საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ის მე-19 ტურის პირველ შეხვედრაში, ანტონ ფეიქრიშვილის“ბეიონმა“ „ბურგუენს“ სტუმრად 20:18 სძლია და მეორე პოზიციაზე გამაგრდა.
ბასკებმა აქცენტი ძლიერ მხარეზე, შერკინებაზე გააკეთეს და სეზონში მეოთხე გასვლითი მატჩი მოიგეს. დაძაბული ბრძოლის პირველი ტაიმი „ბურგუენმა“ 15:10 მოიგო და 50-ე წუთზე უპირატესობა კიდევ სამი ქულით გაზარდა, მაგრამ დაღლილობასთან ერთად დისციპლინაშიც შეექმნა პრობლემები. 58-ე წუთზე სტუმრებმა თავისი მეორე ლელო გაიტანეს და გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, 76-ე წუთზე კი, გამარჯვების მომტანი ჯარიმა სამხრეთაფრიკელმა უილ დუ პლესმა შეასრულა - 20:18.
„ბეიონის“ განაცხადში იყო, შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა და 30 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურჯმა ანტონ ფეიქრიშვილმა.
ტურის 6 შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება. „ალბი“ „კოლომიეს“ უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას ბექა შეყლაშვილი მიიღებს, რომელიც მასპინძელთა თადარიგშია. „ორიაკი“, რომლის სასტარტო შემადგენლობაშიც ლევან დათუნაშვილი და მერაბ შარიქაძე არიან, „ნარბონს“ ეთამაშება - ტარიელ რატიანიძე თადარიგშია. „კარკასონი“ „ბეზიეს“ ეთამაშება, ხოლო „დაქსი“ „მონტობანს“ მასპინძლობს. „ექს-ან-პროვანსი“ ლიდერ „ლიონს“ ეწვევა. სტუმართა განაცხადშია გიორგი ზაქაშვილი. „ტარბი“ „მონ-დე-მარსანს“ შეხვდება და განაცხადში გიორგი ნემსაძე და ირაკლი მირცხულავა არიან. ტურის ბოლო მატჩში, 21 თებერვალს, „ბიარიცი“ „პერპინიანს“ მასპინძლობს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია