ქართულმა სამოყვარულო კლუბმა თბილისის “დევებმა”, აგერ, უკვე რამდენიმე წელია საერთაშორისო ურთიერთობის დამყარება დაიწყო და წელს, მესამე უცხოურ გუნდს უმასპინძლებს.
ამჯერად, მათ ვარშავიდან პოლონელ ვეტერან მორაგბეთა კლუბი Old Crodgers RFC (ოლდ ქროჯერს) ეწვევა და 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 20 საათზე, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე დაუპირისპირდება.
მიუხედავად იმისა, რომ რაგბი პროფესიულ რელსებზე გადავიდა, სხვადასხვა ქვეყნებში, სპორტის ამ სახეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციებისა და ფასეულობების ერთგული სამოყვარულო კლუბები მაინც დარჩნენ და პერიოდულად, საერთაშორისო ამხანაგური მატჩები და ტურნირები იმართება. პოლონელთა გუნდიც ერთ-ერთი ასეთი სამოყვარულო კლუბია და მის შემადგენლობაში ინგლისელი, ირლანდიელი, ფრანგი და შოტლაინდიელი ვეტერან-მოყვარული მორაგბეები თამაშობენ. ეს, ის ადამიანები არიან, რომლებიც ვარშავაში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ და თავისუფალ დროს რაგბის თამაშით იქცევენ თავს, ასე რომ, პოლონური კლუბის სტუმრობა, იოლი მოწინააღმდეგის ჩამოსვლას სულაც არ ნიშნავს.
Old Crodgers RFC ხშირად სტუმრობს ამა თუ იმ ქვეყანას და ადგილობრივ მოყვარულთა კლუბებს ეთამაშება, ამჯერად კი, საქართველოს და “დევების” ჯერია. აღსანიშნავია, რომ პოლონელთა რიგებში ითამაშებს “კლერმონისა” და საფრანგეთის ნაკრების მორაგბე აურელიან რუჟერის ძმა ბაპტისტ რუჟერი.
“დევებს”, რომელიც ამ კლუბის წევრთა შენატანების ხარჯზე არსებობს, იმის საშუალება არ აქვს, რომ უცხოურ ტურნეებში გაემგზავროს, მაგრამ სტუმართა მიღება არ ეშლება და თამაშის დასრულებისა თუ შესვენების დროს, მეტოქე გუნდის მორაგბეებისთვის ლუდისა და შამპანურის მირთმევა არ ავიწყდება. რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დაბოლოება გრანდიოზული მესამე ტაიმია, სტუმარ-მასპინძლობა კი, ქართველებს არასდროს ეშლებათ.
პირველი უცხოური კლუბი, რომელიც “დევებს” ამხანაგური თამაშის გასამართად ეწვია, მოსკოვის “დრაკონები” იყო. ჯერ კიდევ 2008 წლის ომის გამოძახილის ფონზე, თამაში გორში გაიმართა და ქართველთა გამარჯვებით დასრულდა - 22:10. მოსკოველთა გუნდი, უმეტესად, წამყვანი სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული და მათ შემადგენლობაში ორი ქართველიც თამაშობდა.
შარშან გაზაფხულზე, ლევან ვასაძის დამსახურებით, თბილისს ინგლისური სარაგბო კლუბ “Sevenoaks” (შვიდი მუხა) RFC-ს ვეტერანთა გუნდი “Acrons”-ი ეწვია და ამჯერად “დევებმა” 31:14 იმარჯვეს (5:2 ლელოებით). აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში, 9 ნომრის პოზიციაზე “დევების” ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი იცავდა.
ნაბახუსევს, “რკოები” მეორე თბილისურ სამოყვარულო კლუბ “ბარბაროსებსაც” დაუპირისპირდნენ და ამჯერად ქართველებმა 22:3 იმარჯვეს, მერე კი, სტუმრები უძველეს ქართულ თამაშ ლელო ბურთსაც აზიარეს სახელდახელოდ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია