ამბები

16:31 | 12.07.2013 | ნანახია 2078 - ჯერ

ხვალ და ზეგ ფინალური 7-კაცაა

შაბათ-კვირას “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე 7-კაცა რაგბში საქართველოს 2013 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება და 14 ივლისს, დაახლოებით 19 საათისთვის, ჩემპიონის ვინაობაც ცნობილი იქნება.

წლეულს შიდა 7-კაცა განსხვავებული სისტემით ტარდება. თუ აქამდე ყველა გუნდი ეტაპებად თამაშობდა და ჯამური ქულების მეშვეობით ხდებოდა ჩემპიონის გამოვლენა (როგორც მსოფლიოსა და ევროპის სერიებში), ახლა ორი ეტაპი ტარდება - შესარჩევი და ფინალური. შესარჩევი ეტაპი გასულ შაბათ-კვირას გაიმართა და გამოვლინდა ის 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ამ უქმეებზე ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

პირველი ეტაპზე გუნდები რეგიონული პრინციპით იყვნენ დაყოფილნი. აღმოსავლეთ დივიზიონში მონაწილეობდნენ “აკადემია”, “ხულიგანა”, “ყოჩები”, “მგლები”, “დევები”, “ჯიქები”, “ლოკომოტივი”, თი ბი სი და სტუ, დასავლეთში კი, “აია”, “ბაგრატი”, “კოლხი რაინდები”, “არწივები”, “ბათუმი” და “დელფინები”. ფინალურ ეტაპზე აღმოსავლეთიდან ხუთი, ხოლო დასავლეთიდან სამი საუკეთესო გადიოდა.

აღმოსავლეთ დივიზიონში თბილისის “ჯიქებმა” იმარჯვეს - ფინალში შარშანდელ ჩემპიონ “აკადემიას” 24:0 სძლიეს. ამ ორი გუნდის გარდა ფინალურ ეტაპზე “ხულიგანა”, “ყოჩები” და “ლოკომოტივი” მოხვდნენ. დასავლეთ დივიზიონის გადამწყვეტ მატჩში “ბათუმმა” ქუთაისის “აიას” 21:7 მოუგო. მათ ფინალურ ეტაპზე ქუთაისის მეორე გუნდი - “ბაგრატი” დაემატათ.

ფინალურ ეტაპზე ეს რვა გუნდი ორ ჯგუფშია გადანაწილებული. “ა” ჯგუფში “ჯიქები”, “აია”, “ხულიგანა” და “ყოჩები” ითამაშებენ, ხოლო “ბ” ჯგუფში “ბათუმი”, “აკადემია”, “ბაგრატი” და “ლოკომოტივი” მოხვდნენ. 13 ივლისს, 16-დან 20 საათამდე ისინი სამ-სამ თამაშს გამართავენ და ჯგუფურ ეტაპს მოილევენ. მეორე დღეს, ასევე 16 საათზე ნახევარფინალები დაიწყება. ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები თასისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, ხოლო მესამე-მეოთხედგილოსნები - სინისთვის. დასკვნითი დღის ბოლოს რვავე ადგილი გათამაშდება და ფინალური მატჩის დაწყება 18:20 საათზე იგეგმება.

რაგბის კავშირის საიტის ფოტოები

თეგები7-კაცა

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.195561