ამბები

2:52 | 12.07.2013 | ნანახია 6586 - ჯერ

გიორგი ნიჟარაძე: “ქართული რაგბის ბედი ამ დღეებში წყდება"

რაგბის კავშირის პრეზიდენტი ასამბლეაზე გახმაურებულ სიახლეებზე

 

6-7 ივლისს სტოკჰოლმში ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის ფირა-აერის 90-ე გენერალური ასამბლეა შედგა, რომელზეც არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შეხვედრა უდავოდ მნიშვნელოვანი გახლდათ ქართული რაგბისთვისაც, რასაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გიორგი ნიჟარაძის კომენტარებიც ადასტურებს. მაშ ასე...

 

ბაკეს ეპოქა

წლევანდელი გენერალური ასამბლეა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით უდაოდ ისტორიული გამოდგა. დასრულდა ამ ორგანიზაციის ერთი ეპოქა – 17 წლის განმავლობაში მას მართავდა ჟან პოლ ბაკე, ადამიანი, რომელსაც მე პირადად დიდ პატივს ვცემ. მას პირადად ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, როგორც ევროპული, აგრეთვე – ქართული რაგბისათვის.

მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ფირა-აერი, როგორც ორგანიზაცია აქამდე ვერ შედგა, ვინაიდან მისი საქმიანობის ეფექტურობა ყოველთვის იყო ძალზედ დაბალი. უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზს წარმოადგენდა ცუდი მენეჯმენტი, დაფინანსების დაბალი დონე და მოზიდული ფინანსების მწირი რაოდენობა.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ფირამ ვერ დაალაგა ურთიერთობა “6 ერთან“ (რომელიც კერძო, კომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს და არანაირად არ ექვემდებარება რაგბის საერთაშორისო საბჭოს) და უშუალოდ IRB-სთან, რომელიც ფირასათვის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს. ფირა ვერ გაიზარდა ხარისხობრივად და აქედან გამომდინარე განვმეორდები, რომ მისი საქმიანობის ეფექტურობის დონე ძალზედ დაბალი გახლდათ.

 

ახალი პრეზიდენტი

წლევანდელი ასამბლეა შედგა. პირადი სურვილის შესაბამისად, ბაკემ დატოვა პრეზიდენტის პოსტი და ჩვენ ავირჩიეთ ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი. ახალი პრეზიდენტის არჩევნები ყველასათვის დაკავშირებული იყო ცვლილებების მოლოდინთან და ორგანიზაციის უკეთეს მომავალთან.

არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გამოიკვეთა პრედენდენტი, რომელსაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა – ეს იყო ოქთავიან მორარიუ. ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ცნობილ რუმინულ სარაგბო ოჯახში. მამამისი, ვოირელ მორარიუ, იყო ლეგენდარული რუმინელი მორაგბე, რომელიც 50-იან და 60-იან წლებში ნაკრებს კაპიტნობდა.

მე მასთან პირადი ნაცნობობა მაკავშირებს და წინა წლებში ჩვენ არაერთგზის გვქონია საუბარი ფირას მომავალთან დაკავშირებით და ბევრ-წილად ჩვენი შეხედულებები ემთხვეოდა.

არჩევნებამდე ჩვენ მას მოსკოვში, რაგბი 7-ის მსოფლიო თასზე შევხვდით და არაერთხელ ვისაუბრეთ. ძალზედ ბევრი შეკითხვა დავუსვით, რაზეც საკმაოდ გულახდილი და იმედის მომცემი პასუხები მივიღეთ. ჩვენ ერთობლივი შეხვედრები გავმართეთ “6 ერთან“, IRB-სთან და იქვე შევთანხმდით, რომ არჩევნებზე მას დავუჭერდით მხარს.

საბოლოო ჯამში, ხმათა უმრავლესობით მან გაიმარჯვა არჩევნებში და მე იმედი მაქვს, რომ ოქტავიან მორარიუს პრეზიდენტობა ბევრ სასიკეთო ცვლილებას გამოიწვევს ევროპული და ჩვენი რაგბისათვის.

მისი გეგმის შესაბამისად, დეკემბრამდე იგი აპირებს მენეჯმეტში ძირეული ცვლილებების განხორციელებას, ეფექტური სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების შექმნას და თანამდებობრივი ვერტიკალის სხვაგვარად გადანაწილებას. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ქმედებები სიკეთის მომტანი იქნება, როგორც ევროპული, ასევე – ქართული რაგბისათვის.

 

შეხვედრები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები

გენერალურ ასამბლეაზე ჩვენთვის ბევრი საინტერესო და კარგი რამ მოხდა. დავიწყებ ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაციით – ასამბლეის სხდომაზე და კულუარებშიც აღინიშნა და უმაღლესი შეფასება მიეცა ივნისში თბილისში ჩატარებულ IRB თბილისის თასს. ხაზი გაესვა ტურნირის ორგანიზაციულ მხარეს, მონაწილე გუნდებს, შეაფასეს თამაშის გაუმჯობესებული ხარისხი. ეს შეფასება ჩვენთვის ძალზედ სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. ფირა-აერმა, როგორც ევროპის სარაგბო ფედერაციამ და IRB-იმ მადლობა გადაგვიხადეს არგენტინის ნაკრებთან თამაშისათვის. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს ნაკრებმა არგენტინასთან ჩატარებული შესანიშნავი და ღირსეული თამაშით, ევროპული რაგბის პრესტიჟი დაიცვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ სასიკეთოდ მოხდა იყო ფირასა და “6 ერის“ ერთობლივი გადაწყვეტილება – საქართველოს 18 წლამდე ნაკრები დარჩება ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ელიტური ჯგუფის წევრად, ანუ ჩვენ ნაკრებს საკვალიფიკაციო თამაშებში მონაწილეობის მიღება აღარ მოუწევს. შესაბამისად, ელიტურ ჯგუფში მოსახვედრად, საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიისა და პორტუგალიის 18 წლამდე ნაკრებები ითამაშებენ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დებატები, სადაც ჩვენი მისამართით ძალიან სასიამოვნო კომენტარები გაკეთდა.

ქართული რაგბის ქომაგს მოეხსენება, რომ ეს იყო სამწლიანი ექსპერიმენტი, რომელიც დასრულდა. ამ სამი წლის განმავლობაში, საქართველომ ორჯერ ზედიზედ დაამარცხა იტალია და უკანასკნელ ტურნირზე ძალზედ ღირსეულად ეთამაშა ირლანდიას.

აღინიშნა, რომ 18 წლამდელების თვალსაჩინო პროგრესი გამოწვეულია იმ უწყვეტი ქმედებებით, რომლებიც საქართველოში ხორციელდება რაგბის განვითარების კუთხით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამუდამოდ დავფუძნდით ამ ჯგუფში – იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ნაკრები მეექვსეზე დაბალ ადგილს დაიკავებს, შესაბამისად, შემდეგი ტურნირისათვის კვლავ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოგვიწევს.

აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ჩართული იყო წლების განმავლობაში ამ ბიჭების მომზადებაში – რაგბის ეროვნულ აკადემიას, მწვრთნელებს და მენეჯერებს. მათ უდიდესი შრომა გაწიეს, შესანიშნავად იმუშავეს და მიაღწიეს ასეთ წარმატებას.

 

სანაკრებო თამაშები და განვითარების პროგრამები

უკვე ამუშავებულია და მოქმედებს პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოიმატა ჩვენთვის სათამაშო სეზონზე მატჩების ოდენობამ. მაგალითისათვის ავიღოთ 2013 წელი, ვითამაშეთ ევროპის ერთა თასი, ვითამაშეთ პირველი დონის ნაკრებთან – არგენტინასთან, უკვე გადაწყდა და ნოემბერში ვთამაშობთ სამ ტესტს – 9 ნომბერს კანადასთან, 16 ნოემბერს – აშშ-სთან და 23 ნომბერს – სამოასთან, გარდა ამისა, წელს მოგვცეს ტურნირი – IRB თბილისის თასი, რომელიც ყოველწლიურად ივნისში გაიმართება.

