7 სექტემბერს დაიწყო საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. პირველი ტურის მატჩში, გასული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა ქუთაისის ,,აიამ’’, რუსთავის ,,ხარებს’’ უმასპინძლა. შეხვედრის დაწყებამდე ორი საათით ადრე, ქუთაისთან ახლომდებარე სოფელ მესხეთში, ამავე გუნდების ესპუართა დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც მასპინძლებმა 36:10 იმარჯვეს.
რაც შეეხება თვითონ ძირითად მატჩს, მეტოქეებმა ერთმანეთს ტოლი არ დაუდეს და საყურებლად მისულ მრავალრიცხოვან გულშემატკივარს, ერთობ სასიამოვნო სანახაობა შესთავაზეს.
შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, რომელმაც შედეგი დებიუტშივე გამოიღო. მე-3 წუთზე, ქუთათურებმა მრავალფაზიანი შეტევა წამოიწყეს და მეტოქის ჩათვლის მოედანთან ძნელაძეს სივრცე გაუნთავისუფლეს. მასპინძელთა ფულბექმა თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და ბურთიანად მეტოქის ლელოში შეიჭრა - 5:0. ჯინჭველაშვილს ახლო მანძილიდან გარდასახვა არ გასჭირვებია - 7:0.
ამის შემდეგ, სტუმრებიც გააქტიურდნენ და 10 წუთის ინტერვალში, კიკნაძის ზედიზედ ორჯერ ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი, ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - 7:6.
თითქოს ამას ელოდნენო, რიონისპირელებმა მორიგი სალელოვე შეტევა განახორციელეს. საფრანგეთიდან მშობლიურ გუნდში ახლახან მობრუნებულმა ლოსაბერიძემ, თითქმის მთელი მოედანი გადაირბინა, რამდენიმე მეტოქეს გვერდი აუქცია და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა - 12:6. საკმაოდ ხელსაყრელი მდგომარეობიდან, ჯინჭველაშვილმა რეალიზაცია ვერ გარდასახა.
ამის შემდეგ, უპირატესობამ ისევ რუსთაველთა მხარეს გადაინაცვლა. მათ დაახლოებით 20 წუთი მეტოქის ნახევარზე გაატარეს, თუმცა აქედან სარგებელი ვერაფერი ნახეს. პირიქით, ქუთათურთა მორიგი კონტრშეტევა შედეგიანი აღმოჩნდა.
მასპინძელთა მესამე ლელო აბრამიძის აქტიურობის შედეგი გახალდათ. რიონისპირელთა გარემარბმა, სლალომით რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და ნახტომით, ბურთი მოედნის კიდესთან დაამიწა - 17:6. ჯინჭველაშვილს გარდასახვა ამჯერადაც გაუცუდდა.
ტაიმის უკანასკნელ წუთზე, რუსთაველებს ანგარიშში სხვაობის შემცირების ძალიან კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ კიკნაძემ ზედ კარის წინ დანიშნული საჯარიმო ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმი გაცილებით დაძაბული გამოდგა. იგრძნეს რა, დამარცხების საშიშროება, რუსთაველები მეტოქის ნახევარზე ,,დასახლდნენ’’. 57-ე წუთზე, ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით, კიკნაძემ ანგარიში 17:9 გახადა. ამის შემდეგ, სტუმართა დამრტყმელს თავის გამოჩენის შანსი კიდევ ორჯერ მიეცა, თუმცა ნერვებმა უმტყუნა და ბურთის კარის ძელებს შორის გაძვრენა ვერ მოახერხა.
71-ე წუთზე, რუსთაველები ქუთათურებს სალელოვე მანძილზე დაუახლოვდნენ. მასპინძელთა კარის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო დარტყმა, მთავარი მწვრთნელის შვილმა ვაჟა ხუციშვილმა ითავა და თანაგუნდელებს ნდობა გაუმართლა. შერკინების ნახევარმცველის ზუსტად შესრულებული დარტყმის შემდეგ, ანგარიში 17:12 გახდა.
ამის შემდეგ, რუსთაველები მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდნენ. ქუთათურებს თავის დაცვა ძალიან უჭირდათ, მითუმეტეს მოედანზე ისინი კაცნაკლულნი იყვნენ. რეფერიმ მასპინძელთა ბურჯი რატიაშვილი, 10 წუთიანი გაძევებით დასაჯა.
შეხვედრის მიწურულს, რუსთაველებმა რამდენჯერმე უარი თქვეს ხელსაყრელი ჯარიმის კარში დარტყმაზე და ბურთი მოედნის კიდეზე გადაიტანეს. ისინი ასევე ძალიან ახლოს იყვნენ ქუთათურთა ჩათვლის მოედანთან, თუმცა მასპინძლებმა თავი მედგრად დაიცვეს და ჩემპიონატის პირველ მატჩში, უძნელესი გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის შემდეგ, ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი სთხოვა:
ზაზა ხუციშვილი (,,ხარები’’) - ,,ამ მატჩის მოგება შეგვეძლო. ბიჭების დიდი მადლობელი ვარ. მათ ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისთვის, თუმცა, სიმართლე ითქვას, ,,აია“ მაინც ჩვენზე ძლიერი გუნდია.“
კობა გიორგაძე (,,აია’’) - ,,ჩემპიონატის დაწყებას გადახალისებული შემადგენლობით შევხვდით. გუნდიდან წავიდნენ ძირითადი მოთამაშეები: თხელიძე, ლომიძე, ლომთაძე. თუმცა, ახალგაზრდული გუნდიდან სათანადო შევსებაც მივიღეთ. პირველი მატჩი იყო და კარგი თამაში ვერ ვაჩვენეთ. შედეგით კმაყოფილი ვარ, ხარისხით - არა.“
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი.
7 სექტემბერი. შაბათი.
ქუთაისი. ,,დინამო“. 17:00 საათი. 1000 მაყურებელი.
,,აია“ (ქუთაისი) - ,,ხარები“ (რუსთავი) 17:12 (17:6)
,,აია“: 15. ძნელაძე, 14. ს. კვერნაძე, 13. ფრუიძე, 12. ლოსაბერიძე, 11. აბრამიძე, 10. ჯინჭველაშვილი (სინაურიძე), 9. როხვაძე (თ. თუთბერიძე), 1. რატიაშვილი, 2. მატკავა (სალდაძე), 3. ულუმბელაშვილი (ჩხიკვაძე), 4. შალამბერიძე, 5. ძაგნიძე (ჩიტეიშვილი), 6. რევიშვილი (კ), 7. დანგაძე (შაშიაშვილი), 8. ყურაშვილი;
3 ლელო: ძნელაძე, ლოსაბერიძე, აბრამიძე;
გარდასახვა: ჯინჭველაშვილი;
სინბინი: რატიაშვილი;
მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;
,,ხარები“: 15. გულიტაშვილი, 14. მელიქიშვილი, 13. ღამბაშიძე, 12. ნათელაშვილი, 11. კიკნაძე, 10. ბასილაია, 9. ხუციშვილი, 1. წიკლაური (მაჭარაშვილი), 2. აღაშვილი (კ), 3. ხაბაშვილი (ღამბარაშვილი), 4. ხელია, 5. ქარუხნიშვილი, 6. ქვლივიძე, 7. გოგიაშვილი, 8. მღებრიშვილი (ტყეშელაშვილი);
4 ჯარიმა: კიკნაძე (3), ვ. ხუციშვილი;
მწვრთნელი: ზაზა ხუციშვილი
მთ. მსაჯი: გიორგი ტრაპაიძე
თ/მ: საბა აბულაშვილი, ანა პოღოსიანი
ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია