“რაგბი ჩემპიონშიპის” პირველ ტურში ფავორიტებმა ახალმა ზელანდიამ და სამხრეთ აფრიკამ, ავსტრალია და არგენტინა ულაპარაკოდ დაიბრიყვეს. რაგბის საერთაშორისო საბჭოს რეიტინგლიდერებმა მეტოქეები ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და ოთხი ერის სტარტზევე იქცნენ ტურნირის მოგების ფავორიტებად.
ავსტრალია მსოფლიოს ჩემპიონ “ოლ ბლექსს” მკვეთრად გადახალისებული შემადგენლობით, ერთბაშად რვა დებიუტანტით დაუხვდა. ახალბედების გარჯა მხოლოდ საწყის 40 წუთში აღმოჩნდა მეტნაკლებად შედეგიანი, მერე კი, სტუმრებმა გაილაღეს, უპირატესობა მეთოდურად გაზარდეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კაპიტან რიჩი მაკქოუს საუცხოო თამაში, რომელიც ნაკრებს ექვსთვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა, მაგრამ ცხადად გამოჩნდა, რომ მას საუკეთესო თვისებები არ დაუკარგავს და ის საუცხოო იყო რაქში თუ ღია თამაშში. მთლიანობაში, “ოლ ბლექსმა” ორის პასუხად ექვსი ლელო გაიტანა, 47:29 იმარჯვა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
მაყურებელმა ლამაზი, გაშლილი რაგბი იხილა, მაგრამ ეს ღამე ზელანდიისა იყო. პირველი ლელო მე-3 წითზე გავიდა, როდესაც დენ კარტერის მაგივრად მობურთალმა აარონ კრუდენმა ფლანგზე ბენ სმიტი მოძებნა და მატჩში ჰეთ-თრიკის შემსრულებელმა გარემარბმა პირველი ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო კრუდენმა გარდასახვა გამოიყენა. ამის შემდეგ ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ და და კრისტიან ლეალიიფანომ ორი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. კრუდენმა ჯარიმით სხვაობა გაზარდა, თუმცა, ინიციატივა მაინც ავსტრალიის მხარეს იყო და თითქოსდა დაცვაში კარგად მოთამაშე ზელანდიელები კიდევ ორჯერ დაჯარიმდნენ, რაც 6 ქულად იქცა და 27-ე წუთზე მასპინძლები 12:10 დაწინაურდნენ.
ამ პერიოდში “კენგურუებს” ლელოს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ საკუთარი შანსი ვერ გამოიყენეს და მხოლოდ 2-ქულიანი ლიდერობა მიიღეს, რომელიც სულ რაღაც ერთი წუთი გაგრძელდა. მატჩის განახლებისთანავე კრუდენმა ლეალიიფანოს მისსავე 22-ში ბურთის ფეხით მოგერიებისას დაუფარა და მხტუნავ ოვალს ჩათვლის მოედანში დაახტა. ამან ზელანდიელები კიდევ უფრო გაახელა და ოთხ წუთში რიჩი მაკქოუ ფლანგზე გაიჭრა და გახდა პირველი ზელანდიელი, რომელმაც საერთაშორისო მატჩებში მე-100 ლელო გაიტანა.
ანგარიში 22:12 გახდა და სტუმრები ზეწოლას განაგრძობდნენ, მაგრამ დერეფანში შეცდომა დაუშვეს, ჰუპერმა ვილ გენიას ბოჭვაში საუცხოო გადაცემა გაუკეთა, ეს უკანასკნელიც დაიძრა, გზად სამი მბოჭავი ჩამოიცილა, 75 მეტრი დაფარა და ლამაზი ლელო გაიტანა. ზუსტ გარდასახვას ზედ შესვენების წინ კრუდენმა ჯარიმით უპასუხა და “ოლ ბლექსი” შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა (25:19), რომელიც მეორე ნახევრის დასაწუისშივე ლეალიიფანომ ჯარიმითვე 3 ქულამდე დაიყვანა და ავსტრალიას მატჩის მოგების იმედს უტოვებდა, მაგრამ ზელანდიელებმა დასკვით ნახევარ საათში მასპინძლები საბოლოოდ გატეხეს და მათ წარმატების იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვეს.
ის დღე სმიტების იყო და 51-ე წუთზე აარონ სმიტმა სონარდ სმიტს პრემიის მომტანი მეოთხე ლელო გაატანინა. “ოლ ბლექსი” მიღწეულზე არ გაჩერდა და ბენ სმიტმა კიდევ ორი ლელო მიითვალა, რითაც თავად ჰეთ-თრიკი შეასრულა, ანგარიში კი, 47:22 გახდა. მატჩის მიწურულს ავსტრალიელმა ჯეიმს ოკონორმა ლელო მიითვალა, მაგრამ ეს საერთო სურათს ვეღარ შეცვლიდა და ახალმა ზელანდიამ 47:29 იმარჯვა. “ოლ ბლექსმა” 4 და მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერა და ავსტრალიასთან საზიარო “ბლედისლოუს თასიც” შეინარჩუნა. 24 აგვისტოს ეს გუნდები ველინგტონში ითამაშებენ და იქ ზელანდია უპირობო ფავორიტი იქნება, ავსტრალიელებს კი, ამ მარცხისგან სწორი დასკვნების გამოტანა მოუწვთ, რათა მეტოქეს უფრო ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ.
უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდა იოჰანესბურგში სტუმრად ჩასული არგენტინა, რომელიც სამ ერს შარშან დაემატა და ამ ტურნირში მხოლოდ მეორედ ჩაება. სამხრეთამერიკელებმა ევროპაში ნაბრძოლი ლიდერები კარგად დაასვენეს, ივნისის ტესტებზე ინგლისსა და საქართველოს წინააღმდეგ მეორე შემადგენლობები ათამაშეს, ამჯერად კი, მოედანზე მართლაც უძლიერესები გაიყვანეს, მაგრამ მათ ვერაფერმა უშველა. სამხრეთ აფრიკამ ერთი წლის წინანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც “პუმებს” შინ ბრძოლაში აჯობა, ხოლო სტუმრად მხოლოდ ფრეს გამორჩა, ამჯერად სრული მობილიზებით იბურთავა და მეტოქეს ცხრა ლელო გაუტანა, საბოლოოდ კი, მომხვდური 73:13 შეარცხვინა.
არგენტინელებმა მასპინძლებს წინააღმდეგობა მხოლოდ საწყისი 30 წუთი გაუწიეს, თუმცა ამ პერიოდშიც ჩანდა, რომ აფრიკელები მეტოქეს ყველა კომპონენტში ჯობნიდნენ. მორნი სტეინმა საკუთარი გუნდი ორი ჯარიმით დააწინაურა და მე-18 წუთზე მესამე დარტყმაც ზუსტად შეასრულა, მაგრამ მანამდე და მერე ფელიპე კონტეპომიმ ორი ჯარიმით უპასუხა და “ქურციკები” სულ რაღაც 3 ქულით - 9:6 იგებდნენ. 30-ე წუთზე მასპინძლები მეტოქეს ჯანში რომ ჯაბნიდნენ, სტუმრებს კარგი მოლით მიაწვნენ, ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში მათ მოკლე ფრთაზე უნდოდათ ბურთის გატანა და ლელოც აუცილებლად გავიდოდა, მაგრამ ეუსებიო გუინასუმ გადაცემა განზრახ ჩაჭრა და თავად სინბინით, ხოლო მისი გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. მალევე არგენტინამ შეტევაში ბურთი დაკარგა, ენგელბერხტი ფეხით გაგორებულ ბურთს მიყვა და დაახლოებით 50 მეტრი ისე ირბინა, ხელი ვერავინ შეუშალა. სტეინმა ორივე გარდასახვას ერთი ჯარიმაც მიამატა და ტაიმი 26:6 დასრულდა.
მეორე ტაიმში არგენტინელთა დაცვა მთლიანად მოიშალა და აფრიკამაც კიდევ შვიდი ლელო გაიტანა, აქედან სამი კარგად დაყენებულ მოლს მოყვა. თავი სტრაუსმა, ალბერტსმა, დე ვილერსმა, დუ პრესმა, ჰაბანამ, ვერმულენმა და დუ პლესიმ გამოიჩინემ, ხოლო როდესაც ანგარიში 73:6 იყო, არგენტინელთა პრესტიჟის ლელო ფელიპე კონტეპომმა მიითვალა და ჩამორჩენა 60 ქულამდე დაიყვანა. ერთ კვირაში არგენტინელები აფრიკელებს შინ დაუხვდებიან და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ უფრო წარმატებულ თამაშს ეცდებიან.
2013 წელი. რაგბის ჩემპიონშიპი. (ოთხი ერი)
პირველი ტური. 17 აგვისტო
ავსტრალია - ახალი ზელანდია 29:47
სამხრეთ აფრიკა - არგენტინა 73:13
1 | სამხრეთ აფრიკა | 1 | 1 | 0 | 0 | 73-13 | 5 |
2 | ახალი ზელანდია |
1 | 1 | 0 | 0 | 47-29 |
5 |
3 | ავსტრალია |
1 | 0 | 0 | 1 | 29-47 | 0 |
4 | არგენტინა | 1 | 0 | 0 | 1 | 13-73 | 0 |
მეორე ტური. 24 აგვისტო
ახალი ზელანდია - ავსტრალია
არგენტინა - სამხრეთ აფრიკა
მესამე ტური. 7 სექტემბერი
ახალი ზელანდია - არგენტინა
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა
მეოთხე ტური. 14 სექტემბერი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა
ავსტრალია - არგენტინა
მეხუთე ტური. 28 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
არგენტინა - ახალი ზელანდია
მეექვსე ტური. 5 ოქტომბერი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია
არგენტინა - ავსტრალია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია