ამბები

16:35 | 22.09.2013 | ნანახია 2288 - ჯერ

პორტუგალიასთან რევანშის შანსი

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ევროპის გრან-პრის მეორე, ფინალურ ეტაპზე მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს. იმ შემადგენლობიდან გამომდინარე, რომელიც კახა ალანიამ ბუქარესტში იახლა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ქართველები ასეთ წარმატებას მიაღწევდნენ.

როდესაც შემადგენლობაზე ვსაუბრობთ, შეურაცხყოფას არცერთ ქართველ მორაგბეს არ ვაყენებთ, უბრალოდ, იმას ვაფიქსირებთ, რომ რუმინეთში ჩვენი გუნდი, პრაქტიკულად, ლეგიონერების გარეშე ჩავიდა (გამონაკლისი ბიძინა სამხარაძეა, რომელიც რუმინეთში თამაშობს). თუმცა, ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ საჭირო დროს, ძალთა მობილიზება და სასურველ შედეგზე თამაში შეუძლიათ.

ჯგუფში მე-4 ადგილის დაკავების შემდეგ, V-VIII ადგილების ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ამოუცნობი გერმანია იყო, რომელმაც ჯგუფში შოტლანდია, ესპანეთი და უკრაინა დაამარცხა და მე-3 ადგილი დაიკავა. ეს თამაში ქართველთათვის ცუდად დაიწყო, რადგან გერმანიამ შეცდომა არ გვაპატია და ლელო-გარდასახვით დაწინაურდა. ამის შემდეგ, ინიციატივა ქართველთა მხარეს გადავიდა და მალე ლელოც გავიდოდა, მაგრამ ბოლო პასმა არ ივარგა. ტაიმის მიწურულს, ხანგრძლივი იერიში მაინც ლელოთი დასრულდა. ზურაბ ძნელაძემ ორჯერ საუცხოოდ ითამაშა და სამხარაძემ ლელო შავლეგ მახარაშვილს გაატანინა, მაგრამ მასვე გარდასახვა გაუცუდდა - 5:7.

მე-10 წუთზე საქართველოს ნაკრები წინ გავიდა. გიორგი კალმახელიძემ ფლანგზე მიიღო ბურთი, სამ მეტოქესთან ბრძოლაში გზა გაიკვლია და ლელო გაიტანა. მახარაშვილს ეს გარდასახვაც გაუცუდდა. ქართველებმა ცენტრიდან თამაში ეშმაკური შეცურებით განაახლეს, მახარაშვილმა ძნელაძეს პასი ვარდნაში გაუკეთა და ამ უკანასკნელმა ბურთი ნახტომში დაამიწა, მაგრამ რეფერიმ წინ თამაში დააფიქსირა.

მე-13 წუთზე უკვე ლევან გოგოლაშვილმა ითამაშა კარგად, ბურთი ფეხით მოკლეზე ჩათვლის მოედანში შეაცურა, მცველს შემოურბინა და თავადვე დაამიწა. დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც იმავე გოგოლაშვილმა ფლანგზე მცველი გააბითურა და ლელო ძნელაძეს გაატანინა. დიმიტრი კალანდაძემ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა 22:7 იმარჯვა.

V ადგილისთვის მატჩი 18:05 საათზე დაიწყება და საქართველოს ნაკრების მეტოქე ის პორტუგალია იქნება, რომელმაც ჯგუფის პირველ შეხვედრაში 7:0 გვაჯობა.  

 

საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა ბუქარესტში: ბიძინა სამხარაძე, ლევან გოგოლაშვილი, რამაზ ხარაზიშვილი, რატი ნუცუბიძე, გიორგი კალმახელიძე, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე, გიორგი შკინინი, ზურაბ ძნელაძე, დიმიტრი კალანდაძე, შავლეგ მახარაშვილი, თორნიკე ცერცვაძე.

 

ევროპის გრან-პრი 7-კაცა რაგბში

II ეტაპი. ბუქარესტი (რუმინეთი). 21-22 სექტემბერი

პლეი ოფები. 22 სექტემბერი

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

უელსი - უკრაინა 28:5

რუმინეთი - ესპანეთი 17:7

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის

პორტუგალია - შოტლანდია 19:12

საქართველო - გერმანია 22:7

თასის ნახევარფინალები

ინგლისი - რუსეთი 24:14

იტალია - საფრანგეთი 0:21

XI ადგილისთვის

უკრაინა - ესპანეთი

IX ადგილისთვის

უელსი - რუმინეთი

VII ადგილისთვის

შოტლანდია - გერმანია

V ადგილისთვის

პორტუგალია - საქართველო

III ადგილისთვის

რუსეთი - იტალია

ფინალი

ინგლისი - საფრანგეთი 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082433