სიახლეები

20:26 | 6.02.2016 | ნანახია 1014 - ჯერ

9 ლელო იუბილეზე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, 6 თებერვალს იუბილარი იყო და შეგირდებმა ეს დღე გერმანიისთვის გატანილი 9 ლელოთი მიულოცეს.

გერმანიის ნაკრები „ბორჯღალოსანთა“ ძალის საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ საქართველოს ნაკრებში განხორციელებული ცვლილებები, გარკვეულ ინტერესს იწვევდა - როგორ შეძლებდნენ შედარებით ახალბედები გუნდთან შეწყობას. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ უმეტეს შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს წლის პირველი მატჩის სათანადო დონეზე ჩატარება არ გამოსდის, მაგრამ ამ შემთხვევაში თამაშმა მეტ-ნაკლებად მშვიდ ატმოსფეროში ჩაიარა.

თუმცა, თავიდან იყო გარკვეული სირთულეები. ქართველ მორაგბეებს საწყის 15-20 წუთი დალაგება გაუჭირდათ, ეს პერიოდი აუტსაიდერმა მეტოქემაც კარგად ჩაატარა, მათი მგეზავი ჯერემი ტეჰუია ბურთს კარგად ანაწილებდა, თავისუფალ ადგილებსაც პოულობდა და ფეხით ბურთს სახიფათოდ გვიკიდებდა, მაგრამ სალელოვე საფრთხემდე საქმე არ მიდიოდა. მხოლოდ ერთხელ, მატჩის დასაწყისში და ისიც ქართველთა შეცდომით შეძლეს სტუმრებმა მატჩის ერთადერთი ლელოს გატანა და დაწინაურება, მაგრამ მერე მოედანზე მყოფმა ლიდერებმა ახალგაზრდებს შემოუძახეს, თამაშში აიყოლიეს და მოედანზე ყველაფერი წინასწარ ნავარაუდევი სცენარით წარიმართა.

მთლიანობაში, თამაშმა სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა. მზიან დარში ტემპერატურა 21 გრადუსს აღწევდა, არ ქროდა ქარი, „ავჭალის“ ტრიბუნებმა ყველა მსურველი ვერ დაიტია, თუმცა პირთამდე შეივსო და ასეთ სიტუაციაში თამაში კი, მორაგბეებისთვისაც სასიამოვნოა. თავიდან სიამოვნებას უფრო სტუმრები იღებდნენ, ქართველები შეცდომებს უშვებდნენ და მე-7 წუთზე გერმანია სწორედ შეცდომის წყალობით დაწინაურდა. „ბორჯღალოსნებმა“ ფეხით გადაკიდებული ბურთი აიღეს და ხელდახელ სცადეს შეტევა, მარჯვენა ფლანგზე მეტობაც შეიქმნა და გიორგი ფრუიძე გაიქცა, რომელმაც ბოლო მცველთან კონტაქტში შესვლას ფეხით თამაში არჩია, მაგრამ ბურთი ოლივერ პეინს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა და ლელომდე 55 მეტრი დაუბრკოლებლივ ირბინა. გარდასახვის შემდეგ ანგარიში 0:7 გახდა.

მასპინძლებმა მალევე უპასუხეს და შალვა სუთიაშვილი ზედ კარის წინ მიეძალა, მაგრამ მიმყოლი არავინ გამოჩნდა. მერე მას ბურთი წინ დააგდებინეს, თუმცა ქართველთა შერკინებამ იმძლავრა, შერკინებაში ბურთის შეგდების უფლება თავად მოიპოვა, მერე ბურთი ახალგაზრდა ბექა გორგაძემ დაამიწა, მაგრამ რეფერი სიტუაციაში ვერ გაერკვა 5-მეტრა შერკინება ახლიდან დანიშნა. ამჯერად გორგაძემ უფრო ადრე გაიტანა ბურთი შერკინებიდან და ლელო ისე დადო, მსაჯი ვეღარ მოედავა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

19 წლის გორგაძესთვის ეს მხოლოდ მე-3 სანაკრებო შეხვედრა იყო და პირველი ლელო გაიტანა. მას დებიუტი შარშან ივნისში, თბილისის თასზე ჰქონდა. მთლიანობაში, ბექამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, მას აშკარად ეტყობა, რომ გამორჩეული ხელის ტექნიკა აქვს და გამოცდილების მიღებასთან ერთად, საქართველოს ნაკრებს მისი სახით ძლიერი მესამეხაზელი ეყოლება.

ლელოს შემდეგ დაახლოებით 5 წუთი ქართველებს დალაგება კვლავ გაუჭირდათ, მე-16 წუთზე უბურთო მეტოქის ბოჭვისთვის დაჯარიმდნენ, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. ამას მოყვა საკუთარი დერეფნის წაგება და ჯარიმა შეტევაში, 25-ე წუთიდან კი, მორკინალები აქტიურად ამოქმედდნენ და გერმანელებს ნაცადი ხერხით შავი დღე აყარეს. 26-ე წუთზე დერეფანს კარგი მოლი მოყვა, რომელმაც დაახლოებით 15 მეტრი დაფარა და მიხეილ ნარიაშვილმა მეორე სანაკრებო ლელო გაიტანა.

თამაში გაიხსნა, „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქის წითელ ზოლში ბანაკი დასცეს, ბურთი ჯერ მარჯვნივ და მერე მარცხნივ ბოლომდე ჩაათამაშეს, გიორგი ნემსაძე მბოჭავს დაუსხლტა და მესამე ლელო გაიტანა. ტაიმის მიწურულს ქართველებმა შეტევა გაშალეს და ხაზი ბექა წიკლაურმა გაჭრა, ვასილ ლობჟანიძე მეტოქის ლელოში ბურთიანად შეიყვანეს, მაგრამ რეფერიმ ლელო ვერ დააფიქსირა და 5-მეტრა შერკინება დაინიშნა. ამას ჯარიმა მოყვა, დერეფნიდან ბურთი გიორგი ჩხაიძემ მოიგო, მოლის დაყენების ნაცვლად ანტონ ფეიქრიშვილმა თანაგუნდელის დახმარებით მოკლე ფრთაზე შეუტია და მეოთხე, პრემიალური ლელო გაიტანა. მალაღურაძემ ოთხიდან სამი გარდასახვა გაიტანა - 26:7.

მეორე ტაიმის დასაწყისს კარგი კვლავ არ ეთქმოდა. ქართველებმა ორჯერ მარჯვენა და ერთხელ მარცხენა ფლანგიდან კარგად შეუტიეს, მაგრამ იერიშები ლოგიკურ დასასრულამდე არ მივიდა. სამაგიეროდ, 53-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქის შერკინება მოიგეს, გიორგი თხილაიშვილმა თავად შეუტია და ის ვეღარავინ შეაჩერა. მერე შეცვლაზე შესულმა ზურაბ ჟვანიამ შეუტია რაქიდან და ძელის შალითას მიწვდა, თუმცა მსაჯმა რატომღაც ლელო არ ჩათვალა. სამაგიეროდ, 5-მეტრა შერკინებიდან ლაშა ლომიძემ შეუტია კარგად რადგან მალაღურაძის ორივე გარდასახვა ზუსტი იყო, ანგარიში 40:7 გახდა.

დასკვნით 20 წუთში ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და „ბორჯღალოსნებიც“ ბურთაობაზე გადავიდნენ. ხაზი რამდემჯერმე გაიჭრა და ლელოები იმის გამო არ გავიდა, რომ მეტოქე ჯარიმდებოდა. მერე პეონი სინბინით დაისაჯა, ლომიძემ კვლავ შერკინებიდან შეუტია და დუბლი მიითვალა. 72-ე წუთზე ჟვანიამ გაჭრა კარგად ხაზი, მაღალ სისწრაფეზე მეტოქის 22-ში შევიდა, ორი მცველი მიიზიდა და ლელოში ბურთი ლაშა ხმალაძეს შეაყოლა. ხმალაძე იყო ერთადერთი არამორკინალი, რომელმაც ამ მატჩში გერმანელები დაალელოვა. სულ ბოლოს შალვა სუთიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ და საბა შუბითიძემ ინდივიდუალურად უტიეს და გუნდის კაპიტანმა სუთიაშვილმა გუნდის მე-9 ლელო მიითვალა. ამჯერად გარდასახვა რეზი ჯინჭველაშვილმა დაარტყა, მაგრამ მიზანმა მცირედით უმტყუნა.

„პირველი 20 წუთი თამაში კარგად წაგვივიდა, მაგრამ მერე წნეხმა იმატა და აღარაფერი გამოგვივიდა. სიტუაციის შეცვლას ვცდილობდით, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს ნაკრები კოლექტიური გუნდი იყო და გუნდმა გვაჯობა, ასე რომ, ვინმეს გამოყოფა გამიჭირდება. ჩვენ ამ ტურნირზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ ვიმყოფებით და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას ვეცდებით. ქართველებთან თამაშმა, განსაკუთრებით საწყისმა 20-მა წუთმა, ბევრი პოზიტიური რამ დაგვანახა და იმედია, მიზნის მიღწევას და უძლიერესთა შორის დარჩენას მოვახერხებთ“ - თქვა ნამატჩევს გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა კობუს პოტგიტერმა.

„საწყისი 20 წუთი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ მერე შერკინება დავთმეთ, ბურთის გამოტანა და შენარჩუნება გვიჭირდა და ეს ყველაფერი ტაბლოზე აისახა. მიუხედავად ამისა, ვარ უზომოდ ამაყი, რადგან ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშე“ - დაამატა გერმანელთა კაპიტანმა მაიკლ პოპმეიერმა.

შედეგით და ახლგაზრდების გარჯით კმაყოფილი დარჩა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იუბილარი მილტონ ჰეიგი:

„ახალგაზრდების თამაშით კმაყოფილი ვარ. ბექა გორგაძე ძალიან მომეწონა. მას ჰქონდა პატარ-პატარა შეცდომები, რომლების გამოსწორებაზეც მუშაობა მოუწევს. გიორგი მელიქიძე შეცვლაზე ძალიან კარგად შევიდა და მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ - ფაქტია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან და ჩვენი რაგბის მომავალი საიმედო ხელშია. მაგრამ ამ თამაშში გამოვყოფ გამოცდილ მოთამაშეებს. ჩვენი კაპიტანი შალვა სუთიაშვილი, გიორგი ნემსაძე და გიორგი ჩხაიძე, ეს ის მორაგბეები არიან, რომლებმაც თამაშის მსვლელობას სწორი მიმართულება მისცეს. ვთვლი, რომ დღეს ჩვენ მოედანზე იდეალური მოდელი გვყავდა, როდესაც თამაში ასაკოვან ლიდერებზე და ნიჭიერ ტალანტებზეა აწყობილია.

საწყის 15 წუთში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, მეტოქეს არასაჭირო ჯარიმები ვუბოძეთ. მსგავსი რამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც მოხდა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი იყო მეტოქე წნეხის ქვეშ მოგვექცია, ბურთი შეგვენარჩუნებინა, ეს შევძელით კიდეც და ყველაფერი ლოგიკურად გაგრძელდა“.

ამის შემდეგ მან ერთ კვირაში ლისაბონში, პორტუგალიასთან გასამართი მატჩისათვის მზადებაზე ისაუბრა:

„ვფიქრობ, ტრავმირებული მოთამაშეები გამოჯანმრთელდებიან და ლისაბონში ისინი მოედანზე იქნებიან. გარდა ამისა, გუნდს დაემატებიან დუდუ ქუბრიაშვილი და ვახტანგ მაისურაძე. პორტუგალიის ნაკრები უხერხული მეტოქეა, თუმცა, ჩვენი მიზანი კვლავინდებურად შერკინებისა და უკანა ხაზის თანაბრად დატვირთვა იქნება. ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, რას შემოგვთავაზებ მეტოქე“.

შალვა სუთიაშვილი: „არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ზელანდიასთან მატჩის შემდეგ ძალიან რთულია გერმანიასთან შესაბამისი მოტივაციის შექმნა. ზუსტად ეს დაგვემართა მსოფლიო თასზე ნამიბიასთან მატჩისასაც. გარდა ამისა, წელს პირველ თამაშს ვატარებდით და ცოტა შეწყობა გაგვიჭირდა. ვცდილობდით დინამიურად გვეთამაშა და დარწმუნებული ვარ, პორტუგალიასთან მატჩისთვის ეს უკეთ გამოგვივა“.

2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. პირველი რაუნდი

6 თებერვალი. თბილისი. “ავჭალა”. 2500 მაყურებელი

საქართველო - გერმანია 59:7

საქართველო: 15. ბექა წიკლაური (23. გიორგი აფციაური 60), 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. ლაშა მალაღურაძე (22. რევაზ ჯინჭველაშვილი 72), 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე (21. გიორგი ბეგაძე 60); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. კარლენ ასიეშვილი 47), 2. შალვა მამუკაშვილი (16. ზურაბ ჟვანია 50), 3. ანტონ ფეიქრიშვილი (18. გიორგი მელიქიძე 52), 4. გიორგი ჩხაიძე (19. ლაშა ლომიძე 19-31), 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი (კაპ.), 7. გიორგი თხილაიშვილი (20. საბა შუბითიძე 62), 8. ბექა გორგაძე (19. ლაშა ლომიძე 56).

9 ლელო: გორგაძე, ნარიაშვილი, ნემსაძე, ფეიქრიშვილი, თხილაიშვილი, ლომიძე (2), ხმალაძე, სუთიაშვილი

7 გარდასახვა: მალაღურაძე

გერმანია: 15. ოლივერ პეინი, 14. პასკალ ფიშერი, 13. კარლოს სოტერას-მერცი, 12. პაულ ბოში (თომას ფან ჯელდერენი 78), 11. ჰენდრიკ ფან დერ მერვე, 10. ჯერემი ტეჰუია (დანიელ კოხი 56), 9. პიერ მატიურენი (მაქსიმ ოლტმანი 50); 1. იორნ შროდერი (კრის ჰაუელსი 41), 2. დეილ გარნერი, 3. სემი დიუხზელი (მათიას შოსერი 79), 4. მიხაელ პოპმეიერი, 5. ბენჟამინ დანსო (ტომ ბერენდტი 71), 6. იაკო ოტო (ერიკ მარკსი 62), 7. ჯარიდ ელსი, 8. რომ მეი.

1 ლელო: პეინი

1 გარდასახვა: სოტერას-მერცი

2 სინბინი: ფიუხზელი, პეინი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083504