საქართველოს მორაგბეთა საუნივერსიტეტო 7-კაცა ნაკრები, ყაზანში მიმდინარე უნივერსიადაზე ფიალის ფინალში (IX ადგილისთვის) კანადელ სტუდენტებს დაუპირისპირდება.
IX ადგილისთვის გამართულ ნახევარფინალში ზაზა ლეჟავას გუნდის მეტოქეები ბრაზილიელები იყვნენ, რომელთაც ქართველმა მორაგბეებმა ოთხი ლელო და ერთი გარდასახვა გაუტანეს, თავად ორი ლელო მიიღეს და 22:12 იმარჯვეს. ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა ქართველი სტუდენტებისა, რომლებმაც ჯგუფური ეტაპის პირველი ორი თამაში ჩააგდეს ბელგიასა (0:26) და დიდი ბრიტანეთთან (0:38), რის შემდეგაც თასისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.
სამაგიეროდ, მათ ჯგუფის დასკვნით მატჩში მალაიზია 40:5 დაამარცხეს, ფიალის მეოთხედფინალში ნამიბიას 40:7 სძლიეს და ხვალ, თბილისის დროით 10:25 საათზე კანადელებს შეერკინებიან. გამარჯვების შემთხვევაშიც კი, საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩება, მაგრამ თბილისში საპატიო ჯილდოს მაინც წამოიღებს.
ქართველთა მომავალმა მეტოქე კანადამ ნახევარფინალში ლატვიას 19:0 სძლია, მანამდე, მეოთხედფინალში რუმინეთი 17:14 დაჯაბნა, ხოლო ჯგუფურ ეტაპზე უკრაინა 46:12 დაამარცხა. ჩრდილოამერიკელები ჯგუფური ეტაპის პირველ ორ შეხვედრაში რუსეთთან 0:45 და პოლონეთთან 15:24 დამარცხდნენ.
საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები ყაზანში ასეთი შემადგენლობით თამაშობს: ბაჩო კოლელიშვილი, დიმიტრი კალანდაძე, ჯიმი ღამბაშიძე, ბაჩანა ჯოგლიძე, გიორგი ჭყოიძე, ალექსი ხუციშვილი, საბა შუბითიძე, ივა დავითაშვილი, შაკო დავითაშვილი, ლევან გოგოლაშვილი, ირაკლი გეგენავა, ბახვა კობახიძე.
მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია