ამბები

13:06 | 13.10.2013 | ნანახია 3057 - ჯერ

“ლელოს” გამარჯვება ტრადიციული მუშტიკრივით

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატში მე-6 ტურის თამაშები მიმდინარეობს და ჯერ ერთ ტურსაც კი არ ჩაუვლია ისე, მოედანზე გუნდური ჩხუბი რომ არ ატეხილიყო. რაგბი ძალისმიერი სპორტია და ჩხუბებიც არავის უკვირს, მაგრამ ის, რაც ამ ბოლო დროს ჩვენს ჩემპიონატში ხდება, ცოტა არ იყოს, მეტისმეტია.

“ჯიქებისა” და “ლელოს” მატჩის 68 წუთმა მშვიდ ატმოსფეროში ჩაიარა. ამაში იმას ვგულისხმობთ, რომ მანამდე, მცირედი წაკინკლავებაც კი არ ყოფილა, თორემ, ანგარიშში სხვაობა სულ რაღაც 3 ქულა იყო და დროის ამოწურვასთან ერთად, სპორტული დაძაბულობაც პიკს აღწევდა. ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში, როდესაც “ჯიქებმა” დერეფანი მოაწოდა, გიორგი სანიკიძე მეტოქის მხარეს გადავარდა და დაჯარიმდა. მაგრამ “ჯიქების” მორაგბემ, მსაჯის სასტვენის გარდა, თავადაც გადაწყვიტა მეტოქის დასჯა და წაქცეულს თავში წამოარტყა.

ეს უკანასკნელი წამოხტა და ხურდა დაუბრუნა. ამ დროს კი, მოედანზე მყოფმა 30-ივე მოთამაშემ ერთიანად იფეთქა და მაყურებელმაც, რამდენიმე წუთით, თამაშის ნაცვლად დაუნდობელი, ჯგუფური ჩხუბი იხილა. აურზაური რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შედეგად, ორივე გუნდიდან რამდენიმე მორაგბე დაშავდა, მერე ემოციებმა ტრიბუნაზე გადაინაცვლა და გუნდების გულშემატკივრებს შორის ატყდა სიტყვიერი შელაპარაკება. მოკლედ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, სპორტს და რაგბს რომ არ შეეფერება. ამ ყველაფრიდან კარგი მხოლოდ ისაა, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ, ტრადიციული დერეფანი შედგა და სპორტსმენებმაც მთელი აგრესია მოედანზე დატოვეს, მაგრამ სჯობს მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და მაყურებელმაც ლამაზი რაგბის ხილვით ისიამოვნოს და არა გალიაში გამომწყვდეული გლადიატორების ბრძოლით.

თამაშს რაც შეეხება, “ლელოს”, ტრავმირებული მგეზავი ლაშა ხმალაძის გარდა, ამჯერად, 9 ნომერი გიორგი კაჭარავაც დააკლდა და ეს მათ თამაშზე აისახა. ნახევარმცველებს შეთამაშება აკლდათ და პირველ ტაიმში “ჯიქებმაც” რომ ძალიან მოინდომა, საწყისმა ნახევარმა საათმა მათი უპირატესობით ჩაიარა. ისინი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქეს შერკინებაში ჯაბნიდნენ და “ლელოს” 22-საც უტრიალებდნენ, მაგრამ ლელოს გატანა, ეგრეც ვერ მოახერხეს.

სამაგიეროდ, “ლელომ” მეტოქის ნახევარზე პრაქტიკულად ყველა გადასვლა ქულის აღებით დაასრულა. ეს, პირველად მე-6 წუთზე მოხდა და ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა, მაგრამ განახლდა თუ არა შეხვედრა, ნუგზარ გიორგაძემ მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება და წონასწორობაც აღდგა. ამას ორივე გუნდის სალელოვე შანსი მოჰყვა. პირველად “ჯიქებმა” ცენტრში გაჭრეს ხაზი და ბურთი ფლანგზე ჩაათამაშეს, მაგრამ მოიერიშე 22-ის ხაზთან აუტში გადაიყვანეს. მერე “ლელომ” ფეხით არცთუ კარგად მოიგერია ბურთი, მაგრამ “ჯიქებმა” შეცდომა დაუშვეს, მისი დაუფლება ვერ მოახერხეს, გოდერძი ჯოგლიძემ საკუთარი ნახევრიდან ფეხით დაბალი ბურთი გადაკიდა და ყიასაშვილი მიჰყვა. მას რომ ბურთის აღება მოეხერხებინა, ვეღარავინ შეაჩერებდა, მაგრამ მიწიდან ბურთი ისე ახტა, რომ “ჯიქები” ლელოს გაშვებას გადაურჩა.  

სამაგიეროდ, მან ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო და მე-18 წუთზე “ლელო” ისევ დაწინაურდა. ამას “ჯიქების” ხანგრძლივი იერიში მოჰყვა, ლელო არ შედგა, მაგრამ გიორგაძემ ჯარიმით ანგარიში კვლავ გაათანაბრა და მალევე, 45 მეტრიდან ზუსტი დარტყმით, “ჯიქები” 9:6 დააწინაურა. ტაიმის ბოლოს, ყიასაშვილმა მესამე ცდიდან მესამე ზუსტი დარტყმა შეასრულა, ტაიმი 9:9 დასრულდა და მეორე ნახევარში, ყველაფრის თავიდან დაწყება გახდა საჭირო.

თამაშის განახლებისთანავე, “ჯიქები” დაჯარიმდა, მაგრამ “ლელომ” ლელოზე ითამაშა. მეტოქემ 5 მეტრში თავი კარგად დაიცვა და ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ხეირი რომ ვერ ნახეს, ყიასაშვილმა უკვე კარში დარტყმა გადაწყვიტა და “ლელო” 12:9 დაწინაურდა. საწყისი წუთების შემდეგ, “ჯიქებმა” სათამაშო უპირატესობა დაიბრუნა და ორ წუთში, გიორგაძეს წონასწორობის აღდგენის შანსი მიეცა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მალევე, მან ცენტრიდან სცადა ბედი, მაგრამ ამჯერადაც არ გაუმართლა.

გიორგაძეს მიზანი რომ აერია, “ჯიქებმა” ლელოზე თამაში გადაწყვიტა და მესამე ჯერზე ბურთი აუტში გადაგზავნა, დერეფანს კი, ის ავადსახსენებელი მომენტი მოჰყვა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, სიტუაცია რომ ჩაწყნარდა, რეფერიმ ორივე გუნდის თითო მორაგბე გაასინბინა, გუნდები შეარიგა და თამაშიც განახლდა. “ჯიქებმა” ჯარიმა კვლავ აუტში გადაგზავნა, მაგრამ “ლელომ” თავი დაიცვა და თავად შეუტია. ყიასაშვილს დაახლოებით 47 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, მერე კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია, ბოლო წუთზე სანდრო ქოიავამ მიზანს ძელებსშუა უწია, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 19:9 და “ლელო” “აიას”, რომელმაც “ყოჩები” ლამაზ სტილში დაამარცხა, მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

დღის კიდევ ერთ მატჩში, “ლოკომოტივმა” “აკადემიას” ექვსი ლელო გაუტანა, 38:14 იმარჯვა და პრემიალური ქულაც მიითვალა. გუნდებმა მხოლოდ ლელოს გატანაზე ითამაშეს და პირველ ტაიმში რკინიგზელებმა ორჯერ გადაკვეთეს მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზი. მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში, მათ კიდევ ორი ლელო მიითვალეს, ამჯერად გარდასახვებიც ზუსტი იყო და ანგარიში 24:0 გახდა. დასკვნით 10 წუთში, მაყურებელმა კიდევ ოთხი ლელო იხილა. “აკადემიამ” ორჯერ შეძლო ჩამორჩენის 7 ქულით შემცირება, მაგრამ ორივეჯერ მეტოქისგან სწრაფი პასუხი მიიღო.

დღეს, ტურის ორი დარჩენილი თამაში გაიმართება. ბათუმში ადგილობრივი გუნდისა და რუსთავის “ხარების” თამაშმა 14 საათისთვის გადმოიწია. ამ გუნდებს წელს გამარჯვების გემო არ გაუგიათ და დიდი ალბათობით, ერთ-ერთი მათგან პირველად გაიხარებს (თუ თამაში ფრედ არ დასრულდება). 16:30 საათზე თბილისში, კვლავ “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე, დღის ცენტრალური მატჩია - “არმაზი” “არმიას” ეთამაშება.  

