ამბები

18:28 | 25.08.2013 | ნანახია 5758 - ჯერ

ჯაბა ბრეგვაძეს ძლიერი დარტყმა მიაყენეს

Top 14-ის ქართველთა უიღბლობა გრძელდება


საფრანგეთის მორაგბეთა პირველი ელიტარული დივიზიონის Top 14-ში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისათვის წლევანდელი სეზონი საშინლად დაიწყო. ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე მამუკა გორგოძეს მამა რომ გარდაეცვალა, ვარჯიშის განახლების შემდეგ ნანერვიულებმა და გადაღლილმა ორგანიზმა დატვირთვებს ვერ გაუძლო და მან მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც ოქტომბრამდე ვერ ითამაშებს, მეორე ტურში კი, ერთბაშად ორი ქართველი პირველხაზელი დაშავდა.

“ტულუზამ” “ბაიონს” უმასპინძლა, მომხვდური 16500 გულშემატკივრის გასახარად 40:3 გაანადგურა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა, მაგრამ ქართველი ლეგიონერები ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით დაკარგა.

ვასილ კაკოვინი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე წუთზევე შესაცვლელი გახდა. ექიმების ვარაუდით, მას მუხლქვეშა მყესები გაუწყდა.

ჯაბა ბრეგვაძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო და 18 წუთში შეცვალეს. მოწინააღმდეგემ მას მუხლით თავში ძლიერი დარტყმა მიაყენა. დანაშაული იმდენად სერიოზული იყო, რომ რეფერიმ მორაგბეს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ექიმების წინასწარი ვარაუდით, ქართველ ჰუკერს აპოფიზის (ძვლის წანაზარდი, რომელზეც მყესი მაგრდება) მოტეხილობა უნდა ჰქონდეს და თუ ეს ვარაუდი დამტკიცდა...

“შესაძლოა, ორი წამყვანი პირველხაზელი დიდი ხნით დავკარგეთ” - თქვა ნამატჩევს გუნდის მწვრთნელმა ჟან-ბატისტ ელისალდემ.

მასპინძლებმა ტაიმი 12:3 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში 4 ლელო მიითვალეს. ამ მოგების შემდეგ “ტულუზას” 6 ქულა მოუგროვდა, “კასტრთან” მეორე ადგილს იყოფს და ერთით ჩამორჩება ლიდერ “ტულონს”.

ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” უმასპინძლა და 41:14 იმარჯვა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ, მასპინძლებმა 5 ლელო გაიტანეს და ბოლო წუთამდე 41:9-ს იგებდნენ, მერე კი, პრესტიჟის ლელო სტუმრებმაც მიითვალეს.

დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” მეორე მატჩიც სტუმრად ჩაატარა, ამჯერად Top 14-ში აღზევებულ “უაიონთან” და 19:30 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 65 წუთი გაატარა, მაგრამ მისმა გუნდმა პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩაატარა და 0:20 ჩამორჩა. 56-ე წუთისთვის ჩამორჩენა 9 ქულამდე დავიდა (14:23), მაგრამ ის დღე მაინც მასპინძლების იყო და “კლერმონს” სატურნირო ცხრილში 4 ქულა დარჩა.

ჯერჯერობით გამარჯვებას ვერ ახერხებს მიხეილ ნარიაშვილისა და მამუკა გორგოძის “მონპელიე”, რომელსაც სტუმრად “ბიარიცმა” 19:12 სძლია. გორგოძე ტრავმირებულია, ხოლო პირველხაზელმა ნარიაშვილმა პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა. სტუმრებმა ტაიმი 6:3 მოიგეს, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე ლელო-გარდასახვა მიიღეს, მდევრის როლში აღმოჩნდნენ და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. “მონპელიეს” ორი თამაშის შემდეგ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

ხუთი უპასუხო ლელო გაიტანა, 34:6 იმარჯვა და პრემიალური ქულა ჩაიწერა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”. “გრენობლთან” გამართულ მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში იყო, რომელიც მასპინძლებმა 15:3 მოიგეს, მერე კი, მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს და დიდი სხვაობით იმარჯვეს. ქართველი პირველხაზელი განაცხადში იყო, მოედანზე შესვენების დასრულებისთანავე გამოჩნდა და გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

დაძაბული გამოდგა გიორგი ჟღენტის “პერპინიანისა” და დავით ქუბრიაშვილის და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს” დაპირისპირება. ქართველ პირველხაზელთაგან განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი იყო და ის თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო. მატჩის ბედი სტუმართა მგეზავის, პლისონის ფეხჩუბინონამ გადაწყვიტა. მან საწყის 10 წუთში ორი არეკნი გაიტანა, ხოლო ჰეთ თრიკი ბოლო წუთზე შეასრულა და პარიზელებს 28:27 მოაგებინა. მანამდე შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან მეორე, მაგრამ მასპინძელთა 3 ლელო გამარჯვებისთვის საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა და 4 ქულა უფრო პრაგმატულმა სტუმრებმა ჩაიწერეს. გუნდები 5-5 ქულით VI_VII ადგილებს იყოფენ.

Top 14-ში დაბრუნებულმა გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივმა” პირველი გამარჯვება მოიპოვა და ასევე 5 ქულით მე-4 პოზიციაზეა. ბრიველებმა ზაზა ნავროზაშვილის “ბორდოს” 25:12 სძლიეს. ამ მატჩშიც მხოლოდ ერთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა - შველიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 52-ე წუთზე შეცვალეს, 68-ეზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე დაბრუნდა და ბოლომდე ითამაშა. მასპინძლები თავიდანვე დაწინაურდნენ, მეტოქეს დაწევის საშუალება არ მისცეს, 6 ჯარიმა გამოიყენეს, საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე ლელო-გარდასახვაც მიითვალეს და გამარჯვება მოიპოვეს.

Top 14-ის მორიგი ტურის თამაშები 30-31 აგვისტოს გაიმართება, თვის ბოლოს კი რანგით მეორე დივიზიონი - Pro D2-ის გათამაშებაც დაიწყება.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081703