ამბები

17:54 | 1.09.2013 | ნანახია 3251 - ჯერ

ასეიშვილმა Top 14-ში გამოჩენა ლელოთი აღნიშნა

 

ფრანგული “ბრივის” 26 წლის ქართველმა პირველხაზელმა კარლენ ასეიშვილმა, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურით ხუთი თამაში აქვს ჩატარებული, საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში დებიუტი ლელოთი აღნიშნა.

თბილისის “ყოჩების” აღზრდილი მორაგბე საფრანგეთში მეოთხე სეზონს ატარებს. “ფედერალ 1”-ის “ორტეზში” გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, მან ორი წელი Pro d2-ის “ორიაკში” გაატარა და ზაფხულიდან Top 14-ში აღზევებულ “ბრივში” გადავიდა. აღსანიშნავია, რომ მესამე (19) და მეორე (44) დივიზიონებში ჯამში ჩატარებულ 63 მატჩში, მას ლელო არ გაუტანია. ელიტური ლიგის მე-3 ტურში მწვრთნელმა ის “ბრივის” პირველი გუნდის განაცხადში პირველად შეიყვანა, მოედანზე 47-ე წუთზე შეუშვა და 26 წუთში ლელო გაიტანა.

ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივი” მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიეს” ეწვია და 24:33 დამარცხდა. გორგოძე ტრავმირებულია, ნარიაშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და მეორე ტაიმი სრულად ითამაშა, შველიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 36-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და 47-ეზე მის ნაცვლად მოედანზე ასეიშვილი შევიდა, რომელმაც 73-ეზე ლელო გაიტანა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 12:3 მოიგეს და მეორე ნახევრის დასაწყისში, როდესაც 13-ის წინააღმდეგ 14 თამაშობდნენ, ლელო გაიტანეს. 56-ე და 57-ე წუთებზე, “ბრივს” ორი მორაგბე გაუსინბინეს და 10 წუთით ორკაცმეტობა “მონპელიემ” კიდევ ორ ლელოში გარდასახა - 33:3. მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და მასპინძლებს სამი ლელოს უპირატესობა რომ შეენარჩუნებინათ, პრემიალურ ქულასაც ჩაიწერდნენ, მაგრამ დასკვნით 15 წუთში სამი ლელო თავადაც გაუშვეს. ასეიშვილმა სტუმართა მხრიდან მეორე ლელო გაიტანა - 5-მეტრა დერეფნის შემდეგ, ის მოლს მოწყდა და თანაგუნდელის დახმარებით ჩათვლის მოედანი გადაკვეთა.

“მონპელიემ” ამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 7 ქულით მე-9 ადგილამდე დაწინაურდა, ხოლო “ბრივი” 5 ქულით მე-11-მე-13 ადგილებს იყოფს.

“პერპინიანის” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ამ ზაფხულს “მონპელიედან” გადასულ პირველხაზელ გიორგი ჟღენტს, რომელიც ახალი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა და 46-ე წუთზე რუმინელმა პაულიცა იონმა შეცვალა. ქართველი ლეგიონერის გუნდი სტუმრად “ბაიონს” ეთამაშა და 20:31 დამარცხდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 13:9 მოიგეს, მეორე ნახევრის დასაწყისში, 42-ედან 50-ე წუთამდე “პერპინიანი” სამჯერ დაისაჯა სინბინით და ორი წუთი 12 კაცის ამარა იცავდა თავს. 68-ე წუთისთვის ანგარიში 31:15 გახდა, ხოლო მატჩის მიწურულს სტუმრებმა ლელო გაიტანეს და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა. “პერპინიანს” 5 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.

სამწუხაროდ, Top 14-ის ქართველებისთვის უიღბლო სერია III ტურშიც გაგრძელდა. ზაზა ნავროზაშვილთან სტუმრად თამაშისას, “კასტრის” პირველხაზელმა ანტონ ფეიქრიშვილმა ტრავმირებული თანაგუნდელი 37-ე წუთზე შეცვალა, მაგრამ 49-ეზე თავადაც დაშავდა შესაცვლელი შეიქმნა. დაძაბულ მატჩში მისი გუნდი საათის თავზე 17:12 დაწინაურდა, 71-ე წუთისთვის ერთი ქულით ჩამორჩა, მალევე ჯარიმით ისევ წინ გაიჭრა, მაგრამ ბოლოს ჯარიმა თავადაც გაუშვა და მარცხი განიცადა - 20:21. “კასტრმა” პრემიალური ქულა ჩაიწერა, ჯამშში 7 გაუხდა და “მონპელიესთან” VIII-IX ადგილებს იყოფს. ნავროზაშვილი “ბორდოს” განაცხადში არ იყო, მისი გუნდი კი, 8 ქულით IV-VII ადგილებს იყოფს.

სამწუხაროდ, III ტურში მეტი ქართველი მოედანზე არ გამოჩენილა. დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” ქართველი ლეგიონერების გარეშე 38:3 დაამარცხა “ბიარიცი”, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 10 ქულით პირველ ადგილზეა. პრემიალური ქულა აიღო დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, რომელმაც ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზას” 38:19 სძლია. ზირაქაშვილი, კაკოვინი და ბრეგვაძე II ტურის მატჩებში დაშავდნენ და განაცხადში არ იყვნენ. “კლერმონმა” პრემიის მომტანი ლელო მატჩის მიწურულს მიითვალა და 9 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო “ტულუზა” 6 ქულით მე-10 ადგილზეა.

“რასინგ მეტროს” შემადგენლობაში კვლავ არ გამოჩენილა დავით ხინჩაგიშვილი, რომლის გუნდმაც “უაიონს” 22:9 სძლია. ქართველი პირველხაზელის გუნდს 8 ქულა აქვს. 8 ქულა აქვს ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს”, რომელიც “გრენობლთან” 26:28 დამარცხდა და პრემიალურ ქულას დასჯერდა. ჩილაჩავა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. თოპ 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 4 სექტემბერს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.110236