ამბები

20:28 | 8.11.2013 | ნანახია 5025 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” კანადასთან ახალი ფორმით ბრუნდებიან “ეროვნულზე”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ხვალ, თბილისის დროით 16:30 საათზე, ნოემბრის სამმატჩიან ტესტ-მატჩებს დაიწყებს. “ბორჯღალოსანთა” პირველი მეტოქე კანადის ნაკრებია - გუნდი, რომელმაც 2015 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლება პირველმა მოიპოვა.

კანადელებმა ჩრდილოამერიკის შესარჩევი ეტაპი მოიგეს და ინგლისში ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის და ევროპის “ერთა თასზე” მეორე ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდებიან. ალბათობა იმისა, რომ მსოფლიო თასზე კანადელები ჩვენი მეტოქეები იყვნენ, არცთუ მცირეა; მანამდე კი, ამერიკის პირველ გუნდთან რიგით მეოთხე მატჩს გავმართავთ.

ჩვენი და “ნეკერჩხლის ფოთლების” ურთიერთობა 2009 წელს, “ჩერჩილის თასზე” დაიწყო და მაშინ, გლენდეილში ჩრდილოელებმა 42:10 დაგვამარცხეს. რევანში მალევე შედგა, როდესაც 2010 წელს კანადელები, ასევე ნოემბერში, ტესტ-მატჩის გასამართად გვეწვივნენ. “ეროვნულზე” მაშინ “ბორჯღალოსნებმა” დამაჯერებელი თამაში აჩვენეს და 22:15 იმარჯვეს, თუმცა, დასკვნით წუთებში, ქართველ გულშემატკივარს, ანგარიშში არსებული სხვაობიდან გამომდინარე, ნერვიულობა მოუწია. 2012 წელს, კანადას უკვე საქართველოს ნაკრები ეწვია და ბერნაბიში მასპინძლებმა 31:12 დაგვჯაბნეს, თუმცა, ივნისში “ბორჯღალოსანთა” უძლიერესი შემადგენლობის შეკრება მუდმივად პრობლემა რომ იყო, ორივე მარცხი, გარკვეულწილად, ამის ბრალიც იყო.

საქართველოს ნაკრები ვერც მომავალ მატჩს ხვდება ოპტიმალური შემადგენლობით, მაგრამ ეს ტრავმებითაა განპირობებული და მსგავსი პრობლემები მეტოქე გუნდსაც აწუხებს. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, ორივე გუნდი თანაბარ პირობებშია.

მომავალი თამაშის წინ, ქართულ რაგბში რამდენიმე სიახლეა. პირველი და ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ 2010 წლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები “ეროვნულ” სტადიონზე ბრუნდება, რომელსაც ახლა უკვე “დინამო არენა” ჰქვია. აღსანიშნავია, რომ ბოლოს, ქართველმა მორაგბეებმა ქვეყნის უმთავრეს არენაზე სამი წლის წინ, ნოემბერში, სწორედ კანადასთან და ერთი კვირის თავზე აშშ-სთან ითამაშეს. მაშინ ორივე მეტოქე დავამარცხეთ და ამაში, განსაკუთრებით აშშ-ს დამარცხებაში, უდიდესი წვლილი სწორედ გულშემატკივარს მიუძღვის. იმედია, ჩვენი საამაყო გუნდის მხარდასაჭერად ახლაც მრავლად მივა გულშემატკივარი, მით უმეტეს, რომ ბილეთის ფასი სულ რაღაც 3 და 1 ლარია, დიზაინი კი, სრულიად უცხო ქართული რეალობისთვის - 4-გვერდიანი და ბილეთი მატჩის პროგრამასაც მოიცავს.

