ამბები

22:52 | 9.11.2013 | ნანახია 7913 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” “ეროვნულზე” გამარჯვებით დაბრუნდნენ

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ქვეყნის მთავარ არენა “ეროვნულზე” სამწლიანი შესვენების დაბრუნდა და კანადის ნაკრები 19:15 დაამარცხა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ამ სტადიონზე ჩატარებული თამაშებიდან “ბორჯღალოსნებმა” არცერთი არ წააგეს და ეს ტრადიცია ამჯერადაც შენარჩუნდა.

მხოლოდ სანაკრებო დონეზე ჩატარებულ თამაშებს თუ გადავხედავთ, ქართველი მორაგბეები ამ მოედანზე ბოლოს 2003 წელს დამარცხდნენ. მაშინ მარცხი რუმინელებმა გვაგემეს, რომელმაც მანამდე აქვე 2000 წელსაც მოგვიგეს. “ეროვნულზე” გამარჯვება მოიპოვა სამხრეთაფრიკულმა კლუბმა “ბლუ ბულზმა”, ხოლო რუსები და პორტუგალიელები თითო-თითოჯერ ფრეს გამორჩნენ. და მაინც, ეს ის სტადიონია, სადაც საქართველოს ნაკრები სულ სხვა განწყობით თამაშობს და ათწლიანი დაუმარცხებელი სერიაც შემთხვევითობა სულაც არაა.

“ეროვნული” სტადიონი - როგორც მას “დინამო არენას” დარქმევამდე ეწოდებოდა, სახელიდან გამომდინარევე გულისხმობდა იმას, რომ იქ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებებმა უნდა ითამაშონ. ამ ყველაფერს ისიც დავუმატოთ, რომ მორაგბეებმა საკუთარი თავდადებული თამაშით და შედეგებით ეს დიდი ხანია დაიმსახურეს და კარგი იქნება, თუ მომავალში მაინც “ბორჯღალოსნებს” იქ თამაშში ხელი არ შეეშლებათ.

წარმატების საწინდარი მხოლოდ აურაში არ უნდა იყოს. ფაქტია, რომ თუნდაც წვიმიანი ამინდის პირობებში, “ეროვნულის” ტრიბუნებზე იმაზე მეტი მაყურებელი მივიდა, ვიდრე თუნდაც “მიხეილ მესხზე” კარგი ამინდის პირობებში იკრიბება და მათი შეძახილები, ტრიბუნების წყობით გაძლიერებული, ქართველ მორაგბეებს იმ დამატებით მუხტს მატებს, რომლის წყალობითაც შინ და მით უმეტეს ამ სტადიონზე, აგერ უკვე ათი წელია დაუმარცხებელნი არიან.

რაღა თქმა უნდა, წარმატებების საწინდარი თავად გუნდის თავდადებული და გამართული თამაშიცაა. კანადელებთან “ბორჯღალოსნებმა” პრაქტიკულად ჩააგდეს პირველი ტაიმი, მაგრამ მეორე ნახევარში მოედანზე სულ სხვა შემართებით გავიდნენ და პირწმინდად დაჯაბნეს რეიტინგში ჩვენზე წინ მყოფი, 2015 წლის მსოფლიო თასის საგზურის მქონე კანადა. ალბათ, ეს არ იყო ჩვენი გუნდის მაქსიმუმი და ვფიქრობ, მაყურებელიც მეტის მოლოდინშია, მაგრამ გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მთავარი მიზანი - “ნეკერჩხლების” დამარცხება მიღწეულია და ეს დასაფასებელია.

თამაშს დაახლოებით ორჯერ მეტი მაყურებელი დაესწრო, ვიდრე შარშან “მიხეილ მესხზე” არანაკლებ ძლიერ იაპონიასთან და ფიჯისთან. შეხვედრა შეგვიძლია ორ ნაწილად განვიხილოთ - პირველ ტაიმად, რომლის მსვლელობის დროსაც ბევრი არაფერი გამოგვდიოდა და მეორე ტაიმი, რომლის დროსაც საქართველოს ნაკრებმა მეტოქე პირწმინდად დაჯაბნა. მატჩს დაესწრო “ბორჯღალოსანთა” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ფრანგი კლოდ სორელი, რომელიც გუნდის გარჯით კმაყოფილი დარჩა და ნამატჩევს მილტონ ჰეიგს წარმატება პირადადაც მიულოცა.

საქართველოს ნაკრები მთელი კვირის განმავლობაში მზიან ამინდში ემზადებოდა, მაგრამ უშუალოდ თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე შემოდგომისთვის დამახასიათებელი წვიმა წამოვიდა. იყო ეჭვი იმისა, რომ ეს ჩვენს გუნდს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნიდა, რაც ნაწილობრივ გამართლდა კიდეც, მაგრამ კომფორტულ პირობებში არც კანადას უთამაშია. მიუხედავად ამისა, საწყის 40 წუთში სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მეტოქის მხარეს იყოს და შეიძლება ითქვას გაგვიმართლა, შესვენებაზე მხოლოდ სამქულიანი ჩამორჩენით რომ გავედით.

მატჩის დასაწყისში კანადელებმა რამდენჯერმე გადაკიდეს ბურთი ქართველთა ზურგში, რომელიც 15 ნომრად მოთამაშე მერაბ კვირიკაშვილმა ფეხითვე უკან კარგად დააბრუნა. მთლიანობაში, “მეკომ” თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ფეხით ტაქტიკური დარტყმები ძალიან კარგად შეასრულა და ამით კანადელებს პრობლემები მრავლად შეუქმნა. ჩრდილოელებს პირველი პრობლემა მე-2 წუთზე შეექმნათ, მერე ისინი რაქში დაჯარიმდნენ და კვირიკაშვილმა საშუალო დისტანციიდან ანგარიში გახსნა. თამაში კვლავ ფეხით გაგრძელდა, ირაკლი მაჩხანელმა გადაკიდებული ბურთი რომ აიღო ის ფლანგზე გაჭრილ კვირიკაშვილს გაატანა, მან ფეხითვე ითამაშა, მაგრამ ბურთი მეტოქის ნადავლი გახდა, ის ლევან დათუნაშვილმა თამაშგარიდან შებოჭა და დაჯარიმდა.

ამ ჯერზე ლიემ ანდერვუდს დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ თამაში განახლდა თუ არა ქონორ თრეინორმა ხაზი სუფთად გაჭრა, ის ჩათვლის მოედნიდან 12-იოდე მეტრში შეაჩერეს, რამდენიმე სახიფათო დარტყმის შემდეგ კი, საქართველოს ნაკრები ლელოს გადარჩა, მაგრამ დაჯარიმდა და ამჯერად ანდერვუდმა წონასწორობა აღადგინა. საწყის წუთებში ორივე გუნდის შერკინები კარგად იდგა და ამ კომპონენტში უპირატესობა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა, მაგრამ ქართველები სტუმრებს რაქებში სჯობდნენ და მეტოქე მეორად რომ დაჯარიმდა კვირიკაშვილს დაახლოებით 37 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა.

უკვე ვთქვით, რომ პირველ ტაიმში თამაში უმეტესად ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა და კანადელებმა მე-15 წუთზე მეორედ წამოიწყეს სახიფათო, სალელოვე შეტევა. სწრაფმა უკანახაზელებმა ერთი იერიშისას ორჯერ გაჭრეს ხაზი, მაგრამ შექმნილი უპირატესობით ვერ ისარგებლეს და საბედნიეროდ, ლელოს გატანის შანსი ხელიდან გაუშვეს. სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრები სამიოდე წუთში დაჯარიმდა და ანდერვუდმა 22-ის ხაზიდან სტუმრები დააწინაურა.

მართალია “ბორჯღალოსნები” მეტოქის 22-თან მიახლოვებასაც ვერ ახერხებდნენ, მაგრამ პერიოდულად კარგი კომბინაციები გამოსდიოდათ. ლაშა ხმალაძემ ფეხით რომ გადაკიდა ბურთი თამაზ მჭედლიძემ ბურთიანი მეტოქე შებოჭა და აუტში გადაიყვანა. დერეფანს მოლი, მოლს კი ჯარიმა მოყვა და კვირიკაშვილმა 33 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა. 26-ე წუთზე კანადელები უკვე კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 45 მეტრში დაჯარიმდნენ და “მეკომ” ეს დარტყმაც ზუსტად შეასრულა - 9:6.

სამწუხაროდ, მალევე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა ფეხი იტკინა და ის თედო ზიბზიბაძემ შეცვალა, ხოლო კაპიტნობა მამუკა გორგოძემ გადაიბარა. დასკვნით 10 წუთში კანადამ ორი ჯარიმა გაიტანა. 32-ე წუთზე ანდერვუდმა წონასწორობა აღადგინა, 36-ე წუთზე კი, მოედანზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და პრინციპში, თამაშის მსვლელობაში ამ მოვლენებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვიქტორ კოლელიშვილმა ანდერვუდი ყელში შებოჭა და მსაჯმაც ჯარიმა დასტვინა. ალბათ, ქართველი მესამეხაზელი მინიმუმ სინბინსაც ვერ გადაურჩებოდა, მაგრამ კანადელებმა მოთმინებას მოქმედება არჩიეს და კაპიტანი ტაილერ არდრონი ვიტოს საცემრად ეკვეთა. პასუხად კოლელიშვილისგან რამდენიმე ისეთი დარტყმა მიიღო, რომ ხელის განძრევაც ვერ მოახერხა, მაგრამ ჩხუბში ორივე გუნდი მორაგბეები ჩაერთნენ და თამაშიც რამდენიმე წუთი შეწყდა.

ჩრდილოელებმა მედგრად იჩხუბეს, მაგრამ მაინც გალახულები დარჩნენ, რეფერიმ კი, სიტუაცია რომ ჩაწყნარდა ჯერ კოლელიშვილს უჩვენა წითელი ბარათი, ხოლო 30 წამში მის გზას გალახული არდრონიც გაუყოლა. ამას დაემატა ანდერვუდისა და რეი ბარქვილის ტრავმები, ისინი შესაცვლელები გახდნენ და კანადელთა თამაშიც დიდწილად მოიშალა. მანამდე, ჯარიმა ჰარი ჯოუნზმა ზუსტად შეასრულა და კანადამ ტაიმი 12:9 მოიგო. დარჩენილ დროში მეტოქეები მოედანზე 14-14-ზე რომ დარჩნენ, იყო იმის საშიშროება, რომ სწრაფი კანადელები გაჩენილ სივრცეებს უკეთ გამოიყენებდნენ და გაძევებით საქართველოს ნაკრები დაზარალდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, მოხდა პირიქით.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აგრესიულად დაიწყო და უწინარესად, საბოლოო გამარჯვება სწორედ ამან განაპირობა. ქართველმა მორაგბეებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხეს, კანადელებმა შეცდომებს უმატეს და ეს შედეგშიც აისახა. ამასთან, ორი სასტარტო შემადგენლობის მორკინალის დაკარგვამ, სტუმრებს ხელი დაატყო და ძალაში ქართველთა უპირატესობა გამოიკვეთა. შერკინებებში ისინი უკანა ხაზის მორაგბეს იმატებდნენ, მაგრამ 7 ქართველი 8 კანადელს მაინც ჯაბნიდა და გარდა ამისა, ტრადიციული მოლიც რამდენჯერმე აგორდა.

თამაშის განახლებიდან ორიოდე წუთში, აგრესიულმა დაცვამ “ნეკერჩხლებს" შეცდომა დააშვებინა და ამას ქართველთა დერეფანი მოყვა მეტოქის 22-ში. დერეფანს მოლი მოყვა, მაგრამ სტუმრებმა მიძალების შეჩერება რომ ვერ მოახერხეს, შემტევებს გაეცალნენ და უნებლიე ბლოკისთვის მეტოქის შერკინება დაინიშნა. 50-ე წუთზე ცენტრალური ხაზის სიახლოვეს გიორგი ბეგაძემ გაჭრა ხაზი და უკვე მეტოქის 22-ში შესულმა ბურთი თედო ზიბზიბაძეს გაატანა, რომელმაც კიდევ რამდენიმე მეტრით წინ წაიწია. რაქიდან გამოსული ბურთი მამუკა გორგოძეს მიუვიდა, მაგრამ მან მისი შემაგრება ვერ მოახერხა და მეტოქე ლელოს გადაურჩა.

სამაგიეროდ, მეტოქეს კონტრშეტევა რომ არ დავანებეთ, თამაში კვლავ მათ 22-ში, აუტიდან განახლდა, გორგოძემ შეცდომა მძლავრი დარტყმით გამოასწორა, რის შემდეგაც იერიში ჯერ მარჯვენა ფლანგზე გაიშალა, მერე შეტევის მიმართულება შეიცვალა, ხმალაძემ კვირიკაშვილს უპასა, ამ უკანასკნელმა კიდით ხაზთან ზიბზიბაძე დაგეშა, რომელმაც მბოჭავი გადაჯეგა და ლელო გაიტანა. რეფერიმ გადაამოწმა, ქართველმა გვერდით ხაზს ფეხი ხომ არ დააბიჯაო და ხელი მაღლა შემართა, ხოლო კვირიკაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახვა შეასრულა და საქართველოს ნაკრები 16:12 დაწინაურდა.

56-ე წუთზე კანადელებს პირველად მიეცათ მეორე ნახევარში ლელოს გატანის შესაძლებლობა. მათ სახიფათო კონტრშეტევა წამოიწყეს, თრეინორმა ხაზი გაჭრა და ბურთი ფილ მაქს გაატანა, ერთ მცველზე სამი შემტევი გადიოდა, მაგრამ ხმალაძემ ბურთიანი კანადელი ისე შებოჭა, რომ ბურთის გატანას დიდი დრო დაჭირდა და ხიფათიც განეიტრალდა. მაგრამ ამ იერიშს ჯარიმა მოყვა და ჯოუნზმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ხუთიოდე წუთში საქართველოს ნაკრებმა დერეფნის შემდეგ კვლავ მოლი ააგორა, მეტოქე დაჯარიმდა და კვირიკაშვილმაც 4-ქულიანი ფორა დაგვიუბრუნა.

დასკვნითმა 20-მა წუთმა კვლავ ქართველთა უპირატესობით ჩაიარა და ლელოს გატანაც შეიძლებოდა. გორგოძე ორ მცველზე მივიდა და შალვა სუთიაშვილს უპასა, რომელსაც ჩათვლის მოედნამდე სულ ცოტა დააკლდა. მერე სტუმრები დაჯარიმდნენ, მაგრამ კვირიკაშვილს ჯარიმა გაუცუდდა, ხოლო მეტოქემ საკუთარი 22-იდან ხელდახელ სცადა შეტევა. კანადელებს მატჩის მოსაგებად ლელო სჭირდებოდათ, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ისეთი დაცვა ითამაშა, რომ მეტოქეს ჩათვლის მოედანთან 40 მეტრზე ახლოს მისვლა არ დაანება და მერე დაახლოებით 15-20 მეტრით უკანაც დაახევინა. ამასობაში დარჩენილი დროც ამოიწურა და საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩების პირველი შეხვედრა 19:15 მოიგო.

კანადასთან მოგებულ შეხვედრაში საუკეთესო მორაგბედ გიორგი ბეგაძე დაასახელეს და მას “ართ-თაიმმა” საჩუქრად საათი გადასცა. ახლა “ბორჯღალოსნები” ცოტას დაისვენებენ, ძალებს აღიდგენენ და 16 ნოემბრისთვის მოემზადებიან. ამ დღეს ქართველთა მეტოქე აშშ-ს ნაკრები იქნება, თამაში კი რუსთავის ახალ სტადიონზე გაიმართება და 14 საათზე დაიწყება. იმედია, ახალი ფორმით ჩატარებულ სადებიუტო მატჩში მოპოვებულ გამარჯვებას კვლავ წარმატებული სერია მოჰყვება.

ამ მოგებით საქართველოს ნაკრები რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში 1,2 ქულას მიიღებს და ჯერჯერობით კვლავ მე-16 პოზიციაზე დარჩება, მაგრამ კანადასთან და იაპონიასთან ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შემცირდება.

 

პრესკონფერენცია

ქიარან ქროული (კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეორე ნახევარში აღარაფერი გამოგვივიდა. ჩვენ ხელდახელ ვცდილობდით თამაშს, მაგრამ ხან ბურთი გვივარდებოდა, ხან აუტში გადავყავდით და რაქებშიც არაერთხელ დავკარგეთ ბურთი. ჩვენი მიზანი თამაშის მოგება იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა გვაჯობა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა”.

ტაილერ არდრონი (კანადის ნაკრების კაპიტანი): “ჩვენ ყველგან მოსაგებად დავდივართ და დღესაც გამარჯვება გვსურდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა და უფრო მათ მოგვიგეს, ვიდრე ჩვენ წავაგეთ”.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “მართალია თამაში მოვიგეთ, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ ვარ. პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, არადა, ბევრად უკეთ შეგვიძლია თამაში. შესვენებისას თავად ბიჭებიც იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ მათ კონკრეტული დავალებები მივეცი, ბურთი შევინარჩუნეთ და შედეგმაც არ დააყოვნა. პირველმა ტაიმმა უმეტესად ჩვენს ნახევარზე ჩაიარა და ეს იმიტომ, რომ ფეხით მთლად კარგად ვერ გადავდიოდით მეტოქის მხარეს. ზუსტად ამაზე გავაკეთეთ აქცენტი და შესვენების შემდეგ შედგიც მივიღეთ. შეცდომები წვიმამაც განაპირობა, ბურთი და მოედანი სველი იყო. მთლიანობაში, ჩვენი კონდიციების და მეტოქის ძალის გათვალისწინებით, შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ. 

