“არმიას” საკალათბურთო და სარაგბო გუნდები, რომლებსაც აქამდეც ერთიდაიგივე მეპატრონე ჰყავდა - თავდაცვის სამინისტრო, - ამიერიდან ოფიციალურად გაერთიანდნენ და საქართველოს ჩემპიონატებში საერთო სახელით იასპარეზებენ - სპორტული კლუბი “არმია”.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” კლუბის მარკეტინგის მენეჯერმა თორნიკე ტყაბლაძემ აცნობა და სხვა სიახლეებიც გაგვაცნო: “რაგბისა და კალათბურთის გუნდებს ექნება საერთო ლოგო და საერთო სახელი. საკალათბურთო გუნდს დაემატა ორი ასაკობრივი გუნდი, სადაც ბავშვებს უსასყიდლოდ შეეძლებათ ვარჯიში. რაგბში ისედაც გვაყვდა ასაკობრივი გუნდები. მინდა შეგახსენოთ, რომ რაგბში ჯარისკაცებიც აქტიურად არიან ჩართულები და მათგან დაკომპლექტებული გუნდი ბათუმში ქვიშის რაგბში მიიღებს მონაწილეობას”.
მანვე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “არმიას” გუნდები წლეულს ევროტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ლეგიონერების გარეშე, მხოლოდ ქართველი სპორტსმენებით დაკომპლექტებული გუნდებით ითამაშებენ შიდა ტურნირებებში. ეს უფრო კალათბურთს ეხება, რადგან მორაგბეებს არც აქამდე ჰყავდათ ლეგიონერები და არც ევროტურნირებში მონაწილეობდნენ. თუმცა, არმიელები ევროპაზე სამუდამოდ ხელის აღებას არ აპირებენ და იმედოვნებენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ევროასპარეზს ისევ დაუბრუნდებიან.
რაგბის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით “მსოფლიო სპორტი” სპორტულ კლუბ “არმიას” სპორტულ დირექტორ ზაალ ხერხეულიძეს ესაუბრა.
- რა მდგომარეობაშია სარაგბო “არმია” და სად აპირებს გუნდი მომავალი სეზონისთვის მომზადებას?
- ამ ეტაპზე გუნდი ფიზმომზადებას “ავჭალის” სტადიონზე გადის. წინასასეზონო შეკრებას აგვისტოში ვგეგმავთ, მაგრამ სად შედგება ეს შეკრება, ჯერჯერობით უცნობია. რამდენიმე ალტერნატივა გვაქვს. შესაძლოა, შეკრება საქართველოში გავიაროთ, მაგრამ განვიხილავთ უცხოურ ვარიანტებსაც. ერთ-ერთ ვარიანტად ბარსელონა განიხილებოდა, მაგრამ გამოირიცხა. შესაძლოა, გუნდმა შეკრება საფრანგეთში, ან უკრაინაში გაიაროს.
- რა ცვლილებებით ხვდება “არმია” ახალ სეზონს?
- მწვრთნელთა შტაბში ცვლილებები არ მომხდარა და მომავალ სეზონში გუნდს კვლავ ნიკო ჭავჭავაძე გაუძღვება. საკუთარი სურვილით დაგვტოვა რამდენიმე მოთამაშემ, ზოგიც მწვრთნელის გადაწყვეტილებით წავიდა. აუცილებლად დავიმატებთ ახალ მოთამაშეებს, მაგრამ მათთან ჯერ კონტრაქტები არ გაფორმებულა და ამიტომ გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ყველა მოთამაშესთან ერთწლიან კონტრაქტს ვაფორმებთ. მწამს, რომ შარშანდელთან შედარებით, გუნდი გაძლიერდება და დაკარგული ჩემპიონობის დასაბრუნებლად იბრძოლებს.
- არსებობის პირველ ორ წელიწადს “არმიას” საფრანგეთის დაბალი დივიზიონებიდან, ესპუარების გუნდებიდან ქართველი ლეგიონერები ჩემოჰყავდა. წლეულსაც თუ იგეგმება მსგავსი რამ?
- არის რამდენიმე ვარიანტი და შესაძლოა, ასეთი რამ ახლაც მოხდეს, მაგრამ კონკრეტულ გვარებს ჯერ ვერ დავასახელებ. ზოგადად, ძალიან რთულია საქართველოში სპორტსმენის დაბრუნება. მოთამაშეს კონკურენტული ხელფასი და პირობები უნდა შესთავაზო, რაც ქართული რაგბის მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან რთულია.
- მორაგბეთა ჯგუფმა “არმია” დატოვა და გასული სეზონის მსვლელობისას უცხოეთში დაბრუნდა. ამ ზაფხულსაც წავიდნენ მოთამაშეები და არცთუ მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ, უცხოეთს მიაშურეს. თუნდაც ხვიჩა ბუჯიაშვილი ავიღოთ. რა არის ამის მიზეზი?
- ხელფასების თემა კონფიდენციალურია და ასე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებთ. ბუჯიაშივილი “ალბის” ესპუარებში წავიდა და თუ იქ საკუთარ შესაძლებლობებს დაამტკიცებს, უკვე იანვრიდან პირველ გუნდში დაწინაურდება და ანაზღაურებაც უკეთესი ექნება. ხვიჩა ძალიან კარგი ადამიანი, კარგი მორაგბეა და “არმია” მას წარმატებას უსურვებს. საფრანგეთში მას სპორტული კუთხით განვითარების მეტი საშუალება ექნება და ეს შანსი უნდა გამოიყენოს.
როდესაც მორაგბეებს აქვთ შეთავაზება უფრო მაღალი დონის ჩემპიონატის კლუბებიდან, ჩვენ მათ ვერ შევაფერხებთ. კონტრაქტში არ ვდებთ პირობას, რომ ასეთ შემთხვევაში მათ სანაცვლოდ თანხა იქნება გადასახდელი, რადგან საქართველოში, უფრო კონკრეტულად რაგბში, სატრანსფერო ბაზარი განვითარებული არაა. ეს სერიოზული პრობლემაა. მოთამაშის გაშვებით კლუბი არაფერს იღებს, ამის გარეშე კი, სპორტის განვითარება ძალიან რთულია. სატრანსფერო შემოსავალი კლუბისთვის არსებობის ერთ-ერთი მთავარი წყარო უნდა იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი რეალობა გვაქვს.
- “არმიაში” როგორი პირობებია?
- სხვა ქართულ კლუბებს თუ შევედრებით, რამდენიმე მორაგბის გამოკლებით, საშუალო მაჩვენებლით, “არმია” სხვებზე უკეთეს სიტუაციაშია. თუმცა, ისეთი მაღალი ხელფასებიც არაა, როგორც გასულ წლებში იყო, მათი კორექტირება მოხდა. სამაგიეროდ, მორაგბეებს ყველა პირობა აქვთ საიმისოდ, რომ მხოლოდ თამაშზე იფიქრონ. მათ სრული ეკიპირებით, სამედიცინო მომსახურებითა და დაზღვევით, სრულფასოვანი კვებითა და აღდგენითი პროცედურებით უზრუნველვყოფთ. ამ თვალსაზრისით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პირობები გვაქვს. მოთამაშეებს ექიმები ურჩევენ კვების რაციონს, საგარეო თამაშებზე - ბათუმსა და ქუთაისში - ორი დღით ადრე მივდივართ, რათა ბიჭებმა კარგად დაისვენონ და თამაშისთვის მოემზადონ.
- გასულ წლებში იყო საუბარი, რომ “არმია” “ჩელენჯ ქაფზე” ითამაშებდა...
- ევროთასებში მონაწილეობა მარტო ჩვენს სურვილზე და თანხის გამონახვაზე არაა დამოკიდებული. ამისთვის კლუბმა და საქართველოს რაგბის კავშირმა გარკვეული ვალდებულებები უნდა აიღონ, რაც ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. მოკლედ, დღეისთვის არც სპორტული, არც ფინანსური და არც გარანტიების კუთხით, ამისთვის მზად არ ვართ.
- რა მდგომარეობაა კლუბში ბავშვთა რაგბის განვითარების მხრივ?
- საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ “არმია” სხვა გუნდების ხარჯზე არსებობს, მაგრამ ეს ასე არაა. ეს გუნდი თსუ-ს ბაზაზეა შექმნილი და თავის დროზე თსუ-ს აღზრდილი მორაგბეები დაბრუნდნენ “არმიაში”. მოთამაშეები ჩვენთან უფრო ნაკლებ ხელფასზეც კი გადმოდიან სათამაშოდ, რაღაც მიზეზების გამო, აქ ურჩევნიათ თამაში. რაც შეეხება კონკრეტულად ბავშვთა გუნდებს, გვყავს “ა” და “ბ” ლიგის, ასევე ესპუართა გუნდები. მოთამაშეთა საერთო რაოდენობა 300-ზე მეტია. კლუბს არ აქვს იმხელა ისტორია, რომ დღესვე სათანადო შევსება მიიღოს ბავშვთა კლუბებიდან, მაგრამ მომავალი წლიდან შევსების ძირითადი ნაკადი სწორედ ბავშვთა გუნდებიდან გვექნება. ჩვენი პოზიცია არაა, რომ სხვა გუნდების დასუსტების ხარჯზე გავძლიერდეთ და ამის ხარჯზე მივაღწიოთ წარმატებას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია