ამბები

12:12 | 22.09.2013 | ნანახია 3039 - ჯერ

4 ქულის ფასი ჯარიმა

რაგბში ქულების აღების რამდენიმე საშუალება არსებობს - ლელო, ჯარიმა, არეკნი და გარდასახვა და ნებისმიერი მათგანის საშუალებით, მეტოქეზე მეტ ქულას თუ დააგროვებ, გამარჯვება შენ დაგრჩება. ამასთან, ერთ ლელოს, თუ გარდასახვა გამოუყენებელი დარჩა, ორი ჯარიმა ჯობია.

მეორეს მხრივ, არის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მეტოქეს, მასზე უპირატესობა, გამუდმებით ლელოზე თამაშით უნდა აგრძნობინო, რომ შენ ჩემი ტოლი არა ხარო და, თუ ამ ხერხით ქულების აღებაც მოახერხე, დიდი ალბათობით, მოწინააღმდეგის გატეხვა პირველსავე ტაიმში შეგიძლია. მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისის “არმაზი” გათვლაში შეცდა. მის წინ მუდამ მებრძოლი თბილისის “ჯიქები” იდგა და ამიტომ, თავიდანვე ლიდერების დასვენება და ამის ფონზე მაინც ლელოზე თამაში, მათთვის მარცხის მომტანი აღმოჩნდა.

გარდა მეტოქის ერთგვარი დაუფასებლობისა, რაც შემადგენლობის და გადაწყვეტილებების შერჩევაში გამოიხატა, “არმაზი” დიდწილად დისციპლინამაც დააღალატა. ისინი ხშირად სცოდავდნენ რაქში თამაშისას, რასაც “ჯიქების” დამრტყმელი ნუგზარ გიორგაძე კარგად იყენებდა, კარიდან დაახლოებით 55-60 მეტრის რადიუსიდან 3 ქულის აღებას ცდილობდა და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს ხშირად გამოსდიოდა. ბევრჯერ დაჯარიმდა “ჯიქებიც”, მაგრამ “არმაზი” 3 ქულაზე თამაშს თაკილობდა და პირველი ტაიმის მიწურულს, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ანგარიში ზემონახსენებმა გიორგაძემ გახსნა, როდესაც ცენტრიდან ჯარიმა ზუსტად დაჰკრა. ორიოდე წუთში, მან კიდევ ერთხელ სცადა საკუთარი ნახევრიდან ბედი, ამჯერად, წინაზე რთული მდგომარეობიდან და მიზანმა ოდნავ უმტყუნა. მალე, ნიკა ბიწაძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი თავის ნახევარზე აიღო, სისწრაფეში ხაზი გაჭრა, მაგრამ “ჯიქებმა” უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხა, მოიერიშე 22-ში შებოჭა, მერე არმაზელები რაქში ისევ დაჯარიმდნენ და გიორგაძემ მარცხენა ფლანგიდან ანგარიში 6:0 გახადა.

კიკნაძემ ერთი ჯარიმის გაქვითვის შანსი მალევე მიიღო, მაგრამ ბურთი აუტში გაიტანეს და ლელოზე თამაში არჩიეს. პრინციპში, ამით “არმაზმა” უპირატესობა მიიღო და ისე ჩანდა, რომ გიორგი სოსელიამ, რაქიდან ატაცებული ბურთით ძელებს შუა შეაღწია, მაგრამ რეფერიმ, გვერდით მსაჯთან კონსულტაციის შეწმდეგ, ლელო არ ჩათვალა და “არმაზს” ჯარიმის შესრულების უფლება მისცა. ამჯერად, კიკნაძემ ახლო მანძილიდან კარში დაჰკრა და სხვაობა შეამცირა - 3:6.

ამაზე, “ჯიქებმა” ერთგვარი აფეთქებით უპასუხა, მამრიკიშვილმა ხაზი გაჭრა, ის 22-ში წესების დარღვევით შეაჩერეს, ხოლო გიორგაძემ 6-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. მალევე, კიკნაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან მიიღო კარში დარტყმის შესაძლებლობა, მაგრამ ამის ნაცვლად, კვლავ ლელოზე თამაში არჩია, თუმცა, ბურთის აუტში გადატანისას შეცდა და ის მეტოქის ნადავლი გახდა. “ჯიქებმა” ხეირინად ვერ განმუხტა სიტუაცია, “არმაზმა” კიდევ ერთხელ მიიღო შანსი და ამჯერად, კიკნაძემ 5-მეტრა აუტში უპრობლემოდ დაარტყა, მაგრამ მიძალება უქულოდ დასრულდა და 5 ქულის აღების ნაცვლად, 3 ქულა დაიკარგა.

27-ე წუთზე “ჯიქების” უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და ეს, ლამაზი ლელოს გატანით მოხდა. ვეფხია ტუჩაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა, რაქიდან ბურთი აიტაცა და მოკლე მანძილზე, არცთუ მაღალ სიჩქარეზე სამი მბოჭავი ისე ჩამოიცილა, რომ ფეხზე დარჩა და მოძრაობა გააგრძელა, მერე კი, ნიკოლოზ სუხაშვილს არანაკლებ კარგი გადაცემა გაუკეთა. გარჯა არც ამ უკანასკნელს უნდა დავუკარგოთ, რადგან ორ მბოჭავს გაექცა და ჩათვლის მოედანში შეცურდა, ხოლო გიორგაძემ გარდასახვა გამოიყენა.  

