ამბები

17:58 | 22.10.2013 | ნანახია 3066 - ჯერ

ლელოები, ქულები, წითლები და ყვითლები

საფრანგეთის რანგით მესამე, ნახევრადპროფესიული “ფედერალ 1”-ის მე-6 ტური მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. ორი ლელო, გარდასახვა და ჯარიმები, წითელი და ყვითელი ბარათები, ქართველების გვარები ყველა ამ მოვლენებს უკავშირდება.

პირველი ჯგუფის ლიდერმა, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ” ნოდარ ჭეიშვილის “ნევერს” უმასპინძლა, 20:12 იმარჯვა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. სტუმართა ქართველი ლეგიონერი განაცხადში ვერ მოხვდა. “მასის” პირველხაზელებმა დადუნაშვილმა და აშვეთიამ თამაში პირველივე წუთიდან დაიწყეს და აშვეთია 48-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა, ხოლო დადუნაშვილმა 67 წუთი ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთამდე ითამაშა სუთიაშვილმა, მერე კი, მეტოქეს წაეჩხუბა და ის ყვითელით, ხოლო ქართველი მესამეხაზელი წითელი ბარათით დაისაჯა.

“მასის” ადრეულ ჯარიმას სტუმრებმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს, მაგრამ შესვენებამდე მასპინძლებმა ლელო-გარდასახვა გაიტანეს და 10:6 დაწინაურდნენ. “ნევერმა” 53-ე წუთამდე კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და 2 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ათ წუთში “მასიმ” ორი ლელო მიითვალა და ლელოებით 3:0, ხოლო ანგარიშით 20:12 იმარჯვა. “მასიმ” პრემიაც რომ ჩაიწერა 26 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს მთელი 8 ქულით უსწრებს, ხოლო “ნევერი” 17 ქულით მე-4 საფეხურზეა.

ბაჩუკი გუჯარაიძის “სენტ-ნაზერმა” “კოგნასი” 32:6 დაამარცხა, ხუთი უპასუხო ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქართველ ლეგიონერს განვლილ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მისი გუნდი კი, 18 ქულით მეორე ადგილზეა.

ირაკლი ნინიძის “დიჟონმა” ქართულ დერბიში თემურ გელანტიასა და რევაზ გიგაურის “მონლიუსონს” დაუხვდა და 20:23 დამარცხდა. სამივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ნინიძემ პირველი ტაიმი ითამაშა, გელანტიამ 55 წუთი, ხოლო გარემარბი გიგაური სრულად გაისარჯა და ლელოც გაიტანა. მან თავი მე-10 წუთზე გამოიჩინა და ანგარიში გახსნა, “მონლიუსონმა” კი, პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და 20:0 დაწინაურდა.

მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში “დიჟონმა” 13 უპასუხო ქულა აიღო, მერე ჯარიმა გაუშვა, 73-ე წუთზე კი, მეორე ლელო მიითვალა, გარდასახვა გამოიყენა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა, თუმცა, მასპინძლებმა მეტი ვეღარ შეძლეს და მხოლოდ პრემიას დასჯერდნენ. “მონლიუსონს” ქულები აქვს ჩამოკლებული და 2 მოგებისა და 1 ფრის მიუხედავად, 2 ქულით ბოლო ადგილზე რჩება, ხოლო “დიჟონი” 6 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

შოთა საყვარელიძისა და გიორგი ტორაძის “სენ-ჟენიმ” “ბობინს” 23:16 სძლია. ტორაძე განაცხადში არ იყო, ხოლო საყვარელიძე შერკინების მესამე ხაზში სრულად გაისარჯა. ტაიმის 6:3 მოგების შემდეგ, მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 23:9 დაწინაურდნენ, მაგრამ დამატებულ წუთებზე საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და რადგან გარდასახვაც ზუსტი იყო, მეტოქემ პრემიალური ქულის აღება მოახერხა. “სენ-ჟენი” 13 ქულით მე-6 ადგილზეა.

მე-2 ჯგუფში მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის “ვიენი” ავთო კოპალიანის “მაკონთან” 13:25 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში მხოლოდ კვირიკაშვილმა ითამაშა და შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა, ხოლო სტუმართა პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთამდე ითამაშა. “ვიენმა” ტაიმი ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმის გამო 10:13 დათმო, მეორე ნახევარში კი, “მაკონმა” უპირატესობა ნელ-ნელა გაზარდა და გამარჯვებაც მოიპოვა. “მაკონი” 20 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო “ვიენს” 10 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა.

საბა ქართველიშვილის “ჩამბერიმ” გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონს” უმასპინძლა და 29:3 იმარჯვა. ქართველიშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, დასკვნითი 40 წუთი ითამაშა და 58-ე წუთზე ლელო გაიტანა, რითაც ანგარიში 27:3 გახადა. ჯაშიტაშვილი განაცხადში არ იყო. “ჩამბერი” 18 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო “შალონი” 9 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა. 7 ქულით ბოლო ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის “ანესი”, რომელმაც “ლა ვულტს” უმასპინძლა, 14:19 დამარცხდა და პრემიალურ ქულას დაჯერდა. კუთარაშვილი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და ორ წუთში ყვითელი ბარათით დაისაჯა. 56-ე წუთზე “ანესიმ” ლელო გაიტანა, გარდასახვა გამოიყენა და 14:13 დაწინაურდა, მაგრამ დასკვნით 10 წუთში არეკნი და ჯარიმა გაუშვა.

მესამე ჯგუფში თედო ზიბზიბაძის, გიორგი გაბელიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “პერიგო” სტუმრად “ლიმოჟთან” 19:22 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ზიბზიბაძემ მიიღო და შუამარბად სრულად ითამაშა. მისი გუნდი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო და ხშირად 10 ქულას აღწევდა, მაგრამ 76-ე წუთისთვის წონასწორობა აღდგა - 19:19. “პერიგო” დამატებულ წუთებზე დაჯარიმდა, მასპინძლებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მეტოქე მხოლოდ 1 ქულას დააჯერეს. ქართველი ლეგიონერების გუნდს 15 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.

პრემიალურ ქულას დასჯერდა ნიკოლოზ გიორგაძის “ჰენდაიც”, რომელსაც “ლორმონმა” 30:23 სძლია. ქართველი ლეგიონერი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. ამ დროს მისი გუნდი 11 ქულას აგებდა, 55-ე წუთისთვის სხვაობამ 21 ქულას უწია (30:9), მაგრამ დასკვნით 20 წუთში სტუმრებმა ორი ლელო გაიტანეს, გარდასახვები გამოიყენეს და 1 ქულის აღება მოახერხეს. “ჰენდაისთვის” ეს ექვს მატჩში მოპოვებული მეორე ქულა იყო და ბოლო ადგილზეა. გიორგი ტალახაძე “როდეზიმ” “ტულეს” ქართველი ლეგიონერის გარეშე 26:20 აჯობა და 10 ქულით მე-8 ადგილზეა.

მეოთხე ჯგუფში ქართული დერბი შედგა. მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმომ” ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძის, ლადო გუნიავას, გიორგი მჭედლიშვილისა და ბექა ურჯუკაშვილის “ბანიერი” 20:13 დაამარცხა. ხუთი ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მასპინძელთა მეორეხაზელმა გაჩეჩილაძემ და სტუმართა მგეზავმა მალაღურაძემ სრულად ითამაშეს. პირველხაზელმა მჭედლიშვილმა 46 წუთი ითამაშა, ასევე პირველხაზელი გუნიავა 72-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო შუამარბმა ურჯუკაშვილმა 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთიანი სასჯელის ამოწურვის შემდეგ მის ნაცვლად მოედანზე დასვენებული მორაგბე შევიდა.

მასპინძელთა სამ ჯარიმას მალაღურაძემ ზუსტი დარტყმით 37-ე წუთზე უპასუხა და ტაიმი 9:3 დასრულდა. მეორე ტაიმში “აჟეტმომ” ჯერ ჯარიმით და მერე ლელოთი უპირატესობა გაზარდა, რაზეც “ბანიერმა” ლელოთი 54-ე წუთზე უპასუხა და და მალაღურაძემ გარდასახვა გამოიყენა. მანვე ჯარიმა 77-ე წუთზე გაიტანა, ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა და გუნდს 1 პრემიალური ქულა მოაპოვებინა. “ბანიერი” 13 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო “აჟეტმო” ასევე 13 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

“ფედერალ 1”-ის მომდევნო ტურის თამაშები 26-27 ოქტომბერს გაიმართება.

თეგებიფედერალ 1დავით აშვეთიადავით დადუნაშვილიარჩილ კობაურიელიზბარ ყუფარაძეშალვა სუთიაშვილიშოთა საყვარელიძეგიორგი ტორაძეირაკლი ნინიძეთემურ გელანტიარევაზ გიგაურიბაჩუკი გუჯარაიძენოდარ ჭეიშვილისაბა ქართველიშვილიგიორგი კუთარაშვილიგიორგი ჯაშიტაშვილიავთო კოპალიანიმერაბ კვირიკაშვილიზერო პეტრიაშვილითედო ზიბზიბაძეგიორგი გაბელიანიკოლოზ მაღალდაძეგიორგი ტალახაძენიკოლოზ გიორგაძელაშა მალაღურაძესიმონ მაისურაძეგიორგი მჭედლიშვილიბექა ურჯუკაშვილიმიხეილ გაჩეჩილაძელადო გუნიავა -მასისენ-ჟენიდიჟონიმონლიუსონისენტ-ნაზერინევერიჩამბერიანესიშალონიმაკონივიენიპერიგოროდეზიჰენდაიბანიერიაჟეტმო

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.131323