ამბები

12:27 | 25.08.2013 | ნანახია 2331 - ჯერ

ფავორიტები მძიმედ იგებენ

 

“რაგბი ჩემპიონშიპის”, ანუ ოთხი ერის მეორე ტურის შეხვედრები პირველზე მეტად დაძაბული გამოდგა. ერთი კვირის წინანდელი მატჩებისგან განსხვავებით, შეიცვალა მასპინძელი გუნდები და მანამდე უშანსოდ დამარცხებული გუნდების განწყობა.

ახალმა ზელანდიამ ერთი კვირის წინათ ავსტრალია სიდნეიში 47:29 დაამარცხა და 6 ლელო გაიტანა. გულშემატკივარი ელოდა, რომ ველინგტონში, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ, “ოლ ბლექსი” კიდევ უფრო გაილაღებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. “კენგურუების” შემადგენლობაში წინა მატჩისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი, ისიც იძულებითი ცვლილება მოხდა, მაგრამ ამჯერად ავსტრალიელებმა უკეთ ირაგბეს და მართალია ისევ დამარცხდნენ, მაგრამ მეტოქეს პრემიალური ქულა არ დაანებეს.

სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მასპინძელთა ჩათვლის მოედანთან 14-ფაზიანი შეტევის შემდეგ, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, რომელიც კრისტიან ლეალიიფანომ სამ ქულად აქცია.

ამას “ოლ ბლექსის” გააქტიურება მოყვა და ზელანდიელებს რამდენჯერმე მიეცათ ლელოს გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მცველებმა თავდადებით ითამაშეს, ხოლო იზრაელ დაგს, რომელიც სამ მცველს დაუსხლტა, არავინ მიყვა. ამ პერიოდში წონასწორობის აღდგენის შანსი ტომ ტეილორს ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. ერთი დარტყმა ავსტრალიელებს გაუფუჭდათ, მაგრამ 27-ე წუთზე ლეალიიფანომ ჯარიმიდან მეორედ იხეირა და ავსტრალია 6:0 დაწინაურდა.

თამაში განახლდა და ლელოც გავიდა. სიდნეიში ჰეთ თრიკის შემსრულებელ ბენ სმიტს ავსტრალიელებმა ვერაფერი მოუხერხეს და მან ამ თამაშში დუბლი მიითვალა, ჯამში კი, ერთი კვირის შუალედით ჩატარებულ ორ თამაშში 5 ლელო დაუგროვდა.

პირველ ჯერზე ზელანდიელებმა მოკლე, სწრაფი პასებით სმიტი მარჯვენა ფლანგზე გაიყვანეს გარღვევაზე, მან მაღალ სიჩქარეზე მიიღო ბურთი და მასპინძელთა არეულმა დაცვამ მისთვის თითის დაკარებაც ვერ მოახერხა, ხოლო ტეილორმა გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა.

ხუთ წუთში ავსტრალიელებს გასატანი ჯარიმის შესრულების უფლება მიენიჭათ, მაგრამ რეფერის გვერდითმა მსაჯმა უკარნახა, მანამდე სტუმართა მორაგბემ იუხეშაო და “კენგურუებს” ბურთი ჩამოერთვათ.

ტეილორმა 37-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და თითქოს ტაიმი 10:6 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლო წუთზე სტევენ ლატუამ საუცხოო გარღვევა მოაწყო, რამდენიმე მცველი ჩამოიშორა და მეტოქის 22-მეტრიანი ზონის სიღრმეში შეაღწია. ის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს შეაჩერეს, თუმცა ბურთი სწრაფად გავიდა ხაზზე და სმიტმა ალამთან მეორე ლელო გაიტანა - 15:6.

მეორე ტაიმი ავსტრალიამ კვლავ უკეთ დაიწყო, მაგრამ ქულის აღება ვერ მოახერხა, მერე კი, მათი თამაში აირია და ზელანდიელებს შესაძლებლობები უკეთ რომ გამოეყენებინათ, ეგებ პრემიალურ ქულაზეც ეფიქრათ, მაგრამ ასე არ მოხდა.

70-ე წუთამდე მასპინძელთა სამ ჯარიმას სტუმრებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს და “ოლ ბლექსმა” უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდა. ავსტრალიამ ლელო 72-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მაა ნონუს გადაცემა იზრაელ ფოლაუმ საკუთარ 22-ში ჩაჭრა და მეტოქის ჩათვლის მოედნამდე დაახლოებით 80 მეტრი ირბინა. გარდასახვა ზუსტი იყო, თუმცა, მალევე, დაგმა სტუმრათა ფერმკრთალი იმედები საბოლოოდ ჩააცხრო და ზელანდიამ 27:16 იმარჯვა.

ამრიგად, “ოლ ბლექსმა” ზედიზედ მე-11-ედ შეინარჩუნა უძველესი და ყველაზე დიდი “ბლედისლოუს თასი”, რომელიც ამ გუნდებს შორის თამაშდება. ახალმა ზელანდიამ წელს გასამართი სამი თამაშიდან ავსტრალია უკვე ორში დაამარცხა და მეტოქეს მასთან წლის ჯამში დადებითი ბალანსის დაფიქსირების შანსი აღარ დაუტოვა.

უფრო დაძაბული გამოდგა არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებთა დაპირისპირება. ერთი კვირის წინათ “ქურციკებმა” მეტოქე 60 ქულის სხვაობით (73:13) გაანადგურეს, მაგრამ “პუმებმა” გონს მოსვლა მოახერხეს და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ გამარჯვების მოპოვებამდე სულ ცოტა დააკლდათ.

მასპინძლებმა თამაშის დებიუტშივე მოიპოვეს უპირატესობა, როდესაც დერეფნიდან კარგი მოლი ააგორეს და ხუან მანუელ ლეგიზამონმა ლელო გაიტანა, ხოლო ფელიპე კონტეპომმა გარდასახვა გამოიყენა.

მალე მორნი სტეინმა და კონტეპომმა ჯარიმები გაცვალეს, მე-12 წუთზე კი, ბესონმა საპასუხო ლელო გაიტანა და სტეინმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს და 35-ე წუთზე მარსელო ბოსხისგან ლელოთი აქეთ დაისაჯნენ. კონტეპომის გარდასახვას ტაიმის მიწურულს სტეინმა შორეული ჯარიმით უპასუხა და “პუმები” შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 17:13.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე სტეინმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ამის შემდეგ მასპინძლებმა დაცვაში მაქსიმალური თავდადებით იბრძოლეს და “ოთხ ერზე” თავის პირველ გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ 71-ე წუთზე დაჯარიმდნენ, სტეინმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და პირველად ამ მატჩში სტუმართა გუნდი დააწინაურა. არგენტინელებს თამაშის მოსაგებად ჯარიმა, ან არეკნი უნდოდათ, მაგრამ ახლა უკვე აფრიკელებმა ითამაშეს კარგად, მათ საკუთარი ნახევრიდან გასვლის საშუალება არ მისცეს და სულ ბოლოს სტეინმა ჯარიმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 22:17.

ამრიგად, “რაგბი ჩემპიონშიპის” ფავორიტები გამოიკვეთა - ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა. ახლა გუნდები ერთი კვირა დაისვენებენ, მერე კი, ზელანდია არგენტინას უმასპინძლებს, ხოლო სამხრეთ აფრიკა ავსტრალიას ეწვევა. ფავორიტების პირველი ჯახი 14 სექტემბერს შედგება, როდესაც აფრიკელები “ოლ ბლექსს” კუნძულზე ჩააკითხავენ.

 

2013 წელი. რაგბის ჩემპიონშიპი. (ოთხი ერი)

მეორე ტური. 24 აგვისტო

ახალი ზელანდია - ავსტრალია 27:16

არგენტინა - სამხრეთ აფრიკა 17:22

1 სამხრეთ აფრიკა 2 2 0 0 95-30
9
2 ახალი ზელანდია 2 2 0 0 74-45 9
3 არგენტინა
2 0 0 2 30-95 1
4 ავსტრალია
2 0 0 2 45-74 0

 

მესამე ტური. 7 სექტემბერი

ახალი ზელანდია - არგენტინა

ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა

მეოთხე ტური. 14 სექტემბერი

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა

ავსტრალია - არგენტინა

მეხუთე ტური. 28 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია

არგენტინა - ახალი ზელანდია

მეექვსე ტური. 5 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია

არგენტინა - ავსტრალია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076067