საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებს სექტემბერში რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს. მას შემდეგ, რაც ევროპის გრან-პრის პირველ, ლიონის ეტაპზე ქართველმა მორაგბეებმა ბოლო ადგილი დაიკავეს, ისინი პირველად დადგნენ დაქვეითების საფრთხის წინაშე და ახლა დაკარგული ანაზღაურება მართებთ, რათა გაისადაც უძლიერესთა შორის ითამაშონ.
მეორე ეტაპი 21-22 სექტემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება და იქ კახა ალანიას შეგირდებს საკმაოდ რთულ ჯგუფში მოუწევთ თამაში. საქართველოს ნაკრების მეტოქეები 2013 წლის 7-კაცა რაგბის მსოფლიო თასის ფინალისტი ინგლისი, თასის მეოთხედფინალისტი და მომავალ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან დამარცხებული უელსი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი პორტუგალია, მასპინძელი რუმინეთი და იტალია იქნებიან. მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფში III-IV ადგილები დაიკავონ, რათა მაღალი ადგილებისთვის გააგრძელონ ბრძოლა და საერთო ჩათვლაში იმდენი ქულა მიიღონ, რომ ჯამში ბოლო ორ ადგილს თავი დააღწიონ.
შედეგი დიდწილად იქნება დამოკიდებული იმ შემადგენლობაზე, რომლის შეკრებასაც ალანია შეძლებს, არადა, 20-22 სექტემბერს საფრანგეთის პირველ და მეორე ელიტარულ დივიზიონში ტურის მატჩებია დანიშნული და დიდია ალბათობა იმისა, რომ ფრანგულმა კლუბებმა ქართველ ლეგიონერთა გამოშვება იუარონ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია