საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის ხუთივე თამაში ერთ დღეს, შაბათს, 26 ოქტომბერს გაიმართება, ცენტრალურ შეხვედრას კი, ქუთაისი უმასპინძლებს.
“დინამოზე” ერთმანეთის პირისპირ ის გუნდები წარსდგებიან, რომლებმაც სეზონის განვლილ ნაწილში მხოლოდ თითო-თითო თამაში დათმეს და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. მოცემული მომენტისთვის პირველ ადგილზე ქუთაისის “აიაა”, რომელმაც შვიდიდან ექვსი შეხვედრა მოიგო და თუ “ლელოს” დამარცხება შეძლო, დიდი ალბათობით პირველ ადგილზევე დაასრულებს. “ლელო” ქუთათურებს ხუთი ქულით ჩამორჩება, მაგრამ მეტოქეზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და პოტენციურად, “აიასთან” პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.
ნებისმიერ შემთხვევაში, თამაში, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება, საინტერესო საყურებელი იქნება, რადგან ორივე გუნდი გაშლილ, ლაღ თამაშს ანიჭებს უპირატესობას და ეს კარგადაც გამოსდით. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “ლელომ”, სეზონის გახსნით მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, ზედიზედ ხუთი თამაში მოიგო და სამ მათგანში აიღო პრემიალური ქულა, ოღონდ სამივე ჯერზე აუტსაიდერებთან. გასულ უქმეებზე თბილისელებს “არმაზთან” უნდა ეთამაშათ, მაგრამ შეხვედრა გადაიდო და თბილისელები ქუთაისს ერთგვარად დასვენებულები ეწვევიან.
“აიამ” შვიდიდან ექვსი თამაში მოიგო და მანაც სამი პრემიალური ქულა ჩაიწერა, ხოლო კიდევ ერთი ქულა მცირე სხვაობით მარცხისთვის მიიღო. აღსანიშნავია, რომ ის ერთადერთი მარცხი “აიამ” სწორედ საკუთარ “დინამოზე”, თბილისის “ლოკომოტივისგან” განიცადა (12:15). სამაგიეროდ, ქუთაისში ჩატარებულ მომდევნო ორ მატჩში, ლიდერებში მყოფ “არმაზს” და “ყოჩებს” დიდი სხვაობით სძლია და პრემიალური ქულებიც მიითვალა, გასულ კვირას კი, “არმიას” თბილისში დამაჯერებლად აჯობა.
ქუთაისის პარალელურად, 16:00 საათზე თბილისში ორი თამაში იწყება. “ავჭალაზე” საჩემპიონო ამბიციების მქონე “ლოკომოტივი” “ბათუმს” დაუხვდება, ხოლო “შევარდენზე” “ჯიქები” რუსთავის “ხარებს” მასპინძლობს. “ლოკომოტივმა” წელს ორი თამაში წააგო, მაგრამ შვიდი ტურის შემდეგ “ლელოს” მსგავსად 23 ქულა აქვს და ლიდერებს კვალში უდგას. “რკინიგზელებმა” მხოლოდ “არმაზს” და “ლელოს” ვერ აჯობეს, მაგრამ გადახალისებული გუნდი ნელ-ნელა ფორმას იკრებს და ბოლო ორ ტურში მათ პრემიალური ქულებით იმარჯვეს.
ეს აუტსაიდერთა სამეულის წარმომადგენლებთან მოხდა და იმის გათვალისწინებით, რომ მათი მომავალი მეტოქეც აუტსაიდერი “ბათუმია”, ახლაც პრემიალურ ქულაზე იბრძოლებენ. ზღვისპირელებს წელს უჭირთ და ქულებს მხოლოდ ქვედა სამეულის იმ გუნდებთან იღებენ, რომლებიც ამ სეზონში მხოლოდ უძლიერესთა შორის დასარჩენად თუ იბრძოლებენ. “ბათუმმა” “ხარებს” ზღვისპირეთში მცირედით სძლია და მანამდე “აკადემიასთან” თბილისში მცირე სხვაობით დამარცხდა - სულ ესაა მათი მონაგარი.
“ჯიქებმა”, რომელიც უძლიერესთა შორის შარშან გამოჩნდა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მებრძოლი გუნდია და ყველა მეტოქესთან გამარჯვებისთვის ითამაშებს. მათი დიდი სხვაობით დამარცხება აქამდე ვერავინ შეძლო, მაგრამ ძლიერ მეტოქეებთან გამარჯვებისთვის უმეტესად გამოცდილება არ ყოფნის. სამაგიეროდ, პირველი წრის ბოლომდე მხოლოდ აუტსაიდერებთან რომ დარჩათ თამაშები ჩასატარებელი, ქულთა მაქსიმუმის აღებას ეცდებიან. გასულ ტურში მათ ეს “აკადემიასთან” გააკეთეს და ახლა “ხარების” დროა, რომელიც ერთადერთი გუნდია, რომელსაც წელს გამარჯვება არ უზეიმია.
საღამოს თბილისში კიდევ ორი თამაშია და ისინი 19:00 საათზე დაიწყება. “შევარდენზე” “არმაზი” “აკადემიას” ეთამაშება და მისი პრემიალური ქულით დამარცხებით საპლეიოფო ექვსეულში პოზიციების გამაგრებას ეცდება. აკადემიელები ქულებს მხოლოდ ქვედა ზონის გუნდებთან იღებდნენ და შიგადაშიგ პრემიის აღებას ლიდერებს არ ანებებდნენ, ასე რომ, აქ ფავორიტი უცილობლად “არმაზია”, რომელსაც მთავარი მწვრთნელის გარეშე მოუწევს თამაში - დავით ვართანიანი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებსაც ავარჯიშებს და ის გუნდს ლისაბონში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაჰყვა.
თბილისელ მაყურებელს ტურის კიდევ ერთი საინტერესო ჯახის ხილვა 19:00 საათიდან “ავჭალაზე” შეეძლება, სადაც ერთმანეთს მინიმუმ ექვსეულისთვის მებრძოლი “არმია” და “ყოჩები” შეებრძოლებიან. გუნდები ამ სეზონს განსხვავებულ მდგომარეობაში შეხვდნენ. გასულ წლებთან შედარებით “არმია” დასუსტდა და ეს მის შედეგებზეც აისახა, “ყოჩებმა” კი, საკუთარი მოთამაშეთა ნაწილი დაიბრუნა და ამბიციაც მოემატა.
“ყოჩებმა” სეზონი ჩემპიონ “ლელოს” სენსაციური ძლევით დაიწყო, მაგრამ მერე და მერე გამოჩნდა, რომ გუნდს ჯერ შეთამაშების პრობლემა აქვს. ალბათ ამის ბრალი უნდა იყოს ორ აუტსაიდერთან მცირედით მოგებული მატჩები და ქუთაისში დიდი სხვაობით განცდილი მარცხი. მაგრამ არც “არმიას” ულხინს, რომელსაც საწყის ორ ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. არმიელები “ჯიქებს” დაუზავდნენ, “ლოკომოტივთან”, “არმაზთან” და ბოლოს “აიასთან” კი, მარცხი განიცადეს. მოცემული მომენტისთვის, “არმია” შვიდი მოწინავიდან ის გუნდია, რომელიც ექვსეულს მიღმაა და შეძლებს თუ ვერა ის საჩემპიონო პლეი ოფში გასვლას, დიდიწილად სწორედ უშუალო კონკურენტებთან მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. VIII რაუნდი
26 ოქტომბერი
ქუთაისი. “დინამო”. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - ლელო (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
ჯიქები (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “ავჭალა”. 19:00 საათი
არმია (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)
თბილისი. “შევარდენი”. 19:00 საათი
არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
1 | აია | 7 | 6 | 0 | 1 | 159-80 | 28 |
2 | ლელო | 6 | 5 | 0 | 1 | 159-80 | 23 |
3 | ლოკომოტივი | 7 | 5 | 0 | 2 | 151-114 | 23 |
4 | ყოჩები | 7 | 4 | 1 | 2 | 183-153 | 20 |
5 | არმაზი | 6 | 4 | 0 | 2 | 135-117 | 18 |
6 | ჯიქები | 7 | 2 | 2 | 3 | 137-119 | 15 |
7 | არმია | 6 | 2 | 1 | 3 | 133-115 | 13 |
8 | აკადემია | 6 | 1 | 0 | 5 | 56-162 | 5 |
9 | ბათუმი | 6 | 1 | 0 | 5 | 80-166 | 5 |
10 | ხარები | 6 | 0 | 0 | 6 | 75-162 | 2 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია