ხვალ შუადღისას, 15 საათზე, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე, საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ქართული რაგბის გულშემატკივრებს, წელს შარშანდელზე უკეთესი, დაძაბული პირველობა ელით, რაც კლუბების მეტ-ნაკლებად თანაბარი ფინანსური მდგომარეობით უნდა იყოს განპირობებული.
საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის მეცადინეობით, ქვეყნის მთავრობამ კლუბებისთვის დამატებითი ფინანსები გამოყო და ამან, გათამაშებაში მონაწილე კლუბების დონე უნდა გაათანაბროს, რადგან გაცილებით მაღალი ანაზღაურების ხარჯზე ძლიერ მორაგბეთა გადაბირება, აღარ მოხდება. ამასთან, დებულების თანახმად, ქართული კლუბებისთვის სატრანსფერო პერიოდად, მხოლოდ ზაფხულის ფანჯარა გამოიყო და ზამთარში კლუბები მორაგბეთა გადინებიდან დაცულები არიან, რაც მათ ჩემპიონატის იმ შემადგენლობით დასრულების საშუალებას მისცემს, რომლითაც პირველობას დაიწყებენ და ეს, მათ კონკურენტუნარიანობას, ჩემპიონატის ბოლომდე დატოვებს.
კლუბებისთვის შედარებით თანაბარი ფინანსური პირობების დაწესებამ, შედეგი უკვე გამოიღო და რიგი მორაგბეებისა, ყოფილ გუნდებს დაუბრუნდა. ვის რას მოუტანს ეს ცვლილებები, უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას გამოჩნდება, რომლის პირველი რაუნდიც 7 სექტემბერს გაიმართება. სადებიუტო მატჩში, “შევარდენზე” თბილისის “არმაზი” ბათუმის “ბათუმს” უმასპინძლებს და აქ მისულ გულშემატკივარს ერთი საინტერესო სიახლე ელოდება. არმაზელებმა შარშან “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი რომ დააბრუნეს სამშობლოში და ჩემპიონატშიც მეოთხე საფეხურს შეწვდნენ, წელს, ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი, “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი ირაკლი აბუსერიძეც დაიმატეს და ეს, მათ კიდევ უფრო ანგარიშგასაწევ ძალად აქცევს. ამასთან, “არმაზში” განაგრძობს კრიერას მიხეილ არჩუაშვილიც, რომელიც შიდა რაგბის გულშემატკივართათვის კარგადაა ცნობილი.
ახალ სეზონს ცვლილებებით ხვდება ზღვისპირული კლუბი. გუნდი რამდენიმე მორაგბემ დატოვა, მაგრამ გუნდმა, გამოცდილი მორაგბეების სახით, სოლიდური შევსებაც მიიღო და ბათუმელები ძველი დიდების დაბრუნებას შეეცდებიან, მათი ძალის ხილვა კი, მაყურებელს გახსნით მატჩში მოუწევს.
17 საათზე, საქართველოს ჩემპიონი თბილისის “ლელო”, ქვეყნის უძველეს კლუბ “ყოჩებს” ეთამაშება, რომელმაც დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და თბილისის ნაცვლად, ბოლნისის სახელით ითამაშებს. ეს, რეგიონში რაგბის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამასთან, ბოლო პერიოდში ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა გუნდმა, ქართული კლუბებიდან წამყვან მორაგბეთა ნაწილი დაიბრუნა და ამ სეზონში მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას. პირველი გამოცდა, სწორედაც რომ შესაფარისი იქნება. ცნობილი ფაქტია - ჩემპიონობის მოპოვებაზე რთული, მისი შენარჩუნებაა და “ლელოს”, გაძლიერებულ “ყოჩებთან”, ცხარე ბრძოლის გადატანა მოუწევს.
ქუთაისის “აიას”, ახალი გათამაშების დაწყება, ტრადიციულად, მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით უწევს. ქუთათურებმა შევსება, უმეტესწილად, ახალგაზრდული გუნდიდან მიიღეს და ამ ქალაქის რაგბის მოყვარულები, საყვარელი გუნდის თამაშს “დინამოზე” 17 საათიდან იხილავენ. ქუთაისს რუსთავის “ხარები” ეწვევა, რომელსაც ახალი სტადიონის აშენებამ, საკუთარ ქალაქში კარგი სავარჯიშო პირობები შეუქმნა, მაგრამ საკმარისი იქნება თუ არა ეს წარმატების მისაღწევად, მომავალში გამოჩნდება.
8 სექტემბერს, თბილისში ტურის დარჩენილი ორი თამაში გაიმართება. გადახალისებული “არმია” “აკადემიას” “ავჭალაზე” ეთამაშება და შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. არმიელთა შემადგენლობა რამდენიმე მორაგბემ დატოვა, მათ ნაცვლად კი, გუნდში “ლოკომოტივიდან” ირაკლი ღვინჯილია და ზვიად მაისურაძე, ასევე კახა უჩავა და ლევან დარასელია მივიდნენ.
17 საათზე “შევარდენზე” დაიწყება “ჯიქებისა” და “ლოკომოტივის” დაპირისპირება. ახალგაზრდულმა “ჯიქებმა”, რომელიც უმაღლეს დივიზიონში შარშან გამოჩნდა, ბევრისთვის მოულოდნელად დადებითი შედეგი აჩვენა და V ადგილი დაიკავა, უკან კი, სწორედ ის “ლოკომოტივი” მოიტოვა, რომელსაც ახლა ეთამაშება. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი რამდენიმე წამყვანმა მორაგბემ დატოვა, მაგრამ მათი მთავარი სიახლე ახალი სპონსორის - საქართველოს რკინიგზის გამოჩენაა და გაზრდილი მოტივაცია რკინიგზელებს, ეგებ, დაკარგული ჩემპიონობის დაბრუნებაშიც დაეხმაროს.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. I რაუნდი
7 სექტემბერი
თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ლელო (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)
ქუთაისი. “დინამო”. 17:00 საათი
აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი)
8 სექტემბერი
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
არმია (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი
ჯიქები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია