ამბები

12:23 | 25.09.2013 | ნანახია 2229 - ჯერ

“მასი” და “პერიგო” დაუმარცხებელნი არიან, “ბანიერმა” პირველად იმარჯვა

 

საფრანგეთის მორაგბეთა ნახევრადპროფესიულ, რანგით მესამე დივიზიონ ფედერალ 1-ში, მესამე ტურის თამაშები ჩატარდა. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად, ქართველი ლეგიონერების მონაგარი მწირი იყო - 9 ქულა ორ მორაგბეზე.

პირველი ჯგუფის ლიდერი, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი”, შოთა საყვარელიძისა და გიორგი ტორაძის “სენ-ჟენს” ეწვია. სტუმრებმა 31:13 იმარჯვეს, პრემიალური ქულაც აიღეს და სამი თამაშის შემდეგ, ქულათა მაქსიმუმით (15) პირველ ადგილზე არიან. განვლილ მატჩში, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინების მესამე ხაზში სრულად ითამაშა საყვარელიძემ.

სტუმართა შორის სასტარტო შემადგენლობაში, მხოლოდ სუთიაშვილი მოხვდა, რომელმაც შერკინების შემკვრელად (8 ნომერი) 66 წუთი ითამაშა. 53-ე წუთზე შეცვლებზე შევიდნენ აშვეთია და დადუნაშვილი. “მასიმ” ერთი ლელო გაუშვა და თავად ოთხი გაიტანა, საბოლოო შედეგი კი, 57-ე წუთზე დაფიქსირდა და მას შემდეგ, ქულის აღება ვერცერთმა გუნდმა ვეღარ მოახერხა. “სენ-ჟენი” 8 ქულით მე-6 ადგილზეა. 

ნოდარ ჭეიშვილის “ნევერი”, ქართველი ლეგიონერის გარეშე “ვანს” ეწვია, 20:22 დამარცხდა და პრემიალური ქულა ჩაიწერა. “ნევერი” 9 ქულით მე-3 ადგილზეა. თემურ გელანტიასა და რევაზ გიგაურის “მონლიუსონი” “კოგნასს” მასპინძლობდა და ისიც პრემიალურ ქულას დასჯერდა. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველხაზელი გელანტია 47-ე, ხოლო უკანახაზელი გიგაური 56-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლები 49-ე წუთზე წითელი ბარათით დაისაჯნენ და 9:16 ჩამორჩნენ. საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე, ჯარიმით ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს - 12:16. “მონლუსონი” 3 ქულით მე-8 ადგილზეა.

ირაკლი ნინიძის “დიჟონი”, ბაჩუკი გუჯარაიძის “სენტ ნაზერს” დაუხვდა და 6:12 დამარცხდა. გუჯარაიძე განაცხადში არ იყო, ხოლო ნინიძემ პირველი ტაიმი ითამაშა. “სენტ ნაზერს” 5 ქულით მე-7 ადგილი უკავია, ხოლო “დიჟონი” 1 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა.

II ჯგუფში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის “ვიენმა”. ამჯერად მას საბა ქართველიშვილის “ჩამბერმა” 16:14 სძლია. ქართველიშვილი შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა, ხოლო სტუმართა განაცხადში ჩვენებიდან მხოლოდ კვირიკაშვილი იყო, რომელმაც ფულბეკად (15 ნომრად) 55 წუთი ითამაშა. მეკომ 50-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა და ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა, მერე “ვიენი” 14:13 დაწინაურდა, მაგრამ 70-ე წუთზე ჯარიმა გაუშვა და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა. “ვიენი” 2 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო “ჩამბერს” 9 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა.

პრემიალურ ქულას დასჯერდა გიორგი კუთარაშვილის “ანესი” ლიდერ “ექს-ან-პროვანსთან” - 19:25. ქართველმა პირველხაზელმა სრულად ითამაშა, ხოლო მისი გუნდი 5 ქულით მე-9 ადგილზეა. გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონი” ქართველი ლეგიონერის გარეშე დაუხვდა ავთო კოპალიანის “მაკონს” და 19:29 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა შეცვლაზე 73-ე წუთიდან ითამაშა. “მაკონი” 10 ქულით მე-3 საფეხურზეა, ხოლო “შალონი” 5 ქულით მე-7 პოზიციაზე.

III ჯგუფში დაუმარცხებელია თედო ზიბზიბაძის, გიორგი გაბელიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “პერიგო”. ქართველთა გუნდმა განვლილ ტურში “ლავურს” სტუმრად 25:14 სძლია. ზიბზიბაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შუამარბად 48 წუთი ითამაშა, ხოლო გაბელია შეცვლაზე 79-ე წუთზე შევიდა. “პერიგოს”, ორი მოგებისა და ერთი ფრის შემდეგ, 11 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.

0 ქულით ბოლო ადგილზე მყოფი ნიკოლოზ გიორგაძის “ჰენდაი”, ქართველი ლეგიონერის გარეშე დაუხვდა “სენ ჟან დე ლუზის” და 18:31 დამარცხდა. გიორგი ტალახაძის გარეშე ესტუმრა “ლორმონს” “როდეზი” და 16:19 დამარცხდა. ის, 2 ქულით მე-8 ადგილზეა.

IV ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძის, გიორგი მჭედლიშვილისა და ბექა ურჯუკაშვილის “ბანიერმა”. ქართველთა გუნდმა აუტსაიდერ “კასტანეს” 27:21 სძლია და ამაში 6-ქულიანი წვლილი მალაღურაძემ შეიტანა - შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა, ორი ჯარიმა გაიტანა და გუნდს მოგება დაუბევა, რადგან საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე, ანგარიში 27:18 გახდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53 წუთი ითამაშა მაისურაძემ. “ბანიერი” 6 ქულით მე-5 ადგილზე აღზევდა.

პირველი გამარჯვება მოიპოვა მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმომაც”, რომელმაც “მულეონს” 29:11 სძლია. ქართველი მეორეხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა, ხოლო მისი გუნდი, 5 ქულით, მე-6 ადგილზეა. ფედერალ 1-ის მომდევნო ტურის თამაშები 28-29 სექტემბერს გაიმართება.  

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082726