საქართველოს მორაგბეთა საუნივერსიტეტო 7-კაცა ნაკრებმა, ყაზანში მიმდინარე უნივერსიადის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, პირველი გამარჯვება მოიპოვა.
პირველ სათამაშო დღეს ბელგიასა (0:26) და დიდი ბრიტანეთის (0:38) საუნივერსიტეტო ნაკრებებთან მშრალი მარცხების შემდეგ, ცხადი იყო, რომ ზაზა ლეჟავას შეგირდები თასისთვის ბრძოლას ვერ გააგრძელებდნენ, მაგრამ ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში მოედანზე მობილიზებულები გავიდნენ, მალაიზიას ექვსი ლელო გაუტანეს, ხუთი გარდასახვა გამოიყენეს და 40:5 იმარჯვეს. შედეგად, ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს და ბრძოლას ფიალასთვის განაგრძობენ.
ფიალას მეოთხედფინალში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ნამიბია იქნება, რომელმაც ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. აფრიკელები პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკასთან 12:41 დამარცხდნენ, იაპონიასთან 7:38, ხოლო დღეს, მათ ლატვიელებმა 22:19 აჯობეს. საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებების შეხვედრა დღეს, 20:06 საათზე დაიწყება და 7-კაცა რაგბის დღევანდელი პროგრამა ამ თამაშით დასრულდება. გამარჯვების შემთხვევაში, ფიალას ნახევარფინალში, ლეჟავას შეგირდები ხვალ, 16:12 საათზე ბრაზილიისა და უკრაინის ნაკრებებს შორის გამარჯვებულთან ითამაშებენ, ხოლო ფინალი 17 ივლისს, 10:25 საათზე დაიწყება.
საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები ყაზანში ასეთი შემადგენლობით თამაშობს: ბაჩო კოლელიშვილი, დიმიტრი კალანდაძე, ჯიმი ღამბაშიძე, ბაჩანა ჯოგლიძე, გიორგი ჭყოიძე, ალექსი ხუციშვილი, საბა შუბითიძე, ივა დავითაშვილი, შაკო დავითაშვილი, ლევან გოგოლაშვილი, ირაკლი გეგენავა, ბახვა კობახიძე.
მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია