ამბები

11:19 | 17.07.2013 | ნანახია 4167 - ჯერ

ქართულმა 7-კაცამ ყაზანში ფიალა მოიგო

საქართველოს მორაგბეთა საუნივერსიტეტო 7-კაცა ნაკრებმა ყაზანის უნივერსიადაზე პირველი ორი თამაშის წაგების შემდეგ ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო, IX ადგილი დაიკავა და შინ ფიალით ბრუნდება.

ზაზა ლეჟავას შეგირდები პირველ სათამაშო დღეს ბელგიისა (0:26) და დიდი ბრიტანეთის (0:38) ნაკრებებთან მარცხის შემდეგ თასისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ, მაგრამ მერე მოინდომეს, ჯგუფის დასკვნით მატჩში მალაიზია 40:5 დაამარცხეს, ფიალას მეოთხედფინალში ნამიბიას 40:7 სძლიეს, ნახევარფინალში ბრაზილის 22:12 აჯობეს და დღეს დილით ფინალში კანადელების წინაშე წარსდგნენ.

ფინალის პირველ ტაიმში უპირატესობა ჩრდილოამერიკელთა მხარეს იყო, მათ ორი ლელო გაიტანეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს, ქართველი მორაგბეებისგან ერთი ლელო მიიღეს და 12:5 დაწინაურდნენ. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ყოველმხრივ დაჯაბნა, სამ ლელოს სამი ზუსტი დარტყმა დაურთო და 26:12 იმარჯვა.

საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები ყაზანში ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ბაჩო კოლელიშვილი, დიმიტრი კალანდაძე, ჯიმი ღამბაშიძე, ბაჩანა ჯოგლიძე, გიორგი ჭყოიძე, ალექსი ხუციშვილი, საბა შუბითიძე, ივა დავითაშვილი, შაკო დავითაშვილი, ლევან გოგოლაშვილი, ირაკლი გეგენავა, ბახვა კობახიძე.

მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084658