ამბები

11:56 | 15.10.2013 | ნანახია 3372 - ჯერ

Pro D2 კოლელიშვილის წყვილი ლელოთი დაბრუნდა

ორკვირიანი შესვენების შემდეგ, საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარული დივიზიონი Pro D2 მე-6 ტურის თამაშებით განახლდა და მასში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა ორი ლელო გაიტანა.

Top 14-დან გასული სეზონის შედეგების მიხედვით დაქვეითებული “ლიონისა” და “მონ დე მარსანის” დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა. თამაშმა ქარსა და წვიმაში ჩაიარა, მაგრამ ამას ლიონელებისთვის ლამაზი თამაშის ჩვენებაში ხელი არ შეუშლია და მათ გული მხოლოდ იმაზე თუ დაწყდებათ, რომ პრემიალური ქულა ვერ აიღეს. სხვა მხრივ, მასპინძლებმა მეტოქე ყველაფერში დაჯაბნეს და 34:17 დამსახურებლად იმარჯვეს.

კოლელიშვილი, რომელსაც 9 ოქტომბერს 24 წელი შეუსრულდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო, 52-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ 73-ეზე სებასტიან შაბალის ნაცვლად მოედანზე კვლავ დაბრუნდა და ბოლომდე ითამაშა. “ლიონის” განაცხადში არ იყო პირველხაზელი გურამ კავთიძე. მასპინძლებმა საწყის 8 წუთში ორი ჯარიმა გაიტანეს და ერთ შემთხვევაში მეტოქე ქართველის წინააღმდეგ დაჯარიმდა. სტუმრებმა ერთი ჯარიმა მალევე გაქვითეს, მაგრამ 27-ე წუთზე “მონ დე მარსანის” მეტოქე სინბინით დაისაჯა და “ლიონმაც” ლელოზე თამაში გადაწყვიტა.

დერეფნის მოგების შემდეგ კარგი მოლი დადგა, რომლის ბოლოშიც ბურთს კოლელიშვილი აკონტროლებდა. ის მოლს მოძრაობის საწინააღმდეგოდ მოწყდა, მეტოქის ჩათვლის მოედანში შეიჭრა და ორ მცველთან კონტაქტში ბურთი დაამიწა. მართალია სტუმრები ამბობდნენ, ბოლო მომენტში ქართველმა ბურთზე კონტროლი დაკარგაო, მაგრამ რეფერიმ სიტუაცია სწორად განსაჯა და ლელო დააფიქსირა. ეს ვიტოს პირველი ლელო იყო “ლიონის” მაისურით. შესვენებამდე მასპინძლებმა მეორე ლელოც მიითვალეს და ტაიმი 20:3 მოიგეს.

მეორე ტაიმი სამი წუთის დაწყებული იყო, როდესაც შაბალმა დიდებულად გაჭრა ხაზი, მას კარგად მიყვა კოლელიშვილი, 22-ის ხაზთან გადაცემა მიიღო, ორ მბოჭავს დაუსხლტა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. ფრანგებმა კოლელიშვილს უკვე მეტსახელიც მოუძებნეს და მას “ანომალურს” ეძახიან. ბოლო წუთებზე ქართველი მოედანზე რომ დაბრუნდა, მესამე ლელოს გასატანადაც გაიწია, მაგრამ ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ფიჯელმა მოწინააღმდეგემ ყელში ხელი წაავლო და ჩათვლის მოედანი სინბინის ფასად დაიცვა. ამრიგად, “ლიონს” 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” აუტსაიდერს, ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბის” უმასპინძლა. მასპინძლებმა 30:19 იმარჯვეს და სამი ლელოც გაიტანეს, მაგრამ მატჩის მიწურულს ერთი ლელო თავადაც მიიღეს და პრემიალური ქულა ვერ აიღეს. მეორეხაზელმა დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო პირველხაზელი ნაცარაშვილი თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა შორის შეუცვლელად გაისარჯა გარემარბი თოდუა, პირველხაზელი თეთრაშვილი კი, მოედანზე 57-ე წუთიდან გამოჩნდა.

საწყის 20 წუთში მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს და რადგან შუაში ჯარიმა მიიღეს, 14:3 დაწინაურდნენ. 23-ე წუთზე “ალბის” და კერძოდ თოდუას, ლელოს გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ ფეხით ჩათვლის მოედნის ფლანგზე ჩაკიდებული ბურთი მეტოქესთან ჭიდილში ვერ შეიმაგრა და მისი გუნდი მხოლოდ ჯარიმას გამორჩა. მეორე ტაიმის დებიუტისთვის “ალბიმ” სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მერე ჯერ ჯარიმა გაუშვა, ხოლო 54-ე წუთზე მოლით, რომელშიც დათუნაშვილიც აქტიურად მონაწილეობდა, მესამე ლელო გაუშვა.

72-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ლელო გაქვითეს და მართალია მეტი ვეღარ შეძლეს, მაგრამ პრემიალური ქულა არც მეტოქეს ააღებინეს. ექვსი ტურის შემდეგ “ორიაკი” 18 ქულით მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს, ხოლო “ალბი” 5 ქულით ბოლო მე-16 ადგილზეა.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” “პოს” უმასპინძლა და მხოლოდ პრემიალური ქულას დასჯერდა. მასპინძელთა განაცხადში ორი ქართველი იყო და პირველხაზელმა მირცხულავამ შეცვლაზე 57-ე, ხოლო მესამეხაზელმა ჩხაიძემ 79-ე წუთიდან ითამაშა. “ტარბმა” ტაიმი 9:0 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ქულაც ვერ აიღო და მე-4 ჯარიმა უკანასკნელ წუთზე მიიღო. მას 12 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.

ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” “კოლომიეს” ეწვია და 12:19 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53 წუთი ითამაშა. მისი გუნდი მე-12 წუთზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან წითელი ბარათის გამო, მთელი 68 წუთით კაცნაკლული დარჩა. მიუხედავად ამისა, “ბეზიემ” პრემიალური ქულის აღება მოახერხა და ასეთ სიტუაციაში ეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს. შეყლაშვილის გუნდი 14 ქულით მე-8 ადგილზეა.

პრემიალურ ქულას დასჯერდა ტარიელ რატიანიძის “აჟენიც”, რომელიც თორნიკე ლომიძის “ოშს” ეწვია და 17:22 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ რატიანიძე იყო, რომელმაც პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა, ოღონდ 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 10 წუთი სინბინში გაატარა და ამ პერიოდში “ოშმა” 10 ქულის აღება მოახერხა. მეორე ნახევრის დასაწყისში 6:19 ჩამორჩენის შემდეგ, 59-ე წუთისთვის სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, მაგრამ ბოლოს ჯარიმა კვლავ სტუმრებმა გაიტანეს. მიუხედავად მარცხისა, “აჟენი” 20 ქულით მე-3 საფეხურზეა, ხოლო “ოში” 10 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა” ქართველის გარეშე “კარკასონს” 22:15 სძლია და 22 ქულით მეორე ადგილზეა. თამაზ მჭედლიძის “ბურგ-ან-ბრესი” ასევე ქართველის გარეშე “ნარბონთან” 26:36 დამარცხდა და 10 ქულით მე-12 ადგილზეა. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 19-20 ოქტომბერს გაიმართება.

კოლელიშვილის ლელლოები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

http://www.lourugby.fr/news-rugby/la-rencontre-lou-mont-de-marsan-en-images/21445/

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.408412