ქართული რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამისა და ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბები სახელმწიფოსგან დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, რაც მათ არსებობას გაახანგრძლივებს და იმედია, მომავალში სპორტის სათამაშო სახეობებიდან ყველაზე წარმატებული სახეობა რაგბი, მომავალში მსგავს სიტუაციაში აღარასდროს აღმოჩნდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილეებთან, აკაკი ლოდიასა და თამაზ თევზაძესთან ერთად, 29 ივლისს სამინისტროში რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძეს და საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტებს, ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს შეხვდა. შეხვედრას ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “არმაზის” კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი და “ბორჯღალოსანთა” ყოფილი კაპიტანი და რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძეც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მინისტრმა რაგბის კავშირისა და კლუბების წარმომადგენლებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გააცნო, რომლის თანახმადაც, 2013 წლის ბოლომდე, მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებისათვის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდება და ამ საქმისთვის 3 600 000 ლარი გამოიყოფა.
აღნიშნული თანხა, ქართულ კლუბებთნ ერთად, ეროვნული ნაკრების ნოემბერში გასამართი ტესტ-მატჩების საორგანიზაციო საკითხებსა და ასევე, ასაკობრივ ნაკრებებს მოხმარდება.
მინისტრის განცხადებით, რაგბის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელია წარმატებულად ხორციელდება, მომავალ წლებში კიდევ უფრო დაიხვეწება. საუბარია რაგბის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე და პროგრამის 2020 წლამდე გაგრძელებაზე, სახელმწიფოს მხრიდან კი, თანხების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით, მონიტორინგი განხორციელდება.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობის პერსპექტივაზეც. მინისტრის განცხადებით, 2015 წლის თბილისის ევროპის ოლიმპიური ფესტივალისათვის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება და ფესტივალისთის საჭირო არენების პარალელურად, დღის წესრიგში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის ახალი, 25-30 ათასიანი სტადიონის მშენებლობაც დგას.
ლევან ყიფიანი: “შეფასდა ის შედეგები, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში განახორციელა საქართველოს რაგბის კავშირმა და ჩვენმა ნაკრებმა. ამის მხარდასაჭერად, აუცილებელია ინვესტიციები. ჩვენი სურვილია, რომ ეს ინვესტიციები კერძო სექტორმა განახორციელოს და მომავალში, ალბათ, ასეც იქნება, მაგრამ სახელმწიფომ ყოველთვის უნდა წაახალისოს ის დარგი, რომელიც წარმატებებს იძლევა. დარწმუნებული ვარ, გაზრდილი შესაძლებლობებით ბავშვთა და საკლუბო რაგბი და ამ ყველაფრის მწვერვალი ეროვნული ნაკრები, კიდევ უფრო დიდ შედეგებს მოგვიტანს”
გია ნიჟარაძე: “გრძელი და ნერვიულობით აღსავსე გზა გავიარეთ ნოემბრიდან დღემდე. ჩვენ მაშინ პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ თუ არა რაიმე არაორდინალური გადაწყვეტილება, დამატებითი დაფინანსება ქართული კლუბებისთვის, ქართული რაგბის რეგრესი გარდაუვალი იქნებოდა. ყველაფერი დაფუძნებულია კლუბებზე. თუ კლუბი არ იქნება ფინანსურად მეტ-ნაკლებ კომფორტულ სიტუაციაში, რაგბის და ნაკრების განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. მთელი განვლილი შრომა წყალში ჩაიყრებოდა. შეგახსენებთ, რომ უმაღლესი კლუბების საშუალო დაფინანსება იყო 100-150 ათასი ლარი წელიწადში, რაც, რბილად რომ ვთქვათ, რეალობის არაადეკვატურია. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ რუსეთში, კრასნოიარსკის კლუბს წლიური ბიუჯეტი 11 მილიონი დოლარი აქვს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლევანს, მის მოადგილეებს და მთავრობის წევრებს, რომელთაც ასეთი არცთუ იოლი გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ დროებით, დაახლოებით 2 წლით, კლუბებისთვის პრობლემები გადავწყვიტეთ. იმედია, სამომავლოდ ქვეყანა განვითარდება, რაგბით ბიზნესი დაინტერესდება და პრობლემები აღარ შეგვექმნება”.
ირაკლი მაჩხანელი: “გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს გადაწყდა ქართული რაგბის ყოფნა-არყოფნის საკითხი. უღრმესი მადლობა პრემიერმინისტრს და მთელ სახელმწიფოს”.
ბათუ კევლიშვილი (თბილისის “ლელოს” პრეზიდენტი): “მადლობას ვუხდი ბატონ მინისტრს მთელი ქართული რაგბის სახელით. ჩვენ ვიყავით უკიდურესად საგანგაშო, გამოუვალ მდგომარეობაში. ჟანგბადივით გვესაჭიროებოდა ეს დახმარება. პრემიერმინისტრისა და მინისტრის დახმარებით გადავრჩით და რწმენით ვხვდებით ხვალინდელ დღეს”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია