ამბები

15:58 | 29.10.2013 | ნანახია 3233 - ჯერ

მალაღურაძე ნაკრებში 17 ქულით მოდის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ, “ბორჯღალოსანთა” შეკრებაზე გამოცხადებამდე საფრანგეთის რანგით მესამე, ნახევრადპროფესიული “ფედერალ 1” დივიზიონის მე-7 ტურის მატჩში 4 ჯარიმა, თითო-თითო არეკნი და გარდასახვა გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

დივიზიონში 17 ნოემბრამდე შესვენება ცხადდება, მანამდე კი, გუნდებმა მე-7 ტურის თამაშები გამართეს და რადგან ქართველი ლეგიონერებიდან ქულები მხოლოდ მალაღურაძემ ჩაიწერა, მიმოხილვაც მე-4 ჯგუფის თამაშებით დავიწყოთ. ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძის, გიორგი მჭედლიშვილის, ბექა ურჯუკაშვილისა და ლადო გუნიავას “ბანიერმა” “ბლანიაკს” უმასპინძლა და მალაღურაძის 17 ქულის წყალობით 22:17 იმარჯვა. მასპინძლებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს, რის გამოც სათამაშო უპირატესობა სათანადოდ ვერ გამოიყენეს და 28-ე წუთზე 80-მეტრიანი კონტრშეტევის შემდეგ ლელოც გაუშვეს.

მანამდე, მე-5 და მე-15 წუთებზე მალაღურაძეს ორი ჯარიმა ჰქონდა გატანილი, მათ შუაში ერთი ზუსტი დარტყმა სტუმრებმაც შეასრულეს და “ბანიერმა” ტაიმი 6:8 დათმო. ქართველმა მგეზავმა მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში ჯარიმებით ორჯერ დააწინაურა საკუთარი გუნდი, მაგრამ მეტოქემ ჯარიმით და არეკნით მალევე უპასუხა. და მაინც, დასკვნით 20 წუთში მასპინძლებმა იმძლავრეს. მე-60 წუთზე გატანილი ლელო მალაღურაძემ გარდასახა, “ბლანიაკმა” ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ 75-ე წუთზე ლაშამ არეკნი დაკრა და საკუთარ გუნდს 22:17 მოაგებინა.

მატჩში მონაწილეობა მასპინძელთა ხუთივე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო. მალაღურაძე სრულად გაისარჯა, მაისურაძე შესვენებისას შეცვალეს, ხოლო ურჯუკაშვილმა პირველიდან 48-ე წუთამდე ითამაში. შესვენების შემდეგ გამოჩნდა მოედანზე მჭედლიშვილი, გუნიავა კი, თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო. ამრიგად, “ბანიერს” 17 ქულა აქვს, მე-3 ადგილზეა და დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს კიდევ ორ გუნდს, რომელთაც ასევე 17-17 ქულა აქვთ.

მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმო” “ოლორონთან” სტუმრად დამარცხდა - 18:28. ქართველმა მეორეხაზელმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი დასჯილთა სკამზე გაატარა. “აჟეტმოს” პრემიალური ქულის აღება შეეძლო, მაგრამ ბოლო წუთზე ლელო-გარდასახვა გაუშვა და 13 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

პირველ ჯგუფში დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” “ვანთან” 16:20 დამარცხდა. დადუნაშვილი და აშვეთია სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, პირველმა 56 წუთი ითამაშა, ხოლო აშვეთია 52-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა. მიუხედავად მარცხისა, “მასი” 27 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს და უახლოეს მდევარს მთელი 5 ქულით უსწრებს.

მდევარი კი ნოდარ ჭეიშვილის “ნევერია”, რომელმაც ირაკლი ნინიძის “დიჟონს” 34:10 სძლია და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ნინიძე იყო, რომელიც ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად შეცვლაზე მე-12 წუთზე შევიდა. მისი “დიჟონი” 6 ქულით ბოლო ადგილზეა.

ქართულ დერბიში თემურ გელანტიასა და რევაზ გიგაურის “მონლიუსონმა” შოთა საყვარელიძისა და გიორგი ტორაძის “სენ-ჟენი” 18:3 დაამარცხა. მასპინძელთა ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და გიგაურმა გარემარბად შეუცვლელად ითამაშა, ხოლო პირველხაზელი გელანტია 54-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა განაცხადში მხოლოდ საყვარელიძე იყო, რომელიც შერკინების მესამე ხაზში სრულად გაისარჯა. ახლა “მონლიუსონი”, რომელსაც 10 ქულა აქვს ჩამოკლებული, 7 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა, ხოლო “სენ-ჟენი” 13 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

ბაჩუკი გუჯარაიძის “სენტ-ნაზერი” სტუმრად “ბობინთან” მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა - 16:22. ქართველმა ლეგიონერმა შეცვლაზე 71-ე წუთიდან ითამაშა, მისი გუნდი კი, 19 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

მეორე ჯგუფში ავთო კოპალიანის “მაკონიმ” “ტომანი” პრემიალური ქულით, 33:10 დაამარცხა და 25 ქულით ჯგუფის ლიდერია. მასპინძლებმა ტაიმი 30:0 მოიგეს და ყველაფერი იქვე გადაწყდა. ქართველმა პირველხაზელმა შეცვლაზე ბოლო 20 წუთი ითამაშა. საბა ქართველიშვილის “ჩამბერი” “ობნასთან” სტუმრად 19:50 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდის ასეთი მარცხი კი, დიდწილად 23-ე წუთზე “ჩამბერის” 9 ნომრის მიერ მიღებულმა წითელმა ბარათმა განაპირობა. ქართველის გუნდი 18 ქულით მე-5 ადგილზეა.

მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის “ვიენი” “ლა ვულტთან” 10:30 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ კვირიკაშვილი იყო, რომელიც შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 30:0 იგებდნენ, მაგრამ დასკვნით სამ წუთში ორი ლელო გაუშვეს და პრემიალური ქულა დაკარგეს. “ვიენს” 10 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.

გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონმა” გიორგი კუთარაშვილის “ანესი” 33:16 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ, “შალონი” 13 ქულით მე-8, ხოლო “ანესი” 7 ქულით ბოლო ადგილზეა.

მესამე ჯგუფში სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა თედო ზიბზიბაძის, გიორგი გაბელიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “პერიგომ”, რომელმაც “სენ ჟან დე ლუზის” უმასპინძლა და 14:9 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ ზიბზიბაძემ ითამაშა, რომელიც შუამარბას სრულად გაისარჯა. “პერიგო” 19 ქულით მე-4 ადგილზეა.

ნიკოლოზ გიორგაძის “ჰენდაი” “ლიმოჟს” დაუზავდა - 24:24. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-7 წუთზე დაშავდა და შეცვალეს. გიორგი ტალახაძის “როდეზი” ქართველის გარეშე “ლანგონთან” 7:26 დამარცხდა. “როდეზი” 10 ქულით მე-8 პოზიციაზეა, ხოლო “ჰენდაის” მხოლოდ 4 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

“ფედერალ 1”-ის მომდევნო ტურის თამაშები სამი კვირის შემდეგ, 17 ნოემბერს გაიმართება.

თეგებიფედერალ 1დავით აშვეთიადავით დადუნაშვილიარჩილ კობაურიელიზბარ ყუფარაძეშალვა სუთიაშვილიშოთა საყვარელიძეგიორგი ტორაძეირაკლი ნინიძეთემურ გელანტიარევაზ გიგაურიბაჩუკი გუჯარაიძენოდარ ჭეიშვილისაბა ქართველიშვილიგიორგი კუთარაშვილიგიორგი ჯაშიტაშვილიავთო კოპალიანიმერაბ კვირიკაშვილიზერო პეტრიაშვილითედო ზიბზიბაძეგიორგი გაბელიანიკოლოზ მაღალდაძეგიორგი ტალახაძენიკოლოზ გიორგაძელაშა მალაღურაძესიმონ მაისურაძეგიორგი მჭედლიშვილიბექა ურჯუკაშვილიმიხეილ გაჩეჩილაძემასისენ-ჟენიდიჟონიმონლიუსონისენტ-ნაზერინევერიჩამბერიანესიშალონიმაკონივიენიპერიგოროდეზიჰენდაიბანიერიაჟეტმოლადო გუნიავა

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.119935