ამბები

12:06 | 26.08.2013 | ნანახია 3671 - ჯერ

კაკოვინისთვის სეზონი დასრულდა, ბრეგვაძე გადარჩა

ფრანგული გრანდ “ტულუზას” ოფიციალური საიტის ცნობით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯ ვასილ კაკოვინისთვის, მიმდინარე სეზონი დასრულდა.

23 წლის მორაგბე, Top 14-ის მიმდინარე სეზონის მეორე ტურში, შაბათს “ბაიონთან” 40:3 მოგებული მატჩის დებიუტში, მეორე წუთზევე დაშავდა. სამწუხაროდ, სრულფასოვანმა გამოკვლევამ წინასწარი ვარაუდი დაადასტურა - ქართველს მუხლქვეშა ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი. ამ სახის დაზიანებას, მინიმუმ, ექვსთვიანი მკურნალობა სჭირდება და კლუბში აცხადებენ, რომ კაკოვინი მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა.

სამწუხაროდ, “ბრივიდან” “ტულუზაში” გადასვლის შემდეგ, კაკოვინისთვის გასული სეზონიც უიღბლოდ დაიწყო და საწყისი 10 ტურის მატჩიდან 9, საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა, მერე კი, სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და Top 14-ის 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, მან “ჰაინეკენის თასზეც” ჩაატარა ორი თამაში. ახალი სეზონის ორივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო. ამრიგად, კაკოვინი საქართველოს ნაკრებს, ნოემბრის ტესტების გარდა, ერთა თასის 2014 წლის შეხვედრებშიც დააკლდება, რომელიც ამავდროულად, 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.

საბედნიეროდ, არ გამართლდა “ტულუზას” მეორე ქართველის, ჯაბა ბრეგვაძის ტრავმასთან დაკავშირებული ვარაუდი. 26 წლის მორაგბე, იმავე “ბაიონთან” მატჩში მოედანზე 52-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ 70-ეზე, მოწინააღმდეგემ მუხლი ზურგში განზრახ ჩაარტყა და თავად წითელი ბარათით დაისაჯა, მაგრამ ქართველი შესაცვლელი შეიქმნა. ექიმები შიშობდნენ, რომ ჯაბას აპოფიზის მოტეხილობა ჰქონდა, თუმცა, სრულფასოვანმა გამოკვლევამ, ეს მძიმე ვარაუდი არ დაადასტურა.

საიტზე არაფერია ნათქვამი, თუ როდის შეძლებს ქართველი ჰუკერი მოედანზე დაბრუნებას, მაგრამ რაც მთავარია, მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძე “ტულუზაში” 2012 წელს, სამედიცინო ჯოკერის სტატუსით, აქვსენტი გიორგაძის შემცვლელად მივიდა, მაგრამ მას შემდეგ, თავადაც არაერთი დაზიანება მიიღო და ამის გამო, 2011/2012 წლების სეზონში, Top 14-ის მხოლოდ 6, ხოლო გასულ სეზონში 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076681