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. VI რაუნდი

12 ოქტომბერი

ქუთაისი. “დინამო”. 350 მაყურებელი

აია (ქუთაისი) - ყოჩები (ბოლნისი) 45:10 (14:3)

თბილისი. “შევარდენი”. 250 მაყურებელი

ჯიქები (თბილისი) - ლელო (თბილისი) 9:19 (9:9)

ჯიქები: 15. კიკნაძე, 14. ბიწაძე, 13. ჯინჯიხაძე (ბერძული 56), 12. კუპრეიშვილი, 11. ჯიმუხაძე, 10. გიორგაძე, 9. ჭინჭარაული; 1. ბარბაქაძე (ხატიაშვილი 43), 2. ოქრომელიძე (გაგნიძე 52), 3. ოქრიაშვილი (ჯინჭარაძე 54), 4. გოგოლიძე, 5. გ. მჭედლიშვილი, 6. შენგელია, 7. მამრიკიშვილი (ა. ტრაპაიძე 53), 8. სუხაშვილი.

3 ჯარიმა: გიორგაძე

1 სინბინი: გოგოლიძე

ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ჯოგლიძე (სარჯველაძე 71), 13. კორკელია, 12. ცერცვაძე, 11. ზაალიშვილი, 10. უ. მჭედლიშვილი, 9. მინდიაშვილი; 1. სანიკიძე, 2. ლომთაძე (ბელქანია 40), 3. პატარაია, 4. ხორბალაძე (ნიკოლაიშვილი 70), 5 ქოიავა, 6. მძინარიშვილი (სურგულაძე 45), 7. კოლელიშვილი, 8. ჭყოიძე.

1 ლელო: ქოიავა

1 გარდასახვა: ყიასაშვილი

4 ჯარიმა: ყიასაშვილი

1 სინბინი: სანიკიძე

 

თბილისი. “ავჭალა”. 700 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 38:14 (10:0)

ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ბიწაძე (შიოშვილი 62), 13. დ. ჭურღულია (კობერიძე 59), 12. კავთიძე (ვასაძე 67), 11. ჟამუტაშვილი, 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. ელოშვილი (გასვიანი 49), 2. გენებაშვილი, 3. ზარიძე, 4. ხულუაშვილი, 5. გ. გეგია, 6. ახვლედიანი (ხარძიანი 65), 7. ბერიშვილი, 8. კიკვიძე (ფოფხაძე 58).

6 ლელო: ბიწაძე (2), ჟამუტაშვილი, ფოფხაძე, ჭინჭარაული, გენებაშვილი

4 გარდასახვა: წიკლაური

1 სინბინი: გენებაშვილი

აკადემია: 15. ჩაბრაძე, 14. ჭუაძე, 13. ადეიშვილი (ჩინჩალაძე 42), 12. მელაძე, 11. კალანდარიშვილი, 10. ქოპილაშვილი (მათიაშვილი 63), 9. ჯ. ღამბაშიძე; 1. ფეიქრიშვილი (მაზმიშვილი 63), 2. წვერავა, 3. გ. ღამბაშიძე (ლ. გეგია 65), 4. ნებულიშვილი, 5. ბერიკაშვილი (მაღლაკელიძე 49), 6. ნიბლაძე, 7. ლუარსაბიშვილი, 8. გოგოლაძე.

2 ლელო: მაზმიშვილი, მათიაშვილი

2 გარდასახვა: მელაძე

 

1         აია           6           5            0            1            135-62                24      
2 ლელო                6 5 0 1 159-80 23
3 ლოკომოტ.    6 4 0 2 120-99 18
4 ყოჩები      6 3 1 2 124-126 15
5 არმაზი        5 3 0 2 109-94  14
6 არმია          4 2 1 1 92-65 11
7 ჯიქები         6 1 2 3 104-116  10
8 აკადემია                                                         5 1 0 4 53-129 5
9 ბათუმი      4 0 0 4 41-100 1
10 ხარები      4 0 0 4  53-119 1

 

13 ოქტომბერი

ბათუმი. ანგისა. 14:00

ბათუმი (ბათუმი) - ხარები (რუსთავი)

თბილისი. “შევარდენი”. 16:30 საათი

არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.732024