ეს ყველაფერი წარმოადგენს საერთაშორისო სარაგბო სამყაროს მიერ ქართული რაგბის დაფასებას. ჩვენ უკვე ნამდვილად გვთვლიან ამ დიდი მსოფლიო სარაგბო ოჯახის წევრად.

ნოემბრის სამივე ტესტი ჩატარდება თბილისში და ძალზედ იშვიათია, როდესაც მეორე დონის სარაგბო ქვეყანას ზედიზედ რამოდენიმე ტესტის სახლში გამართვის შესაძლებლობა ეძლევა. ამის განხორციელებაში რაგბის საერთაშორისო საბჭო უამრავ ფულს დებს. ეს ნიშნავს, რომ მათ ჩვენი განვითარების დიდი იმედი აქვთ და ამიტომ ახორციელებენ ამ ინვესტიციას.

აქვე დავძენ, რომ ასამბლეაზე შევიმუშავეთ ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშების მატჩების განრიგი ჩვენი ნაკრებისათვის. ამჯერად შინ უკვე სამ თამაშს გავმართავთ – 1 თებერვალს ბელგიას მივიღებთ, 22 თებერვალს რუსეთის ნაკრები ჩამოვა და 15 მარტს რუმინეთთან ვითამაშებთ. გასვლით მატჩებში პორტუგალიას (8 თებერვალი)  და ესპანეთს (8 მარტი) შევხვდებით.

ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ მოლაპარაკებებს და შეხვედრებს ვმართავთ ირლანდიის რაგბის კავშირთან და საბოლოოდ მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველოსა და ირლანდიის რაგბის კავშირებს შორის იწყება კომპლექსური თანამშრომლობა, რაც ითვალისწინებს:

- ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტის აქტიური მონაწილეობით, ქართველ მსაჯთა მომზადების პროგრამა განხორციელდება. ამ მიზნით მოხდება ირლანდიელი მსაჯების ჩამოყვანა; შემდგომი ტრეინინგებისათვის ქართველი მსაჯების ირლანდიაში წაყვანა; პროგრამის მიხედვით კვალიფიკაციაამაღლებული ქართველი მსაჯების მიერ საქართველოში მუდმივად გაიმართება ტრეინინგები.

- ირლანდიის რაგბის კავშირი დაგვეხმარება ქართველი მწვრთნელების აღზრდაში და ამ მიზნით მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის შემუშავება.

- და რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, 2014 წელს, ჩვენს მიერ შერჩეულ ოთხ ახალგაზრდა მოთამაშეს, ირლანდიის რაგბის კავშირი სამი წლით თავისი ხარჯით წაიყვანს ცნობილი ირლანდიული სარაგბო კლუბების ასაკობრივ გუნდებში და იმუშავებენ მათ განვითარებაზე – იგულისხმება ვარჯიში, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, კვება და რა თქმა უნდა, ინგლისური ენის შესწავლა.

პროგრამის შედეგად, სამი წლის შემდეგ, ჩვენ გვეყოლება გამზადებული ოთხი სერიოზული სანაკრებო კანდიდატი. ამ ბიჭების შერჩევა არ იქნება ადვილი საქმე, ვინაიდან ძალზედ სერიოზული კრიტერიუმები იქნება დასაკმაყოფილებელი – სარაგბო, ენის ცოდნის, მენტალური და ყოფაქცევის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ჩვენ მალევე უნდა დავიწყოთ კანდიდატების შერჩევა.

შეთანხმების თანახმად, შესაძლებელია წელსვე 10 დღით შერჩეული კანდიდატები ორ მწვრთნელთან ერთად გავუშვათ ირლანდიაში, რათა მათ შეექმნათ წარმოდგენა თუ სად და რისი კეთება მოუწევთ ერთი წლის თავზე.

ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ირლანდიელებთან შეთანხმებული პროგრამით უნდა ვავარჯიშოთ ეს ბიჭები, განსაკუთრებით ფიზიკურ მომზადებაში, იმიტომ, რომ ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით, ყველგან ძალიან მაღალი სტანდარტებია.

ერთი წლის თავზე ირლანდიის რაგბის კავშირის წარმომადგენლები კანდიდატებისათვის ტესტების ჩასატარებლად საქართველოში ჩამოვლენ და მხოლოდ ამის შედეგ გადაწყდება მათი წაყვანა.

ეს არის ჩვენთვის უზარმაზარი შანსი იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან რაგბის კავშირში გავაგზავნოთ ჩვენი პერსპექტიული და ნიჭიერი მოთამაშეები და სამი წლის თავზე მივიღოთ სრულიად სხვა ფიზიკურ სხვა კონდიციაში მყოფი მორაგბეები, რომლებიც უკვე გამოადგებიან ეროვნულ ნაკრებს.

 

საერთაშორისო საკლუბო ტურნირი

ამას გარდა, იყო საუბრები საერთაშორისო საკლუბო ტურნირის ჩატარებაზე და დიდი ალბათობით, ამ პროცესში რაგბის საერთაშორისო საბჭო ჩაერთვება. შემოდგომაზე ვგეგმავთ შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს, რუმინეთის, რუსეთისა და უკრაინის რაგბის კავშირების პრეზიდენტები, სავარაუდოდ სპორტის მინისტრები და IRB-ს ხელმძღვანელები. ჩვენ შეხვედრის ჩატარების ადგილად თბილისი შევთავაზეთ და იმედია, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

ამ ბოლო დროს საკლუბო ტურნირის შესახებ ბევრი საუბარი იყო, მაგრამ მისი ჩატარების პერსპექტივა არ ჩანდა. ახლა, არ არის გამორიცხული, ტურნირი რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით შედგეს, რაც თავის მხრივ უპრეცენდენტო ფაქტია, რადგან კარგად მოგეხსენებათ, რომ IRB-ს ეგიდით საკლუბო ტურნირები არ იმართება.

 

მომავალი განვითარება და არსებობა ფინანსების მოზიდვაზეა დამოკიდებული

ჩვენი განვითარება ხდება ეტაპობრივად. იყო დრო, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დავიწყეთ სანაკრებო დონეზე თამაში. პირველ ეტაპზე ვაგებდით ისეთ გუნდებთან, რომლებიც სარაგბო დონით ამ ეტაპზე ჩვენთან შედარებით ბევრად დაბლა იმყოფებიან, მაგალითად, მარცხი ჰოლანდიასთან 3:55 (1995 წ.) და პოლონეთთან 6:23 (1993 წ.).

ვისწავლეთ მათთან თამაში, დავიწყეთ მოგება, განვვითარდით და გადავედით შემდეგ ეტაპზე – ევროპის ერთა თასის A დივიზიონში. დაგვჭირდა დრო, რომ გვესწავლა ესპანეთთან და პორტუგალიასთან თამაში, შემდგომ რუსეთთან დავიწყეთ მოგება და ბოლო დროა, რაც გავუთანაბრდით რუმინეთს, რომლის დამარცხება ჩვენთვის იმ პერიოდში დიდ სირთულეს წარმოადგენდა.

ახლა, გადავედით განვითარების თვისობრივად სულ სხვა ეტაპზე. დავიწყეთ თანაბარი დონის და შედარებით უფრო ძლიერ, მეორე და პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან თამაში. ესენია: მეორე დონის – აშშ, კანადა, იაპონია, ფიჯი; პირველი დონე – არგენტინა და სამოა.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების სწორ გზაზე მივყავართ. მესმის ჩვენი გულშემატკივრების სურვილი, რომ უკვე ამ ეტაპზე ვეთამაშოთ ბევრად უფრო ძლიერ მეტოქეებს, მაგრამ ამის მისაღწევად და რაც მთავარია განვითარებისათვის, ამ გზის გავლა არის საჭირო. ჯერ ამ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ, დავიწყოთ მათთან მოგება და როდესაც ეს სტაბილურ ხასიათს მიიღებს, უკვე შემდგომ იქნება შესაძლებელი შემდეგ ეტაპზე ფიქრი.

ამ ყველაფერს ჭირდება დრო. სასიცოცხლოდ აუცილებელია დამატებითი ფინანსები და ყოველი ჩვენთაგანის თავდაუზოგავი შრომა. ქვეყნის შეგნით შრომა – შიდა რაგბის განვითარება, ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება, ეროვნული სარაგბო აკადემიის გაძლიერება, მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება და ამ ყველაფრისათვის აუცილებელია დამატებითი სახსრები.

განვითარების თვალსაზრისით და საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერი მიდის კარგად, მაგრამ საქმე ძალზედ ცუდად გვაქვს საქართველოში კლუბების დაფინანსების თვალსაზრისით! პირდაპირ გეტყვით, რომ ამ დღეებში წყდება საკითხი, მოვიპოვებთ თუ არა დამატებით დაფინანსებას ქართული კლუბებისათვის. თანაც, დაფინანსება, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, საკმარისი იქნება მხოლოდ ორი წლის განმავლობაში, რომ კლუბებს ელემენტალური პრობლემები გადავუწყვიტოთ.

თუ ჩვენ მოვახერხებთ და მოვიპოვებთ დამატებით დაფინანსებას, შესაბამისად გავაგრძელებთ განვითარებას და უკან არ დავიხევთ, ხოლო თუ ამ დაფინანსების მოპოვება არ მოხერხდა, მაშინ მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დაიწყება ქართული რაგბის რეგრესი!

მიმაჩნია, რომ სპორტისადმი უნდა ჩამოყალიბდეს თვისობრივად სრულიად ახალი მიდგომა, როგორც ქვეყნისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროსადმი. პირდაპირ თუ ირიბად, სპორტს ბევრის მიცემა შეუძლია სახელმწიფოსათვის, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით.

ის დამკვიდრებული მიდგომა, რომლის თანახმადაც გადასაწყვეტი საკითხების ნუსხაში სპორტი ბოლო ადგილზე იმყოფება, არ არის სწორი და მე მიხარია, რომ ამაზე იწყება საუბრები არა მარტო მთავრობაში, არამედ საზოგადოებაშიც. ხალხისთვის ნათელი ხდება, რომ ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან სპორტის მხარდაჭერა აუცილებელი იქნება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.

ამავდროულად, კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რათა ბიზნესს გაუჩნდეს სპორტში ინვესტირების მოტივაცია და თუ ჩვენ ამ მიმართულებით განვაგრძობთ სვლას, სამ-ოთხ წელიწადში ალბათ მივაღწევთ იმას, რომ სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კლუბებს მილიონიანი ბიუჯეტი ექნებათ.

იმისათვის, რომ ყველასთვის გახდეს ნათელი თუ რაზე გვაქვს საუბარი, მაგალითად რუსეთის ეროვნული ჩემოიონატის კლუბ “კრასნოიარსკს” მოვიყვანს, რომლის ბიუჯეტიც 11 მილიონი დოლარი ანუ დაახლოებით 17 600 000 ლარია. თანხა, რომელსაც ჩვენ დამატებით ვითხოვთ კლუბებისათვის, 3 მილიონ ლარს წარმოადგენს, რაც ახლანდელ დაფინანსებასთან ერთად, ჯამურად მოგვცემს 4.5 მილიონ ლარს. უმაღლესი ლიგის ათ კლუბზე გადანაწილებით, თითოეულ კლუბს 450 000 ლარი ერგება.

აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად მიმაჩნია, რომ მთავრობასთან და ბიზნესთან ერთად ამ საკითხში საზოგადოებაც უნდა ჩაებას და ერთად ვიფიქროთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე.

დღეს საქართველო ნამდვილად არის იმ მდგომარეობაში, რომ დიდი ნახტომი განახორციელოს რაგბში და შემდეგ ციკლში მიაღწიოს დიდ პროგრესს და თუ ეს საკითხები არ გადაწყდება, ამდენი თაობის ჯაფა ჩაიყრება წყალში.

ამის შედეგად კი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტი და ჩვენ ესეთად ვხედავთ ქართულ რაგბს, რომელიც არის ქვეყნის ცნობადობის წყარო საზღვარგარეთ, დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. არჩევანი არის ჩვენზე და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ქართული რაგბის სასიკეთოდ გადაწყდება.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077086