ამბები

12:35 | 19.10.2013 | ნანახია 3940 - ჯერ

მამუკა გორგოძე: “მოცდას მოქმედება ვარჩიე და “ტულონს” 3+1 კონტრაქტზე შევუთანხმდი”

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე მომავალი სეზონიდან “ტულონის” ღირსებას დაიცავს. ის პირადად შეხვდა კლუბის პრეზიდენტს, კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და მასზე ოფიციალურ ხელმოწერას თებერვალში დასვამს.

29 წლის ქართველი, რამდენიმე წლის წინ, “ტულონში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. ამ კლუბთან კონტრაქტიც ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ მაშინ “მონპელიემ” ყველაფერი გააკეთა გორგოძის შესანარჩუნებლად - ჯარიმის გადახდასაც არ მოერიდა. მიუხედავად ამისა, ტულონელთა პრეზიდენტმა ბურჯელალმა ძველი წყენა დაივიწყა და ვარსკვლავურ შემადგენლობას კიდევ ერთი ვარსკვლავი შემატა.

“მსოფლიო სპორტი” მამუკა გორგოძეს საფრანგეთში დაუკავშირდა და უწინარესად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. გემახსოვრებათ, ფეხის ტრავმის გამო, მამუკას სეზონის სტარტი გაუცდა და მოედანს ახლახანს, “ჰაინეკენის თასზე” “ტრევიზოსთან” მატჩში დაუბრუნდა.

თქვენთვის სეზონი ახლა დაიწყო. ქართველ გულშემატკივარს ნოემბრის ტესტების წინ ყველაზე მეტად ის აინტერესებს, ტრავმის შემდეგ როგორ ფორმაშია მამუკა გორგოძე?

- ძალიან მძიმე ტრავმა იყო და 10 კვირა აქტიურად ვერ ვარჯიშობდი. ამას დაუმატეთ სეზონთაშორისი შესვენება და მთლინობაში 5 თვე არ მითამაშია. ჯერ ბოლომდე გამოჯანმრთელებულიც არ ვარ, მაგრამ პირველი თამაში უკვე ჩავატარე “ტრევიზოსთან”. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი მთელი მატჩის თამაშს თუ შევძლებდი. მოედანზე 70 წუთი გავატარე და ის 10 წუთიანი გაძევებასაც, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ იყო სამართლიანი.

მომდევნო თამაშში თუ ითამაშებთ?

- ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყავს და ამიტომ, ირლანდიურ “ოლსტერთან” თამაშს ძირითად შემადგენლობაში დავიწყებ.

წელს “მონპელიე” აქცენტს “ჰაინეკენის თასზე” აკეთებს თუ საფრანგეთის ჩემპიონატზე?

- წელს ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ, თანაც ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის და ავსტრალიის ნაკრებების მოთამაშეები გვაკლია და მალე ისინიც დაგვემატებიან. აქცენტი უფრო ჩემპიონატის მოგებაზე კეთდება,  “ჰაინეკენის თასი” კი, ასე ვთქვათ, დესერტად გვაქვს მოტოვებული. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და თუ ყველაფერი კარგად იქნება, მერე მისთვისაც ვიბრძოლებთ.

ნოემბერში საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩები ელის. ამისთვის თუ ხარ მზად?

- ურთულესი თამაშები გველის. წლევანდელი წელი ისე დაიწყო, რომ ჩემი ჩათვლით ყველას ტრავმა აწუხებს. იმედია, ოპტიმალურ ფორმაში შესვლას მოვახერხებ, თუმცა ეს ძალინ რთული იქნება. რამდენიც არ უნდა ივარჯიშო, თამაშის რიტმი მაინც სხვაა. თავის დაზოგვა არ მჩვევია და კარგი იქნება თუ ეს თამაშები სასურველი ანგარიშებით დასრულდება.

მეტოქეებად კანადა, ამერიკა და სამოა გვყავს...

- მე ამ გუნდების წინააღმდეგ არ მითამაშია, მაგრამ რაც ვიცი, ანგარიშგასაწევი მეტოქეები არიან. “ერთა თასზე” ჩვენ ასეთი მეტოქეები არ გვყავს. კანადაც და ამერიკაც რუმინეთზე და რუსეთზე ძლიერი გუნდები არიან, სამოაზე კი, ჩემი თქმა საჭიროც არაა, მათთან თამაში ბობოლებსაც უჭირთ. მათზე დიდი გუნდებიც კი საუბრობენ. უხეში გუნდია, რომელიც ბოლო დროს ჭკუასაც იყენებს და ძალიან ძლიერები არიან. მათთან მოგება ყველაზე მეტად გაგვიჭირდება.

მამუკა გორგოძე მომავალი სეზონიდან “ტულონის” მორაგბე იქნება?

- ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ასე გადაწყდა. შემოთავაზებები მრავლად მქონდა, “კლერმონიდან” 2+1, “პერპინიანიდან” ოთხწლიანი კონტრაქტი, აი “მონპელიეს” მხრიდან კი, მოცდა მირჩიეს, მაგრამ მე ლოდინს მოქმედება ვარჩიე და “ტულონს” სიტყვიერად შევუთანხმდი.

“ტულონის” პრეზიდენტი ისევ ბურჯელალია, რომელთანაც შენ სასამართლო გარჩევებიც გქონდა...

- ბურჯელალს პირადად შევხვდი და ძველ ამბებზე ყურადღება არც გაუმახვილებია. ყველაფერი ხდება და ვიცი გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შენს დასატოვებლადო. “ტულონთან” 3+1 კონტრაქტს სავარაუდოდ თებერვალში გავაფორმებ და მომავალ სეზონს იქ დავიწყებ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07566