საფრანგეთის მორაგბეთა რანგით მესამე, ნახევარდპროფესიული “ფედერალ 1”-ის V ტურში, ქართველი ლეგიონერებდან ქულები მხოლოდ “ბანიერის” მორაგბეებმა მიითვალეს.
“ფედერალ 1” ორკვირიანი შესვენების შემდეგ მე-5 ტურით განახლდა და მის მიმოხილვას ბოლოდან, IV ჯგუფიდან დავიწყებთ. დივიზიონის ერთ-ერთმა ყველაზე ქართულმა გუნდმა - ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძის, გიორგი მჭედლიშვილის, ბექა ურჯუკაშვილისა და ლადო გუნიავას “ბანიერმა” “ლურდს” უმასპინძლა, მეტოქე 43:8 გაანადგურა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. 43-იდან 28 ქულა ქართველი მორაგბეების ანგარიშზეა - მჭედლიშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო მალაღურაძემ ზუსტი დარტყმებით 23 ქულა მოაგროვა (5 ჯარიმა და 4 გარდასახვა).
სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მგეზავი მალაღურაძე იყო და სრულად ითამაშა. 48-ე წუთზე შეცვლაზე შევიდნენ ურჯუკაშვილი და მაისურაძე, ხოლო მჭედლიშვილი და გუნიავა თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთვნენ. ანგარიში პირველსავე წუთზე სტუმრებმა ჯარიმით გახსნეს, მაგრამ მერე მალაღურაძემ ოთხი ჯარიმა გაიტანა, ერთი გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 19:3 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ლაშამ მეხუთე ჯარიმა გამოიყენა, რის შემდეგაც გუნდმა პრემიალურ ქულაზე დაიწყო თამაში. შეცვლაზე შესულმა მჭედლიშვილმა გუნდის მესამე ლელო 70-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ ამ დროს ერთი ლელო მეტოქესაც ჰქონდა გატანილი. “ბანიერმა” მეოთხე ლელო 78-ე წუთზე მიითვალა, ლელოებით 4:1 დაწინაურდა და მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც მიითვალა. მალაღურაძემ ყველა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მასპინძლებმა 43:8 მოგებით სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. ახლა მათ 12 ქულა აქვთ, მე-4 ჯგუფში მე-5 ადგილზე არიან და საპლეიოფო ოთხეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.
ამავე ჯგუფში მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმო” ლიდერ “ტიროსთან” სტუმრად 3:33 დამარცხდა და მეტოქეს პრემიალური ქულაც დაუტოვა. ქართველი ლეგიონერი თამაშში მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან ჩაერთო. ამ დროს მისი გუნდი უკვე 3:26 აგებდა. “აჟეტმოს” 9 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.
პირველ ჯგუფში პირველი მარცხი განიცადა დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ”. ის ქართულ დერბიში თემურ გელანტიასა და რევაზ გიგაურის “მონლიუსონთან” 18:23 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშა გარემარბმა გიგაურმა, ხოლო გელანტია შეცვლაზე 78-ე წუთზე შევიდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ყუფარაძე და ის აშვეთიამ 54-ე წუთზე შეცვალა.
“მასი” 30-ე წუთზე წითელი ბარათით დაისაჯა და კაცნაკლული დარჩა. ამ დროს სტუმრები 3:6 აგებდნენ და ტაიმი 9:12 დათმეს, ხოლო 65-ე წუთზე 18:15 დაწინაურდნენ. “მონლიუსონმა” რიცხობრივი უპირატესობით დასკვნით 10 წუთში ისარგებლა და ჯერ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო მერე ლელო გაიტანა. მარცხის მიუხედავად “მასი”, რომელმაც პრემია ჩაიწერა, 21 ქულით ჯგუფის ლიდერია. “მონლიუსონს” ქულები რომ ჩამოაკლეს ახლა -2 ქულა აქვს და ბოლო მე-10 ადგილზეა.
ნოდარ ჭეიშვილის “ნევერმა” უშუალო კონკურენტი “ლილი” ქართველი ლეგიონერის გარეშე 29:15 დაამარცხა და 17 ქულით მეორე ადგილზეა. ირაკლი ნინიძის “დიჟონი” სტუმრად “ბობინთან” 10:42 დამარცხდა და 5 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა. ქართველმა პირველხაზელმა შეცვლაზე 59-ე წუთიდან ითამაშა.