მეორე და მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს ნაკრების ახალი სათამაშო ფორმა იქნება. “ბორჯღალოსანთა” ტექნიკური სპონსორი ბრიტანული კომპანია ძAღ-X გახდა, რომელიც სულ რამდენიმე წელია ბაზარზე გამოჩნდა და ქართველ მორაგბეებთან თანამშრომლობის სურვილი თავად გამოთქვა. იმედია, მათი ფორმა გამარჯვების მომტანი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს ახალი კეპებიც, რომლებიც მორაგბეებს ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობისთვის გადაეცემა - ღვინისფერი, ოქროსფერი და თეთრი, ამ უკანასკნელს ის მორაგბე მიიღებს, რომელიც 100-მატჩიან ზღვარს გადაცდება, ასეთი კი, ჯერ არავინ გვყავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კანადასთან მატჩში 70-ე კეპს მოიხვეჭს მერაბ კვირიკაშვილი და სავარაუდოდ, თედო ზიბზიბაძე, რომელიც სათადარიგოთა შორისაა და დიდი ალბათობით, შეცვლაზე ითამაშებს. ნაკრებში 60 მატჩზე მეტი აქვთ ჩატარებული ირაკლი მაჩხანელს, დავით კაჭარავას და გიორგი ჩხაიძეს. სასტარტო შემადგენლობაში მყოფთაგან ყველაზე ცოტა თამაში, თამაზ მჭედლიძეს აქვს ჩატარებული (8 თამაში), ხოლო სათადარიგოებს შორის სამია ისეთი მოთამაშე, რომელთაც ჯერ 10-მატჩიანი ზღვრისთვის არ მიუღწევიათ - ლევან ჩილაჩავა, გიორგი თხილაიშვილი და ვაჟა ხუციშვილი.

მატჩის წინა დღეს, ტრადიციული კაპიტნის ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხეს.

მილტონ ჰეიგი: “მნიშვნელობა არა აქვს, საიდანაა მწვრთნელი წარმოშობით. მთავარია, რაგბისადმი მისი და ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვეოდეს. სწორედ მე, მაიკლ ბრედლის, დიდიე ბესის და ორ ილოს, ურთიერთობის კუთხით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მე მაიკლ ბრედლის კარგად ვიცნობ, მის წინააღმდეგ მითამაშია კიდეც. მან კარგად შეავსო ის ნიშა, რომელიც ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბში არსებობდა. დიდიე ბესი საფრანგეთში მოთამაშე გამოცდილი მორაგბეების რეკომენდაციით მოვიწვიეთ. მინდა ვთქვა, რომ ამ მოკლე პერიოდში, მან ბევრი რამ შემატა ჩვენს ბიჭებს.

თამაშამდე ჩვენ მოკლე მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა, მაშინ როდესაც, კანადელები უკვე კარგა ხანია ერთად ვარჯიშობენ და გასულ შაბათს თამაშიც ჩაატარეს. მიუხედავად ამისა, თუ დავალებები ზუსტად შესრულდება და მეტოქეს ფიზიკურადაც კარგად დავუხვდებით, ვფიქრობ, კარგი შედეგი გვექნება. მომავალ სამ თამაშში ჩვენი მიზანი კარგი რაგბის ჩვენებაა, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი, საუკეთესო თვისებების წარმოჩენა იქნება”.

ირაკლი მაჩხანელი: “თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. მწვრთნელების მითითებები ადვილად ავითვისეთ. კანადა სწრაფი, კარგი გუნდია და სწორედ მათთან თამაშით უნდა გამოჩნდეს რა დონეზე ვართ. გარდა სისწრაფისა, ისინი ფიზიკურადაც ძლიერები არიან. მათ “მაორებთან” თამაშშიც ეტყობოდათ დიდი ხანი ერთად რომ ვარჯიშობენ და მხოლოდ იმიტომ დამარცხდნენ, რომ მეტოქე ძალიან ძლიერი იყო. მიუხედავად ამისა, რაღაც ნიუანსები მაინც ვიპოვნეთ და ვნახოთ, მათ გამოყენებას როგორ მოვახერხებთ”.

კანადაში რაგბის თამაში შორეულ 1864 წელს დაიწყეს, ნაკრებმა კი, პირველი თამაში 1932 წელს ჩაატარა. ის რაგბის საერთაშორისო საბჭოს წევრი 1987 წელს გახდა, პირველივე მსოფლიო თასზე მიიწვიეს და მას შემდეგ, ყველა მსოფლიო თასის მონაწილეა. 1991 წელს “ნეკერჩხლებმა” მეოთხედფინალშიც გააღწიეს, ჯამური ბალანსით კი, 25 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზე არიან. ყველაზე დიდი სხვაობით 2006 წელს ბარბადოსს სძლიეს (71:3), ხოლო თავად, 2004 წელს ინგლისთან დამარცხდნენ (0:70).

ამ მომენტისთვის, კანადელები მსოფლიოს რეიტინგში მე-14 ადგილზეა არიან და პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტანი ტაილერ არდრონი და მენეჯერი გარეტ რისი, მომავალი მატჩის წინ აქცენტს სწორედ ამ შეხვედრის სარეიტინგო მნიშვნელობაზე აკეთებდნენ.

გარეტ რისი: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი, კარგი გუნდია. ჩვენ მსოფლიოს რეიტინგში ერთმანეთთან ძალიან ახლო ვართ და ეს, მომავალ დაპირისპირებას დამატებით დატვირთვას სძენს. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო და ვერ დაგვეხმარება გუნდის კაპიტანი აარონ კარპენტერი. ის ჩვენთვის ისეთივე მორაგბეა, როგორიც თქვენთვის მამუკა გორგოძე. ჩვენ მოგვწონს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მსოფლიო თასზე ის, ჩვენი მეტოქე იქნება, თუ არა”.

ტაილერ არდრონი: “მაორებთან” ჩვენმა სათამაშო სისტემამ კარგად იმუშავა, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით. ვიმედოვნებ, ამჯერად შეცდომები ნაკლები გვექნება. კარგი, საინტერესო და დაძაბული თამაშის მოლოდინში ვართ”.

 

9 ნოემბერი. 16:30 საათი

თბილისი. “დინამო არენა”. ტესტ-მატჩი

საქართველო - კანადა

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი, 69 თამაში, 433 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, კაპ., 66 თ., 115 ქ.), 13. დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი, 65 თ., 65 ქ.), 12. მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 16 თ, 20 ქო.), 11. თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 8 თ., 15 ქ.), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 23 თ, 15 ქ.), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, ბოლნისი, 14 .); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 11 თ., 5 ქ.), 2. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 13 თ., 5 ქ.), 3. დავით ქუბრიაშვილი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 29 თ., 10 ქ.), 4. კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 12 თ.), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 54 თ., 15 ქ.), 6. ვიქტორ კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი, 23 თ., 10 ქ.), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 51 თ., 110 ქ.), 8. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 67 თ., 40 ქ.).

სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 20 თ.), 17. დავით ხინჩიგაშვილი (“რასინგ მეტრო”, საფრანგეთი, 43 თ., 20 ქ.), 18. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 7 თ., 15 ქ.), 19. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 36 თ., 5 ქ.), 20. გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 5 თ.), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 6 თ.), 22. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 69 თ., 90 ქ.), 23. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 10 თ., 52 ქ.).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

კანადა: 15. მეთ ევანსი, 14. ჯეფ ჰასლერი, 13. ქონორ თრეინორი, 12. ჰარი ჯოუნზი, 11. ფილ მაკქენზი, 10. ლიემ ანდერვუდი, 9. ფილ მაქი; 1. ჰუბერტ ბაიდენსი, 2. რეი ბარქვილი, 3. ენდრიუ თიდემანი, 4. ჯონ ფელანი, 5. ბეტ ბუქებუმი, 6. ჯებ სინკლერი, 7. ჯონ მუნლაითი, 8. ტაილერ არდრონი (კაპ.)

სათადარიგოები: 16. ჯეიკ ილნიცკი, 17. დიჯეი სიარს-დიურუ, 18. ბენუა პიფერო, 19, ტაილერ ჰოთსონი, 20. ადამ ქლიბერგერი, 21. ჯეიმი მაკქენზი, 22. ნიკ ბლევინსი, 23. ჯეიმზ პრიტჩარდი.

მთავარი მწვრთნელი: ქიარან ქროული (ახალი ზელანდია)

რეფერი: ლოურენს ვან დერ მერვე (სამხრეთ აფრიკა)

კიდეებზე: დადლი ფილიპსი (ირლანდია), ვლად იორდანესკუ (რუმინეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.265769