“არმაზმა” თავისი არ მოიშალა და კიკნაძემ ჯარიმა კვლავ აუტში გადაიტანა, მაგრამ მისმა გუნდმა ამით უპირატესობა ვერ მიიღო და “ჯიქები” ისევ რომ დაჯარიმდა, კიკნაძემ ასპროცენტიანიდან 3 ქულა აიღო - 6:16. ორიოდე წუთში, გიორგაძემ ცენტრიდან ჯარიმა გაიტანა და 35-ე წუთზე გუნდს 13-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა, მაგრამ შესვენებამდე, მისი შენარჩუნება ვერ მოხერხდა. მეტოქემ ჯიქურ გააგრძელა ლელოზე თამაში და ამით, ჯერ ის მიიღო, რომ ტუჩაშვილი ყვითელი ბარათით დაისაჯა, ხოლო დამატებულ წუთებზე მოლს სოსელია მოეხსნა, ის შებოჭეს, გიორგი მისრიაშვილმა რაქიდან გამოტანის შემდეგ მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და ლელო გაიტანა, რასაც კიკნაძემ გარდასახვა შემატა და ტაიმი 13:19 დასრულდა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე, მოედანზე სულ სხვა “არმაზი” გამოვიდა - მწვრთნელმა შვიდივე ცვლილება გამოიყენა და მოედანზე ლიდერები შეუშვა. შეიცვალა გადაწყვეტილებაც და დებიუტშივე, კიკნაძემ ჯარიმით სხვაობა, სარაგბო საზომებით, მინიმუმამდე დაიყვანა. არმაზელები ბევრად უფრო სწრაფად მოძრაობდნენ, სანამ მეტოქე კაცნაკლული იყო ლელოს გატანას შეეცადნენ და პირველ ჯერზე, მსაჯმა “ჯიქების” ჩათვლის მოედნის აღება ვერ დააფიქსირა, მაგრამ მერე, “არმაზმა” ჯარიმა სწრაფადვე გაითამაშა და მიხეილ არჩუაშვილმა მიზანს უწია, რითაც საკუთარი გუნდი პირველად დააწინაურა. კიკნაძემ გარდასახვით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა - 23:19.

ნომინალურმა მასპინძლებმა მუხტი მიიღეს და კიდევ შეეძლოთ ლელოს გატანა, მაგრამ რამდენიმე შანსი გაუცუდდათ, ხოლო “ჯიქებმა”, მეტოქის აფეთქებას რომ გაუძლეს, მერე თავად გადავიდა შეტევაზე და “არმაზი” რაქში კვლავ დაჯარიმდა. გიორგაძემ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა და მალე, თავისიანების დაწინაურების შანსი მიიღო, მაგრამ ამჯერად, 43 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, 70-ე წუთზე კიდევ ერთი შანსი რომ მიიღო, თითქმის იმავე პოზიციიდან ზუსტად დაჰკრა და “ჯიქებს” ლიდერობა დაუბრუნა - 25:23.

დარჩენილმა წუთებმა “არმაზის” იერიშებში ჩაიარა და თავიდან “ჯიქები” თავს კარგად იცავდა, მაგრამ მერე დაჯარიმდა და კიკნაძეს ბევრი არც უფიქრია ისე დაჰკრა 40 მეტრიდან, თუმცა მიზანმა უმტყუნა. დარჩენილი 3-4 წუთი “ჯიქებმა” კარგად გამოიყენა და მიმდინარე სეზონში, თავად პირველი გამარჯვება იზეიმა, ხოლო მეტოქეს პირველი მარცხი აგემა.

დღის მეორე შეხვედრაში, “ავჭალაში” ერთმანეთს შარშანდელი პირველობის აუტსაიდერები ხვდებოდნენ, მაგრამ “ყოჩები” წელს ბევრად უკეთეს სიტუაციაშია და გამარჯვებაც მოიპოვა. ანგარიში გიორგი ბეგაძის ლელოთი გაიხსნა და ამას თემურ სოხაძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ივა დავითაშვილის ჯარიმას, სოხაძემ შესვენებამდე ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და ტაიმი 13:3 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ტაიმის მიწურულს, ორივე გუნდი სინბინით დაისაჯა და მეორე ტაიმში ჩხუბი რომ ატყდა, რეფერიმ კიდევ ერთხელ გაასინბინა ორივე გუნდის თითო მორაგბე. მეორე ნახევარში დავითაშვილმა ორჯერ შეძლო ჩამორჩენის გარდასახულ ლელომდე დაყვანა, მისი დარტყმების შუაში ერთი ჯარიმა სოხაძემაც გამოიყენა და მცირე სხვაობამ თამაშს ინტრიგა ბოლომდე შეუნარჩუნა, მაგრამ “აკადემიამ” მხოლოდ პრემიალური ქულის აღება მოახერხა.   

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. III რაუნდი

21 სექტემბერი

თბილისი. “შევარდენი”. 300 მაყურებელი

არმაზი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) 23:25 (13:19)

არმაზი: 15. ბაჩო ჩხაიძე, 14. ალექსანდრე ხუციშვილი (ირაკლი მაჩხანელი 41), 13. დავით ლიპარტელიანი, 12. რევაზ ბროძელი (ვილიამ კაიფაჯიანი 41), 11. ნიკოლოზ პინაიშვილი, 10. დავით კიკნაძე, 9. გიორგი მისრიაშვილი (ირაკლი აბუსერიძე 41); 1. თორნიკე ჯიბლაძე (გიორგი მარგველანი 41), 2. ვაჟა თაგაური, 3. ირაკლი ბუკია (არჩილ ბეჟიაშვილი 41), 4. გიორგი ჭელიძე, 5. შოთა კანდელაკი (მიხეილ არჩუაშვილი 41), 6. ბესო ბარბაქაძე, 7. ნიკა გიგაური (ოთარ მინაშვილი 41), 8. გიორგი სოსელია.

2 ლელო: მისრიაშვილი, არჩუაშვილი

2 გარდასახვა: კიკნაძე

3 ჯარიმა: კიკნაძე

ჯიქები: 15. ირაკლი სვანიძე, 14. დევი დევსურაშვილი (დიმიტრი კიკნაძე 58), 13. ნიკოლოზ ბერძული, 12. ვლადიმერ კუპრეიშვილი (გიორგი შარმაზანაშვილი 69), 11. ნიკა ბიწაძე, 10. ნუგზარ გიორგაძე, 9. ლაშა ნადირაძე (გიორგი ჭინჭარაული 58); 1. მალხაზ ჯინჭარაძე, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. ვლადიმერ გოგოლიძე (არსენ ტრაპაიძე 67), 5. გიორგი მჭედლიშვილი, 6. ვეფხვია ტუჩაშვილი, 7. ონისე მოგელაშვილი (გიორგი ოქრომელიძე 50), 8. ნიკოლოზ სუხაშვილი.

1 ლელო: სუხაშვილი

1 გარდასახვა: გიორგაძე

6 ჯარიმა: გიორგაძე

1 სინბინი: ტუჩაშვილი

 

თბილისი. “ავჭალა”. 700 მაყურებელი

ყოჩები (ბოლნისი) - აკადემია (თბილისი) 16:9 (13:3)

ყოჩები: 15. გიგი გაბუნია, 14. გიორგი ხარშილაძე, 13. რატი ხუციშვილი, 12. გიორგი აბდუშელიშვილი (მალხაზ ქუშაშვილი 41), 11. ლუკა კვარაცხელია (კახა მახარაშვილი 41), 10. თემურ სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ბაჩანა გოგიშვილი (სანდრო ესაკია 49), 2. დავით ხიდეშელი (გიორგი ცუცქირიძე 49), 3. ლევან შენგელია, 4 ერეკლე მეტრეველი (გია ტვილდიანი 54), 5. დავით გრძელიშვილი, 6. ნიკო აფციაური (თემურ ჯინჭარაძე 73), 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკოლოზ ჩხიკვაძე.

1 ლელო: ბეგაძე

1 გარდასახვა: სოხაძე

3 ჯარიმა: სოხაძე

2 სინბინი: ხუციშვილი, შენგელია

აკადემია: 15. ილია მელაძე, 14. გიორგი ჭუაძე (დავით მაკაროვი 56), 13. ბესო წასიძე, 12. ილურიძე, 11. ანზორ სიჭინავა, 10. ივა დავითაშვილი, 9. ჯიმი ღამბაშიძე; 1. გიორგი ღამბაშიძე, 2. გიორგი წვერავა, 3. ამირან წაქაძე (რამაზ მაზმიშვილი 51), 4. გიორგი ნებულიშვილი, 5. ვანო ბერიკაშვილი, 6. დავით ნიბლაძე, 7. დიმიტრი გოგოლაძე, 8. ირაკლი ლუარსაბიშვილი.

3 ჯარიმა: დავითაშვილი

2 სინბინი: წაქაძე, მაზმიშვილი

 

1 არმაზი      
3 2 0 1 83-49 10
2 ყოჩები      
3 2 1 0 70-44 10
3 არმია      
2 2 0 0 59-20 9
4 აია          
2 2 0 0 35-21
9
5 ჯიქები       
3 1 1 1 64-64 7
6 ლელო              
2 1 0 1 55-38 5
7 ლოკომოტ.  
2 1 0 1 26-38
4
8 ხარები      
2 0 0 2 23-55 1
9 აკადემია   
3 0 0 3 24-79
1
10 ბათუმი     
2 0 0 2 26-57 0

 

22 სექტემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი

ლელო (თბილისი) - ხარები (რუსთავი)

ქუთაისი. “დინამო”. 17:00 საათი

აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

არმია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) (გადაიდო 17 ნოემბრისთვის)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090339