ირაკლი მაჩხანელმა კოჭი იტკინა და ახლა ექიმთან მიდის შესამოწმებლად. ჯერ არ ვიცით შეძლებს თუ ვერა ის ერთ კვირაში თამაშს, მაგრამ მის შემცვლელ კაპიტანზე, ან სხვა მოთამაშის გამოძახებაზე ჯერ არ მიფიქრია. რაც შეეხება პირველი ტაიმის მიწურულს მომხდარ ინციდენტს, მე მესმის, რომ ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ რაგბის მოყვარულს ეს არ მოეწონებოდა. საერთაშორისო დონეზე მსგავსი რამ თითქმის არ ხდება. მოთმენა უნდა ვისწავლოთ და ვიტოსაც რომ მოეთმინა მეტოქის გამოხდომა, შესაძლოა მხოლოდ ის დასჯილიყო და ჯარიმის შესრულების უფლებაც ჩვენ გადმოგვცემოდა”.

შალვა სუთიაშვილი (საქართველოს ნაკრების მორაგბე): “კანადასთან მეოთხედ ვითამაშეთ და საერთო ანგარიში გავათანაბრეთ (2:2). ჩემის აზრით, კანადის ნაკრები ახლა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე შარშან, სტუმრად რომ ვეთამაშეთ. ჩვენი თამაში ამინდმა გაართულა. მთელი კვირა მზეში ვემზადებოდით, თამაშის დღეს კი, წვიმა წამოვიდა. ამან პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშის სტილი შევცვალეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. მინდა მადლობა მინდა გადავუხადი იმ ხალხს, რომლებმაც ბოლომდე მხარი დაგვიჭირა. გულშემატკივარს ვპირდებით, რომ აშშ-სთანაც ბოლომდე ვიბრძოლებთ და კვლავ ვეცდებით მათ გახარებას. ვფიქრობ, ერთ კვირაში ჩვენი თამაში კიდევ უფრო უკეთესი იქნება”.

 

9 ნოემბერი

თბილისი. “დინამო არენა”. ტესტ-მატჩი. 15000 მაყურებელი

საქართველო - კანადა 19:15 (9:12)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი (22. თედო ზიბზიბაძე 28), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. დავით ხინჩიგაშვილი 58), 2. შალვა მამუკაშვილი (16. სიმონ მაისურაძე 73), 3. დავით ქუბრიაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 58), 4. კონსტანტინე მიქაუტაძე (19. შალვა სუთიაშვილი 67), 5. ლევან დათუნაშვილი (20. გიორგი თხილაიშვილი 78), 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. გიორგი ჩხაიძე.

სათადარიგოები: 21. ვაჟა ხუციშვილი, 23. ბექა წიკლაური.

1 ლელო: ზიბზიბაძე

1 გარდასახვა: კვირიკაშვილი

4 ჯარიმა: კვირიკაშვილი

გაძევება: კოლელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

კანადა: 15. მეთ ევანსი, 14. ჯეფ ჰასლერი, 13. ქონორ თრეინორი, 12. ჰარი ჯოუნზი, 11. ფილ მაკქენზი, 10. ლიემ ანდერვუდი (22. ნიკ ბლევინსი 36), 9. ფილ მაქი; 1. ჰუბერტ ბაიდენსი, 2. რეი ბარქვილი (16. ჯეიკ ილნიცკი 36), 3. ენდრიუ თიდემანი (17. დიჯეი სიარს-დიურუ 41), 4. ჯონ ფელანი, 5. ბეტ ბუქებუმი, 6. ჯებ სინკლერი, 7. ჯონ მუნლაითი, 8. ტაილერ არდრონი (კაპ.)

სათადარიგოები: 18. ბენუა პიფერო, 19, ტაილერ ჰოთსონი, 20. ადამ ქლიბერგერი, 21. ჯეიმი მაკქენზი, 23. ჯეიმზ პრიტჩარდი.

5 ჯარიმა: ანდერვუდი (3), ჯოუნზი (2)

გაძევება: არდრონი

მთავარი მწვრთნელი: ქიარან ქროული (ახალი ზელანდია)

რეფერი: ლოურენს ვან დერ მერვე (სამხრეთ აფრიკა)

კიდეებზე: დადლი ფილიპსი (ირლანდია), ვლად იორდანესკუ (რუმინეთი)

 


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.289645