 7 და 8-ქულიანი სხვაობებით დამარცხდნენ, ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს და 2015 წლის მსოფლიო თასზე თამაში დაიბევეს.

შარშან მათ ტესტ-მატჩებში ჯერ ავსტრალიის ნაკრებს ძლიეს, ნოემბერში კი, უელსი მისსავე მიწაზე დაამარცხეს. წლეულს, ივნისის ტესტებზე სამოელები სამხრეთ აფრიკაში გამართულ ოთხთა ტურნირში მონაწილეობდნენ, შოტლანდიას 27:17, ხოლო იტალიას 39:10 სძლიეს, მასპინძლებთან 23:56 დამარცხდნენ და მე-2 ადგილი დაიკავეს. კუნძულელები მსოფლიო რეიტინგში მე-7 საფეხურზე არიან და მათი სტუმრობა მართლაც რომ დიდი პატივია.

აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 67,66 ქულით მე-16 პოზიციაზეა, მის წინ 71,55 ქულით კანადაა, ხოლო აშშ-ს ნაკრები 66,04 ქულით მე-18 ადგილს იკავებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.150085