შოთა საყვარელიძისა და გიორგი ტორაძის “სენ-ჟენი” ბაჩუკი გუჯარაიძის “სენტ-ნაზერს” დაუხვდა და 18:43 დამარცხდა. გუჯარაიძე განაცხადში არ იყო, საყვარელიძემ ტრავმირებული თანაგუნდელი მე-20 წუთზე შეცვალა, ხოლო ტორაძე თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო. “სენ-ნაზერი” 13 ქულით მე-5, ხოლო “სენ-ჟენი” 9 ქულით მე-7 ადგილზეა.
II ჯგუფში ავთო კოპალიანის “მაკონი” “ლა სენს” ეწვია, 13:16 დამარცხდა და პრემიალურ ქულას დასჯერდა. თამაში უხეში გამოდგა და რეფერიმ ორივე გუნდის მორაგბეს მე-4 წუთზევე უჩვენა წითელი ბარათი. გარდა ამისა, მსაჯმა მე-2 წუთზე მასპინძელთა მორაგბე 10 წუთით გაასინბინა, ხოლო 64-ე წუთზე წითელი ბარათით “ლა სენის” მეორე მოთამაშეს უჩვენა წითელი ბარათი. მან არც სტუმრები დაინდო და მათგან სამი მორაგბე გააყვითლა, ერთ-ერთი კი კოპალიანი იყო, რომელიც თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო და ყვითელი ბარათი მე-60 წუთზე მიიღო. “მაკონმა” ბოლოსწინა წუთზე ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მერე ჯარიმა მიიღო და მარცხი განიცადა. მიუხედავად ამისა, ის 16 ქულით ჯგუფის ლიდერია, თუმცა, ამდენივე ქულა კიდევ ორ გუნდს აქვს.
“ლა ვულტთან” სტუმრად 25:30 დამარცხდა და მხოლოდ პრემიას დასჯერდა საბა ქართველიშვილის “ჩამბერი”. ქართველმა ლეგიონერმა შეცვლაზე 62-ე წუთიდან ითამაშა, მისი გუნდი კი, 14 ქულით მე-4 ადგილზეა. გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონმა” “ექს-ან-პროვანსს” უმასპინძლა და 19:9 იმარჯვა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, “შალონი” კი 9 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.
ქართულ დერბიში გიორგი კუთარაშვილის “ანესი” მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის “ვიენს” დაუხვდა და 20:25 დამარცხდა. კვირიკაშვილი განაცხადში არ იყო, პირველხაზელები კი, სასტარტო შემადგენლობებში მოხვდნენ. კუთარაშვილმა და პეტრიაშვილმა მოედანზე 49-49 წუთი გაატარეს და პრაქტიკულად ერთდროულად შეცვალეს. “ვიენს” გამარჯავება ეჭვქვეშ ერთი წუთითაც არ დაუყენებია და 10 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო “ანესმა” პრემიალური ქულა რომ აიღო ჯამში 6 ქულით ბოლო ადგილზეა.
III ჯგუფში თედო ზიბზიბაძის, გიორგი გაბელიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “პერიგო” სტუმრად უშუალო კონკურენტ “ლანგონთან” 8:12 დამარცხდა და ერთი ქულის ამარა დარჩა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ზიბზიბაძე იყო და შეუცვლელად ითამაშა. “პერიგო” 14 ქულით მე-4 ადგილზეა.
გიორგი ტალახაძის “როდეზი” “ლავურს” ქართველი ლეგიონერის გარეშე ეწვია და 12:24 დამარცხდა. “როდეზი” 6 ქულით მე-8 პოზიციაზეა. ნიკოლოზ გიორგაძის “ჰენდაი” ჯგუფის ლიდერ “მონტობანს” დაუხვდა და 20:52 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57 წუთი ითამაშა. “ჰენდაი” 1 ქულით ბოლო ადგილზეა.
“ფედერალ 1”-ის მომდევნო ტურის თამაშები 19-20 ოქრომბერს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია