ამბები

17:47 | 16.08.2013 | ნანახია 3244 - ჯერ

ოთხ ერს სხვა არგენტინა იწყებს

შაბათს, თბილისის დროით 14:05 საათზე მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობა იწყება. სამიდან ოთხ ერად გადაკეთებული სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრესი გათამაშების პირველ მატჩში ავსტრალია ახალ ზელანდიას უმასპინძლებს, საღამოს 19 საათზე კი, სამხრეთ აფრიკა არგენტინას დაუხვდება.

ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ევან მაკკენზი სიახლეებს არ შეუშინდა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ ერთბაშად ხუთი დებიუტანტის გამოყვანას აპირებს. “ბრიტანელი და ირლანდიელო ლომების” წინააღმდეგ გამართული ბოლო მატჩისგან განსხვავებით, განაცხადში რვა ახალი მოთამაშე მოხვდა. მართალია შემადგენლობაში დაბრუნდა მგეზავი ქუადე კუპერი, მაგრამ ის სათადარიგოთა შორისაა, მის ადგილს კი, სასტარტო შემადგენლობაში მეტ ტოომუა დაიკავებს.

ძირითადი მგეზავის - დენ კარტერის გარეშე ითამაშებს ახალი ზელანდიაც. მსოფლიოს საუკეთესო მექულე ვარჯიშისას დაშავდა და მის ადგილს აარონ კრუდენი დაიკავებს. “ოლ ბლექსის” თავკაცი სტივენ ჰანსენი დარწმუნებულია, რომ ამით გუნდს არაფერი დააკლდება. ზელანდიელებს ექვსთვიანი შესვენების შემდეგ უბრუნდებათ გუნდის კაპიტანი, მესამეხაზელი რიჩი მაკქოუ.

არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანიმ ბოლო მატჩში, საქართველოსთან 29:18 გამარჯვებული შემადგენლობა სრულად შეცვალა. მაშინცე ითქვა, რომ ეროვნულის სახელით თამაშის მიუხედევად, “პუმები” საქართველოს და მანამდე ინგლისს ორ მატჩში, სათადარიგო შემადგენლობით დაუხვდნენ და მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული განსხვავებული ვარაუდებისა, ეს რეალობა სამხრეთ აფრიკასთან მატჩის წინ დადასტურდა. “ბორჯღალოსნებთან” ნაბრძოლი შემადგენლობიდან სამხრეთ ამერიკელთა 23-კაციან განაცხადში მხოლოდ სამი მორაგბე მოხვდა და სამივე მათგანი თამაშს სათადარიგოთა სკამიდან იწყებს.

შარშან მიღებული გაკვეთილის გამო, როდესაც პირველ მატჩში აფრიკელებმა არგენტინა 27:6 დაამარცხეს, მაგრამ პრემიალური ქულა ვერ აიღეს, მერე კი, არგენტინას სტუმრად 16:16 ეთამაშნენ, “ბოკეს” მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა “პუმებთან” სათამაშოდ საუკეთესო მორაგბეები შეკრიბა. ივნისში სამოასთან გამარჯვებულ შემადგენლობაში, მხოლოდ ოთხი ცვლილება განხორციელდა და ისიც იმიტომ, რომ გუნდს ტრავმირებული მორაგბეები დაუბრუნდნენ. მიუხედავად ამისა, თითქმის ორთვიანი შეკრებაგავლილი, დასვენებული არგენტინის დამარცხება იოლი საქმე მაინც არ იქნება.

რაგბის ჩემპიონშიფი. (ოთხი ერი)

პირველი ტური. 17 აგვისტო

ავსტრალია - ახალი ზელანდია (14:05)

სამხრეთ აფრიკა - არგენტინა (19:00)

მეორე ტური. 24 აგვისტო

ახალი ზელანდია - ავსტრალია

არგენტინა - სამხრეთ აფრიკა

მესამე ტური. 7 სექტემბერი

ახალი ზელანდია - არგენტინა

ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა

მეოთხე ტური. 14 სექტემბერი

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა

ავსტრალია - არგენტინა

მეხუთე ტური. 28 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია

არგენტინა - ახალი ზელანდია

მეექვსე ტური. 5 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია

არგენტინა - ავსტრალია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.127299