ამბები

16:39 | 11.10.2013 | ნანახია 2468 - ჯერ

ექვსეულში დასამკვიდრებლად

საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ ხუთი ტური მიილია, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ საჩემპიონო პლეი ოფში გამსვლელი ექვსი ადგილისთვის შვიდი გუნდი იბრძოლებს. “ზედმეტად” დარჩენის სურვილი რაღა თქმა უნდა არცერთ გუნდს არა აქვს და ამ კუთხით, მოწინავე შვიდეულის ურთიერთშეხვედრებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

VI ტურში სამი ასეთი თამაში გაიმართება და ორი მათგანი პირველ დღეს შედგება. 12 ოქტომბერს, ტურის გახსნით მატჩში ქუთაისის “აია” ბოლნისის “ყოჩებს” “დინამოზე” დაუხვდება. ქუთათურებს ერთპიროვნულად გალიდერების შანსი აქვთ და ამისათვის, საკუთარი მოედნის ფაქტორის გათვალისწინებით, მეტოქის უპირობოდ დამარცხება და პრემიალური ქულისთვის ბრძოლა მართებთ. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “აიამ” წელს ერთადერთი მარცხი (“ლოკომოტივთან”) სწორედ მშობლიურ ქალაქში განიცადა.

გასათვალისწინებელია “ყოჩების” ამჟამინდელი მდგომარეობაც. გუნდმა ყოფილი მორაგბეების ნაწილი რომ დაიბრუნა, ძველი დიდების დაბრუნების ამბიცია გაუჩნდა და საქმესაც წარმატებით უძღვება. საქართველოს ერთ-ერთმა უძველესმა კლუბმა, მეტოქის მსგავსად, ერთადერთი მარცხი განიცადა, იქაც პრემიალური ქულის აღება მოახერხა, ლიდერებს მხოლოდ იმის გამო ჩამორჩება, რომ ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა და ვერცერთ მოგებულ თამაშში ვერ შეძლო პრემიალური ქულის აღება. ამის მიზეზი, შეთამაშებასთან დაკავშირებული პრობლემა უნდა იყოს, რაც ტურიდან ტურამდე გამოსწორდება - ის მეტოქეთათვის ყოველ ჯერზე უფრო მეტად ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. მე-3 ადგილზე მყოფი ბოლნისელები მეტოქეს 4 ქულით ჩამორჩებიან და ამის აღმოფხვრა მომავალ მატჩში გამარჯვებით შეუძლიათ. “დინამოზე” კონკურენტთა ჯახი 16 საათზე იწყება.

ამ ეტაპზე “აიას” უმთავრესი კონკურენტი, მათსავით 19 ქულის მქონე თბილისის “ლელო”, დედაქალაქურ დერბიში კერკეტ “ჯიქებს” ეთამაშება. ეს შეხვედრა ქუთაისის მატჩის სტარტიდან ნახევარ საათში “შევარდენზე” დაიწყება. საქართველოს ჩემპიონმა, პირველ ტურში “ყოჩებთან” განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ, აუტსაიდერთა სამეული პრემიალური ქულებით დაამარცხა, ერთი კვირის წინ კი, პრინციპულ მეტოქე “ლოკომოტივს” სძლია, მაგრამ პრემიის აღება ვერ მოახერხა და ქუთაისელებს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.

ლევან მაისაშვილის გუნდს ახლა კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა ელის, რადგან “ჯიქები” ბოლომდე მებრძოლი გუნდია და ეს არაერთხელ დაამტკიცა. მათ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს (არმაზთან), ორჯერ ფრეს დასჯერდნენ, ორ წაგებულ თამაშში კი, ჩამორჩენებმა მხოლოდ 2-2 ქულა შეადგინა და პრემიის აღება მოახერხეს. დღეის მონაცემებით ისინი ექვსეულს მიღმა არიან, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქამდე უშუალო კონკურენტებს, ლიდერ გუნდებს ეთამაშებოდნენ და პირველი წრის დარჩენილ სამ თამაშს აუტსაიდერებთან გამართავენ.

12 ოქტომბრის კიდევ ერთ თამაშში, 16:30 საათიდან, “ლოკომოტივი” “აკადემიას” “ავჭალაზე” დაუპირისპირდება. თუ რკინიგზელებმა კონცენტრაცია არ დაკარგეს, წესით მათ გამარჯვება და პრემიალური ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეთ. აკადემიელებმა საწყის სამ მატჩში ლიდერებთან მარცხი განიცადეს, მაგრამ ორ მეტოქეს პრემიის აღების საშუალება არ მისცეს, მე-4 ტურის თამაში “ხარებთან” 17 ნოემბრისთვის გადაიდო, გასულ ტურში კი, “ბათუმის” ძლევით პირველი გამარჯვება მოიპოვეს და ხასიათის გარდა სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესეს.

13 ოქტომბერს ცენტრალურ მატჩს კვლავ “შევარდენი” უმასპინძლებს. დედაქალაქურ დერბიში შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო მოღონიერებული “არმაზი” ბოლო წლების ერთ-ერთ ფლაგმან “არმიას” ეთამაშება. ამჟამად “არმაზი” 14 ქულით მე-4 ადგილზეა და მე-6 ადგილზე მყოფ “არმიას” 3 ქულით უსწრებს, მაგრამ ამ უკანასკნელს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციურად, მეტოქეზე წინ არის.

არმაზელებმა ხუთიდან სამი თამაში მოიგეს და ორში დამარცხდნენ - ერთხელ “ჯიქების” დაუფასებლობა დაუჯდათ ძვირად, მეორეში კი, ერთი კვირის წინ “აიამ” პირწმინდად დაჯაბნა. “არმიამ” ორი თამაში მოიგო და ორივე ქვედა სამაეულის გუნდებთან. “ლოკომოტივთან” მათ მარცხი განიცადეს, “ჯიქებთან” ქულები გაიყვეს, გადადებულ თამაშს კი, 17 ნოემბერს “ბათუმთან” გამართავენ.

დღის მეორე მატჩში ერთმანეთს ის გუნდები ეთამაშებიან, რომელთაც წელს გამარჯვების სიხარული არ უგემიათ. “ბათუმი” რუსთავის “ხარებს” ზღვისპირეთში ეთამაშება და ორივე მათგანი პირველი 4 ქულის მოპოვებას შეეცდება. “ბათუმსაც” და “ხარებსაც” თითო-თითო გადადებული თამაში აქვთ - პირველს “არმიასთან” და მეორეს “აკადემიასთან”. მათ ოთხ-ოთხი თამაში წააგეს და მხოლოდ თითოჯერ შეძლეს პრემიალური ქულის აღება - რუსთაველებმა ეს პირველ ტურში, ქუთაისში “აიასთან”, ხოლო ბათუმელებმა ერთი კვირის “აკადემიასთან” მოახერხეს.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. VI რაუნდი

12 ოქტომბერი

ქუთაისი. “დინამო”. 16:00 საათი

აია (ქუთაისი) - ყოჩები (ბოლნისი)

თბილისი. “შევარდენი”. 16:30 საათი

ჯიქები (თბილისი) - ლელო (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 16:30 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)

13 ოქტომბერი

თბილისი. “შევარდენი”. 16:30 საათი

არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი)

ბათუმი. ანგისა. 16:30

ბათუმი (ბათუმი) - ხარები (რუსთავი)

 

1 ლელო         
5   4   0   1   140-71 19
2 აია           
5 4 0 1 90-52 19
3 ყოჩები    
5 3 1 1 114-81 15
4 არმაზი     
5 3 0 2 109-94 14
5 ლოკომოტივი       
5 3 0 2 82-85 13
6 არმია       
4 2 1 1 92-65 11
7 ჯიქები       
5 1 2 2 95-97 10
8 აკადემია    
4 1 0 3 39-91 5
9 ბათუმი      
4 0 0 4 41-100 1
10 ხარები     
4 0 0 4 53-119 1

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084606