ამბები

12:37 | 17.09.2013 | ნანახია 2057 - ჯერ

ნატრიაშვილი მხარს მკურნალობს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ჰუკერმა ირაკლი ნატრიაშვილმა, მხარზე ოპარაცია გაიკეთა, აღდგენით პროცესს გადის და მისი დასრულების შემდეგ, კარიერის გაგრძელებას, “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით საფრანგეთშივე შეეცდება.

ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბრივის” ყოფილი მორაგბე, თამაშს საფრანგეთის რანგით მესამე, ნახევრადპროფესიულ “ფედერალ 1”-ის ერთ-ერთ გუნდში აგრძელებდა, მაგრამ მისი გვარი არცერთი კლუბის განაცხადში რომ არ აღმოჩნდა, “მსოფლიო სპორტი” 29 წლის სპორტსმენს დაუკავშირდა.

“ვიცი, რომ ბოლო დროს, ჩემი გვარი “ფედერალ 1”-ის რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გასული სეზონის მიწურულს, “ბრივში” ჩატარებული ბოლო თამაშისას მხარი ცუდად ჩამყვა და ამომივარდა. ივლისში ოპერაცია გავიკეთე და აღდგენით პროცესს დაახლოებით 6 თვე ჭირდებოდა, ანუ, კიდევ 4 თვე უქმობა მომიწევს, თუმცა, ვარჯიშს დაახლოებით ერთ თვეში დავიწყებ. ამჟამად ბრივში ვარ და ვმკურნალობ, თუმცა, ჯერ უგუნდო მათამაშის სტატუსით. იმედია, ტრავმას რომ მოვიშუშებ, საფრანგეთის რომელიმე კლუბს “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით დავემატები”, - გვითხრა ნატრიაშვილმა.

რუმინეთში გატარებული წლების შემდეგ, ნატრიაშვილი გარკვეული პერიოდით საქართველოში დაბრუნდა და თბილისის “არმიას” ღირსებას იცავდა, ხოლო 2011 წელს, Top 14-ის “ბრივში” გადავიდა. საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონში 20 თამაში ჩაატარა და რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფის” ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში, მისი გუნდი მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში გამოდიოდა და ირაკლიმ 23 თამაშში 3 ლელო გაიტანა, მაგრამ ბოლოს, დაშავდა და უგუნდოდ დარჩა. საქართველოს ნაკრებში მისი დებიუტი 2006 წელს შედგა, მას შემდეგ 39 კეპი მოიხვეჭა და 4 ლელო გაიტანა.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089767