საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც 9 ნოემბერს “დინამო არენაზე” კანადის ნაკრები 19:15 დაამარცხა, მომავალი შეხვედრის წინ ორი მორაგბე დაემატა.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შეკრებაზე დამატებით მხოლოდ “ტარბის” მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე გამოცხადდება, თორემ გიორგი შკინინი გასულ კვირაშიც გუნდთან ერთად ემზადებოდა. “არმიას” გარემარბი და გამოცდილი “ბორჯღალოსანი”, რომელსაც ლელო 2007 წლის მსოფლიო თასზე თვით ირლანდიის ნაკრებისთვის აქვს გატანილი, კანადასთან მატჩისწინა გაფართოებულ შემადგენლობაში არ იყო, მაგრამ რეალურად ნაკრებთან ერთად ემზადებოდა. ჯერჯერობით უცნობია აშშ-სთან ითამაშებს თუ ვერა გუნდის კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი, რომელმაც კანადასთან შეხვედრის პირველ ტაიმში კოჭი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქმნა. თუ ექიმების საბოლოო ვერდიქტი არადამაკმაყოფილებელი იქნება, მაშინ მას სწორედ შკინინი შეცვლის.
გიორგი ნემსაძემ შაბათს კლუბის შემადგენლობაში საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონში ითამაშა და მისი გამოძახება აუცილებლობამ გამოიწვია. ჯერ კიდევ კანადელებთან შეხვედრამდე, ვარჯიშზე დაშავდა დიმიტრი ბასილაია და ის დაახლოებით ორი თვე ვერ ითამაშებს, ახლა კი, გუნდს ვიქტორ კოლელიშვილიც დააკლდება. მართალია რაგბის საერთაშირსო საბჭოს მისთვის დისციპლინარული სასჯელი ჯერ არ გამოუტანია, მაგრამ წითელი ბარათის მიღება ავტომატურად ნიშნავს მინიმუმ ერთი კვირა დასვენებას და ის აშშ-სთან “ბორჯღალოსნებს” ვერაფრით დაეხმარება.
ნემსაძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჩილეს წინააღმდეგ ჰქონდა და დებიუტი მაშინ ლელოთი აღნიშნა. სულ მას 31 კეპი აქვს მოხვეჭილი და 7 ლელოც გაიტანა. შკინინმა “ბორჯღალოსანთა” მაისური პირველად 2004 წელს ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშა და მას შემდეგ 35 მატჩში 6 ლელო გაიტანა.
საქართველოსა და აშშ-ს ნაკრებები ერთმანეთს 16 ნოემბერს, რუსთავის ახალ სტადიონზე შეერკინებიან. შეხვედრა 14 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი, 3 ლარია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია