ამბები

16:49 | 11.11.2013 | ნანახია 2951 - ჯერ

Pro D2-ში ქართველები კიდევ დარჩნენ

 

სანამ საქართველოსა და მსოფლიოში ნოემბრის ტესტ-მატჩები მიმდინარეობდა, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში მე-10 ტურის შეხვედრები ჩატარდა და მასში ხუთმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.

ქართული დერბი შედგა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბისა” და ლევან დათუნაშვილის და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკის” შეხვედრაში. ჩხაიძე და დათუნაშვილი თბილისში კანადის ნაკრებს ამარცხებდნენ, დანარჩენები კი, კლუბის წარმატებისთვის იბრძოდნენ. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ნემსაძე და მირცხულავა – პირველხაზელმა 49, ხოლო მეორეხაზელმა 72 წუთი ითამაშა. სტუმართა შორის 67-ე წუთიდან შეცვლაზე შევიდა ნაცარაშვილი.

“ორიაკმა” მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია, რომელიც 14:16 დათმო. “ტარბმა” თავისი მეორე ლელო მატჩის განახლებისთანავე გაიტანა, 59-ე წუთზე მონაგარს ჯარიმა შემატა, ხოლო დასკვნით 10 წუთში საბოლოოდ გაილაღა, სამი ლელო მიითვალა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. “ორიაკს” 27 ქულა დარჩა და მე-5 პოზიციამდე დაქვეითდა. “ტარბი” მე-9 საფეხურზე დარჩა, მაგრამ უკვე 23 ქულა აქვს და საპლეიოფო მე-5 ადგილს ერთი მოგებაღა აშორებს.

ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბიმ” “ნარბონს” 28:24 სძლია. ქართველ ლეგიონერთაგან ტრადიციულად განაცხადში მხოლოდ გარემარბი თოდუა იყო და მან სრულად ითამაშა, ხოლო თეთრაშვილი შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდა. თამაში სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მეორე ნახევრის დასაწყისში მათ 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (17:6), მაგრამ საათის თავზე “ალბიმ” ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. 64-ედან 74-ე წუთამდე სამი ჯარიმა გაიტანა და 25:17 დაწინაურდა. 76-ე წუთზე ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე უკვე სტუმრებმა დაიყვანეს, მაგრამ მერე “ალბიმ” ერთი ჯარიმაც გაიტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქართველთა გუნდი კვლავ მე-13 პოზიციაზე რჩება, მაგრამ ახლა უკვე 17 ქულა აქვს.

40 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის “ლიონი”, რომელმაც “ბურგონს” უმასპინძლა და 22:6 დაამარცხა. კოლელიშვილი “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო კავთიძე ტრავმირებულია. ლიონელებმა სამი უპასუხო ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც აიღეს. 38 ქულით მეორე ადგილზეა ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, რომელმაც ქართველის გარეშე პრემიალური ქულით დაამარცხა “კოლომიერი” - 37:13.

თორნიკე ლომიძის “ოშიმა” თამაზ მჭედლიძისა და მერაბ შარიქაძის “ბურგ-ან-ბრესი” 16:11 დაამარცხა. ლომიძე განაცხადში არ იყო, ხოლო სტუმართა უკანახაზელები საქართველოს ნაკრებთან ერთად კანადას ამარცხებდნენ. “ოშსაც” და “ბურგ-ან-ბრესსაც” 14-14 ქულა აქვთ და ბოლო ადგილებს იყოფენ (15-16).

ტარიელ რატიანიძის “აჟენი” “პოს” ქართველი ლეგიონერის გარეშე ეწვია და მინიმალური სხვაობით, 11:12 დამარცხდა. “”აჟენი” 32 ქულით მე-3 ადგილზეა. ბექა შეყლაშვილის გარეშე ეწვია “ბეზიე” “მონ-დე-მარსანს” მატჩი ფრედ - 11:11 დასრულდა. “ბეზიე” 18 ქულით მე-11 ადგილზეა. ახლა Pro D2-ში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდა და თამაშები 23 ნოემბერს განახლდება. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.14036