ამბები

21:01 | 15.09.2013 | ნანახია 3284 - ჯერ

საბრძოლო ფრე “შევარდენზე”

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღეს, “შევარდენის” სანაკრებო ბაზის ტრიბუნაზე შეკრებილმა მცირერიცხოვანმა მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. თავდადებული ბრძოლიდან გამომდინარე, თბილისის “ჯიქებისა” და ბოლნისის “ყოჩების” ჯახში დამარცხებას არცერთი გუნდი არ იმსახურებდა და საბოლოოდ, ტაბლოზე ფრე, 22:22 დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისელები დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ, მაგრამ ბოლოს საქმე ისე წაუვიდათ, რომ თამაში გადასარჩენი გაუხდათ და რომ არა რამაზ ხარაზიშვილის ბოლო წამზე შესრულებული ზუსტი ჯარიმა, “ჯიქებს” ამჯერადაც მხოლოდ ერთი პრემიალური ქულით მოუწევდა დაკმაყოფილება. თავის მხრივ, “ყოჩები” ძალაში, შერკინებაში და დერეფანში უპირატესობას გრძნობდა და აქცენტს ლელოს გატანაზე აკეთებდა, რაც პრინციპში სამჯერ მოახერხა კიდეც, მაგრამ წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ანგარიში “ჯიქებმა” ხარაზიშვილის მიერ რთული პოზიციიდან შესრულებული ჯარიმით გახსნა. მალევე, “ყოჩების” შერკინების უპირატესობა გამოიკვეთა და მეტოქე დაჯარიმდა, მაგრამ თემურ სოხაძემ, ბურთის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია. მცველები 5-მეტრა დერეფნის შემდეგ რაქში ორჯერ დაჯარიმდნენ და რეფერისგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რის შემდეგაც, “ყოჩებმა” უკვე შერკინება ირჩია და როდესაც “ჯიქები” კვლავ დაჯარიმდა, ბოლნისელებმა სწრაფად გათამაშების შემდეგ ლელო გაიტანეს. თავი ბაჩანა გოგიშვილმა გამოიჩინა, მაგრამ სოხაძის გარდასახვა არაზუსტი იყო.

სტუმრები დისციპლინაში მოიკოჭლებდნენ, რაქში ხშირად ჯარიმდებოდნენ და დიმიტრი კალანდაძეს მალევე მიეცა საკუთარი გუნდისთვის უპირატესობის დაბრუნების შანსი, მაგრამ გასატანი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა, მერე კი, ხარაზიშვილს 55 მეტრიდან მიზანმა ოდნავ უმტყუნა. ტაიმის შუაში, გუნდებმა ერთმანეთის შეცდომის მოლოდინში ფეხით თამაში რომ გააჩაღეს, კვლავ “ყოჩები” დაჯარიმდა და ამჯერად, ხარაზიშვილის დარტყმული ზუსტი იყო. რამდენიმე წუთში, მანვე, დაახლოებით 40 მეტრიდან ანგარიში 9:5 გახადა, ხოლო ტაიმის მიწურულს, “ყოჩები” ისევ შეცდა, მარცხენა ფლანგზე ნიკოლოზ ბიწაძე გაიჭრა, მერე იერიში მარჯვენა ფლანგზე გაგრძლდა, ფეხით შეცურებული ბურთი შავლეგ მახარაშვილმა აიღო, მაგრამ “ჯიქებმა” მას ფეხით თამაშის საშუალება არ მისცეს, რაქიდან გამოვარდნილი ბურთი ხარაზიშვილმა აიტაცა და ლელო გაიტანა.

მანვე გარდასახვაც გამოიყენა და მთლიანობაში, გუნდის 22-ივე ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა, მაგრამ ეს, გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მანამდე, ხარაზიშვილს საკუთარი და გუნდის მონაგარის გაზრდა მორიგი ჯარიმით შეეძლო, მაგრამ დარტყმა გაუცუდდა და ტაიმის ბოლოს, “ყოჩებმა” ჩამორჩენის შემცირება მოახერხა. 5-მეტრა დერეფანს ამჯერადაც რამდენიმე მოკლე დარტყმა მოჰყვა, გიორგი ბეგაძემ მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და ჩათვლის მოედანში შეხტა, ხოლო სოხაძემ ამჯერად რეალიზაცია ზუსტად შეასრულა - 12:16.

მეორე ტაიმის დასაწყისში მახარაშვილმა გაჭრა ხაზი და “ყოჩებს” დაწინაურების შანსი მიეცათ, მაგრამ ლელო ვერ გაიტანეს და არც ჯარიმა დაარტყეს კარში, შერკინებით კი, ამჯერად ვერ იხეირეს. მალე, თბილისელები საკუთარ 22-ში დაჯარიმდნენ და ბიწაძე სინბინით დაისაჯა. ბოლნისელებმა ამჯერადაც ლელოზე ითამაშეს, მაგრამ ვერც ამ ეპიზოდში მოახერხეს მიზნის მიღწევა და ვერც 10-წუთიანი რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს.

სამაგიეროდ, ხარაზიშვილმა ჯარიმიდან ანგარიშის გაზრდის შანსი ხელიდან არ გაუშვა და “ჯიქები” გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ მატჩის განახლებისთანავე, “ყოჩებმა” კარგი იერიში წამოიწყო და ის ლელოთი დაგვირგვინა. სოხაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა და საფინალო სასტვენამდე ორი-სამი წუთით ადრე საკუთარი გუნდი დააწინაურა, მაგრამ ხარაზიშვილმა მის დარტყმას ჯარიმითვე უპასუხა და გუნდებმა ორ-ორი ქულა გაიყვეს.

დღის მეორე მატჩში, თბილისის “არმიამ” რუსთავში “ხარებს” ხუთი ლელო გაუტანა, თავად მხოლოდ ერთი გაუშვა, 38:11 იმარჯვა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა, რისი წყალობითაც, ლიდერთა სამეულს შეუერთდა.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. II რაუნდი

15 სექტემბერი

რუსთავი. “ახალი”

ხარები (რუსთავი) - არმია (თბილისი) 11:38

თბილისი. “შევარდენი”

ჯიქები (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 22:22

 

   1    არმია                 2             2          0      0              59-20             9              
   2 არმაზი 2 2 0 0 60-24 9
   3 აია 2 2 0 0 35-21 9
   4 ყოჩები 2 1 1 0 54-35 6
   5 ლელო 2 1 0 1 55-38 5
   6 ლოკომოტ. 2 1 0 1 26-38 4
   7 ჯიქები 2 0 1 1 39-41 3
   8 ხარები 2 0 0 2 23-55 1
   9 ბათუმი 2 0 0 2 26-57 0
   10 აკადემია 2 0 0 2 15-63 0

 

 

მომდევნო ტური. 21-22 სექტემბერი

არმია - ბათუმი, ყოჩები - აკადემია, ლელო - ხარები, არმაზი - ჯიქები, აია - ლოკომოტივი

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.209222