საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ის 23 მორაგბე დაასახელა, რომლებიც 9 ნოემბერს კანადელთა წინააღმდეგ ითამაშებენ.
ახალზელანდიელი სპეციალისტის წინასწარ მონახაზში ერთი იძულებითი ცვლილება განახორციელდა. შერკინების შემკვრელად “ედიბურგელი” დიმიტრი ბასილაიას ნაცვლად გიორგი ჩხაიძე ითამაშებს. ბასილაიამ სამშაბათის ვარჯიშზე ხელი დაიზიანა და ამის გამო დაახლოებით ორი თვე გაუცდება, რის გამოც მის პოზიციას ჩხაიძე დაიკავებს, რომელიც Pro D2-ის “ტარბში” სწორედ 8 ნომრის პოზიციაზე თამაშობს.
ხვალ შუადღისას “დინამო არენაზე” კანადისა და საქართველოს ნაკრებები დასკვნით, ეგრეთწოდებულ კაპიტნის ვარჯიშებს გამართავენ, შუალედში კი, პრესკონფერენციები გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში “ბორჯღალოსნები” რაგბის საერთაშორისო რეიტინგში 1,2 ქულას ჩაიწერენ, ხოლო თუ სხვაობა 15 და მეტი ქულა იქნება, მონაგარი 1,8 ქულა იქნება. მიუხედავად ამისა, ეს ნამატი წინსვლის საშუალებას არ მოგვცემს და მომდევნო მატჩს კვლავ მე-16 საფეხურზე შევხვდებით.
ფრე 0,2 ქულას მოგვიტანს, მაგრამ ქართველთა წინსვლა ვერც ამ შემთხვევაში მოხდება. მცირე სხვაობით მარცხი 0,8 ქულას, ხოლო 15 და მეტი ქულით წაგება 1,2 ქულას წაგვართმევს და ამ შემთხვევაში ადგილის შენარჩუნება რუმინეთისა და ტონგას ნაკრებების შედეგზე იქნება დამოკიდებული. “დინამო არენაზე” თამაში 9 ნოემბერს, 16:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები კანადის წინააღმდეგ: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, კაპ.), 13. დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), 12. მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), 11. თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, ბოლნისი); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი), 2. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), 3. დავით ქუბრიაშვილი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), 4. კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), 6. ვიქტორ კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 8. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), 17. დავით ხინჩიგაშვილი (“რასინგ მეტრო”, საფრანგეთი), 18. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), 19. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), 20. გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი”), 22. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), 23. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია