ამბები

14:31 | 21.09.2013 | ნანახია 1914 - ჯერ

7-კაცამ რუმინეთს სძლია

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან-პრის მეორე, ფინალური ეტაპის მეორე მატჩში მასპინძელი რუმინეთი 19:14 დაამარცხა.

ქართველთა მსგავსად, პირველი მატჩი რუმინელებსაც წაგებული ჰქონდათ (უელსთან 10:14; საქართველოს პორტუგალიასთან 0:7) და ამ შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

თამაში რუმინელებმა დაიწყეს, მაგრამ მალევე ქართველებმა საკუთარი 22-დან ხელდახელ ძალიან კარგი იერიში წამოიწყეს, სწორედ ისეთი, როგორიც 7-კაცა რაგბს ჭირდება. ფლანგის რამდენჯერმე შეცვლის შემდეგ მარცხნიდან გიორგი შკინინი გაიქცა, რომელსაც უკვე მეტოქის 22-ში ლევან გოგოლაშვილისთვის პასი რომ მიეცა, ლელო აუცილებლად გავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

მიუხედავად ამისა, გოგოლაშვილმა შებოჭილ შკინინთან დროულად მიირბინა, შეტევის ფლანგი მარჯვნივ გადაიტანა, ბურთი ბოლომდე ჩათამაშდა, გიორგი ჯიმშელაძემ გიორგი კალმახელიძეს ორ მოწინააღმდეგეს შორის გადაცემა გაუკეთა და მანაც პირველი წუთის მიწურულს ლელო გაიტანა.

დადებითი მუხტი მატჩის განახლების შემდეგაც შენარჩუნდა, რუმინელები სამჯერ დაჯარიმდნენ, ბოლოს ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში, შავლეგ მახარაშვილმა ბურთი სწრაფად გაათამაშა და ზურაბ ძნელაძე ზედ ხაზზე შეაჩერეს, მაგრამ მეტოქემ მანამდე უკან რომ არ დაიხია, თამაშგარეს წესის დარღვევისთვის საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და ამჯერად მახარაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 12:0.

პირველ ტაიმში ლელოს გატანა ისევ ქართველებს შეეძლოთ, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლეს, მეორე ნახევრის დებიუტში კი, მეტოქე შკინინს დაუსხლტა და ძელებსშუა ლელო გავიდა. კახა ალანიას შეგირდებს მეტოქის იერიშების მოგერიება მოუხდათ, რასაც თავი კარგად გაართვეს და თამაშის დასრულებამდე ორ წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, მახარაშვილის ფეხით გადაკიდებული ბურთი ცუდად რომ ახტა და აუტში გავიდა, თორემ ლელო გარდაუვალი იყო. ქართველმა ცხელ გულზე ბურთს ფეხი დაკრა და ამით დროის მოგებაც იფიქრა, მაგრამ საბედნიეროდ მსაჯმა ეს უწესობა აპატია და ყვითელი ბარათი არ უჩვენა.

რუმინელებმა დერეფანი მოიგეს და საკუთარი 22-დან ხელით სცადეს შეტევის წამოწყება, მეტოქეს შეცვლაზე შესული ბახვა კობახიძე მედგრად დაუხვდა, ბურთი ხელიდან გამოგლიჯა და მარცხენა ალამთან დაამიწა. რეფერიმ გვერდით მსაჯთან გადაამოწმა, წესების დარღვევა ხომ არ იყოო და ხელი მაღლა შემართა. მახარაშვილმა ურთულესი პოზიციიდან გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში 19:7 გახადა.

რადგან დრო თითქმის აღარ რჩებოდა, ქართველებს გამარჯვება გარანტირებული ჰქონდათ, მოეშვნენ და ლელო-გარდასახვა მიიღეს, რამაც საბოლოო ანგარიში - 19:14 დააფიქსირა. იმედია, ბოლოს ჯგუფში ადგილების გადანაწილება გატანილ-გაშვებულ ქულებზე არ იქნება დამოკიდებული და ეს მოდუნება ძვირად არ დაგვიჯდება.

საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 16:04 საათზე იტალიის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც პირველ მატჩში ინგლისთან 0:19 დამარცხდა. გამარჯვების შემთხვევაში, ალანიას შეგირდები ჯგუფში მინიმუმ მე-4 ადგილის დაკავებასთან ძალიან ახლოს იქნებიან.   

შეგახსენებთ, რომ გრან პრის პირველი ეტაპის (ლიონის) შემდეგ, საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზეა, რის გამოც რუმინეთში, ჯგუფში მინიმუმ III-IV ადგილი უნდა დაიკავოს, რათა ჯამში შედარებით მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს და იმდენი ჩასათვლელი ქულა მიიღოს, დაქვეითებას თავი დააღწიოს. გრან-პრის ორი ეტაპის ჯამში მე-12 ადგილზე გასულ გუნდს გაისად ბელგია ჩაანაცვლებს.

 

საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა ბუქარესტში: ბიძინა სამხარაძე, ლევან გოგოლაშვილი, რამაზ ხარაზიშვილი, რატი ნუცუბიძე, გიორგი კალმახელიძე, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე, გიორგი შკინინი, ზურაბ ძნელაძე, დიმიტრი კალანდაძე, შავლეგ მახარაშვილი, თორნიკე ცერცვაძე.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078865