სარაგბო სეზონის განახლების წინ ქართული რაგბის გულშემატკივართათვის სასიამოვნო რამ მოხდა - უმაღლესი ლიგის მატჩების ტელეტრანსლირებას ტელეკომპანია “აფხაზეთის ხმა” მოახდენს.
ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2013-14 წლის გათამაშება 7 სექტემბერს იწყება. კლუბები შეკრებებიდან დაბრუნდნენ და პირველი მატჩებისთვის ემზადებიან.
“რას ნიშნავს ქართული “სარაგბო სამყაროსთვის” სექტემბის დადგომა? როგორც ყოველთვის ახალი, ამჯერად 2013-14 წლის სეზონის დაწყებას, რომელიც ბევრ საინტერესო და დაძაბულ მატჩს გვპირდება. პირდაპირ ეთერში ამ სანახაობას ამჯერად ტელეკომპანია “აფხაზეთის ხმა” შემოგვთავაზებს, რაც კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ჩვენს ქვეყანაში რაგბს და ამ საოცარი თამაშის ნიუანსებში უფრო ღრმად ჩაწვდომის საშუალებას მისცემს რაგბის მოყვარულთა ფართო აუდიტორიას” - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ნიაზ მამრიკიშვილმა.
“ტელეკომპანია “აფხაზეთის ხმა” მოხარულია, რომ კვლავ ეძლევა შანსი გააშუქოს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თამაშები. ჩვენი კომპანია ყოველთვის გვერდით უდგას ქართულ რაგბს და მის განვითარებას” - თქვა ტელეკომპანია “აფხაზეთის ხმის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი დათეშიძემ.
“აფხაზეთის ხმა” საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს ორი წლის წინაც გადასცემდა, გასულ სეზონში კი, მისგან ეს უფლება “ტვ 9”-მ გადაიბარა, რომელიც ცოტა ხნის წინათ დაიხურა. “აფხაზეთის ხმა” ახალი სარაგბო სეზონის პირველ ტურში ორ თამაშს გადმოსცემს. 7 სექტემბერს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “ლელო” ბოლნისის “ყოჩებს” ეთამაშება და შეხვედრა 17 საათზე დაიწყება, ხოლო კვირას, ასევე 17 საათზე, თბილისის “ჯიქები” თანაქალაქელ “ლოკომოტივს” ეთამაშება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია